პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივა მშვიდობის მშენებლობისათვის“ მონაწილეებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების „ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით ბათუმში პროექტი – „ახალგაზრდული ინიციატივა მშვიდობის მშენებლობისათვის“ მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი მოიცავს ლექციებს ისეთ თემებზე, როგორებიცაა მოლაპარაკებების ხელოვნება, ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ევროპული პერსპექტივის კონტექსტში და მასმედიის გავლენა კონფლიქტების დარეგულირებაზე. ასევე, ღონისძიებით დაგეგმილი სემინარები მონაწილეებს მისცემს პრაქტიკულ გამოცდილებას პროექტების წერის, PR დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიმართულებით.

პროექტის გახსნითი ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, სამინისტროს წარმომადგენლებთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეებს შეხვდა და მათ წარმატებები უსურვა.

„საინტერესო შეხვედრა გვქონდა, ბათუმში პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივა მშვიდობის მშენებლობისათვის“ მონაწილეებთან.

პირველ რიგში მადლობას ვუხდი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოებას „ერთობა ხვალისთვის“, სოფელ ფერიის საჯარო სკოლას, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საოცარი პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისთვის.

მახარებს, რომ პროექტში ჩართული არიან როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ისე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, სოფელ ფერიის საჯარო სკოლის ახალგაზრდები, მათი მოტივაცია, სურვილი, მონდომება, ერთობლივი ზრუნვა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მიმართულებით მეტის გასაკეთებლად, როგორც ინიციატივების, პროექტების, ისე დონორებთან თანამშრომლობის კუთხით.

განსაკუთრებით ხაზგასასმელია მათი დამოკიდებულება, ჯანსაღი ხედვა და მიდგომა როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართ, ასევე, ჩვენი ევროპული გზის მიმართ.

ჩვენს სოხუმში, მალე ერთად – ქართველებმა და აფხაზებმა უნდა ავაშენოთ ერთიანი და ძლიერი ევროპული სახელმწიფო და ამ გზაზე, ახალგაზრდების ძალა და ენერგია ნამდვილად არის ის, რაც გაგვაერთიანებს და გაგვაძლიერებს“, – განაცხადა დავით ფაცაციამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები