ნათია თურნავა: ენერგეტიკული რეფორმის ამოცანაა ენერგობაზარი გახდეს უფრო ღია და კონკურენტული, მომხმარებელი კი მეტად დაცული

0

“საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამინისტრო ვახორციელებთ მასშტაბურ რეფორმას ენერგეტიკის სექტორში, რომლის ამოცანაა ჩვენი ენერგეტიკული ბაზარი დაემსგავსოს ევროპულ ენერგობაზარს და გახდეს უფრო ღია, უფრო კონკურენტული, ჩვენი მომხმარებელი კი უფრო მეტად დაცული,” -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ენერგეტიკული კვირეულის ფორუმზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რეფორმის ფარგლებში გაიზარდა დერეგულირებული ბაზრის ნაწილი, დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, პარლამენტმა კი რეფორმის საკანონმდებლო ბაზა მიიღო.

“ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის წყალობით შემცირდა ზეწოლა ტარიფებზე, რასაც ბიზნესი ითხოვდა და ყველა გამოწვევის მიუხედავად შევძელით მოსახლეობისა და მცირე ბიზნესისთვის ტარიფების უცვლელად შენარჩუნება,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციების მოზიდვას ენერგოსექტორში. ნათია თურნავამ დაასახელა რამდენიმე მათგანი, მათ შორის, „ნამახვანი ჰესი”, რომელიც წელს მშენებლობის ეტაპზე გადავა, ასევე 250 მგვტ სიმძლავრის 4 ახალი ქარის სადგურის პროექტი, რომლებიც უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ და ინვესტორები ამჟამად სამშენებლო ნებართვის მიღებას ელოდებიან.

„დიდი წარმატება იყო გორის ქარის სადგურის პრივატიზება, რაც იმას ადასტურებს, რომ მდგრადი და მიმზიდველი პროექტია. ჩვენ ასევე ვგეგმავთ მზის ენერგოპროექტების დაწყებას. რაც მთავარია, ბაზრის გახსნამ შესაძლებელი გახადა, რომ მცირე და საშუალო ჰესები ვითარდება ყოველგვარი გარანტირებული შესყიდვის ტარიფის გარეშე. ასეთი უკვე 24 პროექტია. ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი