კოლორადო-სითი — ნამდვილი ჯოჯოხეთი ქალებისთვის
ითვლება, რომ ქალებისთვის ყველაზე ცუდი ადგილი ავღანეთია, თუმცა აშშ-ში არსებობს ქალაქი, რომელიც კიდევ უფრო საშინელია.
ეს არიზონაში მდებარე კოლორადო-სითია, ფუნდამენტალისტი მორმონების ქალაქი, სადაც ერთ-ერთ ყველაზე დესტრუქციულ რელიგიურ სწავლებას ქადაგებენ. ამის შესახებ ჰყვება ქეროლაინ ჯესოპი – ქალი, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრობდა და რომელმაც დაწერა წიგნი „გაქცევა“.
ქეროლაინმა ქმრისგან თავის დაღწევა და იმ საზოგადოების დატოვება 2003 წელს მოახერხა. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც ეს გააკეთა ისე, რომ ყველა შვილს არ დაშორებია. გაქცევის დროს მას 8 შვილი ჰყავდა. ერთ-ერთი მათგანი ჩვილი გახლდათ, კიდევ ერთი კი, შშმ პირი. უფროსები მტრულად იყვნენ განწყობილნი დედის და მისი წასვლის იდეის მიმართ.
ქეროლაინის ქმარი მასზე ოცდაათი წლით უფროსი იყო. გაქცევის დროს, ქეროლაინის გარდა, მას კიდევ ექვსი ცოლი ჰყავდა. უზარმაზარ ოჯახში, რომელშიც ერთდროულად 30-მდე ბავშვი ცხოვრობდა, ჩვეულებრივ ამბად ქცეულიყო ფიზიკური და ემოციური ძალადობა, წახალისებულიყო ერთმანეთის დაბეზღება, მიუღებელი გამხდარიყო მეგობრული კავშირები და დაგმობილიყო დედა-შვილს შორის სიახლოვე.
როგორია ქალებისა და მათი შვილების ცხოვრება ამ საზოგადოებაში:
- საზოგადოებაში ქალებს აბსოლუტურად არანაირი უფლება არ აქვთ;
- ბავშვებზე ძალადობენ როგორც მათი მამები, ასევე კაცების სხვა ცოლები და და-ძმები;
- კაცს უნდა ჰყავდეს, მინიმუმ, სამი ცოლი, რათა „ხსნა“ მიიღოს. ასეთი მოთხოვნა იწვევს უზარმაზარ კონკურენციას მამაკაცებს შორის, რის გამოც, 13-დან 21 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცებს სხვადასხვა საბაბით აძევებენ თემიდან;
- პატარძლების ნაკლებობა არასრულწლოვანთა იძულებით ქორწინებას იწვევს. ხშირად ხდება მჭიდრო ნათესაური კავშირების მქონეთა ქორწინებები, მამინაცვალი შეიძლება დაქორწინდეს მეუღლის ქალიშვილზე და ა.შ;
- ქორწინების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს „წინასწარმეტყველი“ (ეკლესიის წინამძღოლი). მას შეუძლია ქმარს ცოლი წაართვას ყველა შვილთან ერთად და გადასცეს სხვა კაცს, თუ ის გადაწყვეტს, რომ წინა ქმარი საკმარისად რელიგიური არ არის ან, უბრალოდ, არ არის მისი ღირსი;
- ქალს არ ეკრძალება მუშაობა (პირიქით, წახალისებულია, განსაკუთრებით, ქმრის საწარმოებში), მაგრამ მან თავისი შემოსავალი ქმარს უნდა გადასცეს;
- 2000-იანი წლების დასაწყისში კიდევ ერთმა „წინასწარმეტყველმა“ რეკომენდაცია გაუწია ყველა ბავშვის სახლში სწავლას, რათა მათ, პრაქტიკულად, შეწყვიტონ განათლების მიღება.
წიგნში ქეროლაინი საშინელ პირად გამოცდილებაზე წერს. მისი ქმარი საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მამაკაცი იყო (და როგორც ჩანს, ახლა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, სწორედ ის იკავებს მოქმედი „წინასწარმეტყველის“ ადგილს). ქალს ძალიან გაუჭირდა – თავიდან, უბრალოდ, გაიქცა, იპოვა მხარდაჭერა და შემდეგ მოიგო სასამართლო მეუღლესთან ერთად ბავშვის მეურვეობის შესახებ. მას უფროს ბავშვებთან ბრძოლაც კი უწევდა, რომლებსაც ეშინოდათ რელიგიის წინააღმდეგ წასვლის. სამწუხაროდ, ქალიშვილებიდან უფროსი, რომელიც სრულწლოვანებას დაელოდა, საბოლოოდ დაბრუნდა საზოგადოებაში.
ქეროლაინ ჯესოპი გადარჩა და სიყვარულიც კი იპოვა. ფოტოზე ის მეუღლესთან ერთადაა.