გზა სამუდამო პატიმრობიდან მილიონრობამდე – ისტორია მოძალადეზე, რომელმაც ლატარიაში მოიგო
ცხოვრება ყოველთვის არ არის სამართლიანი. ზოგჯერ იღბალი იმისკენაა, ვინც ამას ყველაზე ნაკლებად იმსახურებს. ინგლისელი იოუორთ ჰოერის ისტორია ამის შესანიშნავი მაგალითია. 1989 წელს მამაკაცი არაერთი გაუპატიურებისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, 2004 წელს კი, ის ციხიდან გაუსვლელად და ოდნავი ძალისხმევის გარეშე, მილიონერი გახდა.
დიდი ბრიტანეთის პოლიცია 10 წელზე მეტხანს ეძებდა იოუორთ ჰოერს. 70-იანი წლების შუა ხანებიდან მან, გაუპატიურების განზრახვით, ქალებზე რამდენიმე თავდასხმა ჩაიდინა. უმეტეს შემთხვევაში, იოუორთმა მოახერხა თავისი გეგმების შესრულება. სამართალდამცავი ორგანოები არ ასახელებენ მოძალადის მსხვერპლთა რაოდენობას და არც მისი დანაშაულის დეტალებს. მისი მხოლოდ ერთი მსხვერპლი გახდა საჯაროდ ცნობილი – შირლი ვუდმანი.
თავდასხმის დროს 59 წლის ვუდმანი მუშაობდა დირექტორად ლიდსის ერთ-ერთ სკოლაში, იმ ქალაქში, სადაც ჰოერი ცხოვრობდა. მეტიც, დამნაშავე ამ სკოლაში სწავლობდა და სავარაუდოდ, იცნობდა მსხვერპლს. ის ვუდმენს თავს დაესხა გვიან ღამით პარკში და, სავარაუდოდ, ვერ მიხვდა, ვინ იყო მისი მსხვერპლი. თუმცა, ქალმა თავდამსხმელი იცნო. მოძალადე სწორედ მისი წყალობით დააკავეს.
ჰოერმა დანაშაული 1988 წელს, სკოლის დამთავრებიდან მრავალი წლის შემდეგ ჩაიდინა, მაგრამ ვუდმენმა ის მაინც მარტივად გაიხსენა. ამის შემდეგ შესაძლებელი გახდა დამტკიცებულიყო მამაკაცის მონაწილეობა სხვა თავდასხმებში, რომლებიც ლიდსსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გასული ათწლეულის განმავლობაში განხორციელდა.
1989 წელს სასამართლო პროცესი გაიმართა და დამნაშავეს მიესაჯა ბრიტანეთისთვის უმაღლესი სასჯელი – სამუდამო პატიმრობა. თითქოს, სამართალი აღსრულდა – ბოროტმოქმედმა მიიღო ის, რაც დაიმსახურა, მაგრამ ბედმა სხვაგვარად დაადგინა. მრავალი წლის შემდეგ მთელი დიდი ბრიტანეთი ისევ მასზე საუბრობდა.
2004 წელს ჰოერი განაგრძობდა თავისი სასჯელის მოხდას, თუმცა… 15 წლის განმავლობაში, მას არ შეუქმნია არავითარი პრობლემა ციხის დაცვისთვის, ამიტომაც კარგი საქციელისთვის სერიოზული დათმობები მიიღო. მას შაბათ-კვირას ციხის კედლების დატოვების შესაძლებლობა ჰქონდა. პატიმარი ვაჭრობდა, დადიოდა კინოსა და კაფეებში, საღამოს კი, საკანში ბრუნდებოდა.
ერთ-ერთი ასეთი გასეირნებისას იოუორთმა ლატარიის ბილეთი იყიდა. მან გაიმარჯვა, ხოლო თანხა სოლიდურზე მეტი იყო – 7,2 მილიონი ფუნტი სტერლინგი. ეს არ გახლდათ ბედის ერთადერთი საჩუქარი. პატიმარს მალევე აცნობეს, რომ მისი ერთ-ერთი მოთხოვნა, პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, დაკმაყოფილდა. ასე რომ, ჰოერის გაშვება ერთი წლის შემდეგ დაიგეგმა.
ძნელი წარმოსადგენი არაა, რა ხდებოდა ჰოერის გულში. ის მალე გახდებოდა არა მხოლოდ თავისუფალი, არამედ მდიდარიც! ათობით ბრიტანულმა გამოცემამ დაწერა გაუპატიურების სერიებში მსჯავრდებული მამაკაცის იღბალზე. მოძალადისთვის ყველაფერი კარგად დასრულდებოდა, რომ არა შირლი ვუდმანი, რომელიც კვლავ გამოჩნდა იოუორთის ცხოვრებაში.
ქალმა ეს ამბავი პრესიდან შეიტყო. ის არ თვლიდა, რომ ჰოერმა სრულად გამოისყიდა თავისი დანაშაული და მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების გამო, გაბრაზებული იყო. შესაბამისად, გადაწყვიტა, სამართლიანობისთვის ებრძოლა.
ვუდმანმა ვერ მოახერხა, რომ სასამართლოს გადაეხედა ჰოერის საქმე და იგი გისოსებს მიღმა დაეტოვებინა. მან, ასევე, ვერ მოიგო მისი და მოძალადის სხვა მსხვერპლთა კომპენსაციის მოთხოვნა. რაც ამაში ხელს უშლიდა, იყო ის, რომ იოუორთის სისხლის სამართლის საქმეებზე ხანდაზმულობის ვადა ამოწურული გახლდათ. მიუხედავად ამისა, შირლი დანებებას არ აპირებდა. საზოგადოების მხარდაჭერით, მან შეძლო კანონის შეცვლა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მსხვერპლთათვის კომპენსაციის გადახდის შესახებ.
საქმე გახმაურდა. ვუდმანმა იოუორთის ლატარიის ანგარიშის გაყინვა მოახერხა. 2005 წელს, გათავისუფლების შემდეგ, მამაკაცმა ვერ შეძლო, სრულად ესარგებლა მოგებული თანხით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას თვეში მხოლოდ 8 666 ფუნტის გამოყენების უფლება ჰქონდა. თანხა ცოტა არ იყო, მაგრამ მილიონებთან შედარებით, ნამდვილად არაფერია.
ჰოერმა ლატარიის ფონდის რწმუნებულებს უჩივლა. რადგან ლატარია ეროვნული იყო, მოპასუხეს სახელმწიფო წარმოადგენდა. ამის გამო, რა თქმა უნდა, საქმის განხილვა გაჭიანურდა და მოსარჩელეს კარგ ადვოკატებზე ფულის დახარჯვაც მოუწია. ამასობაში, „ვუდმანის კანონი“ ძალაში შევიდა და ჰოერს ზიანის ანაზღაურებისთვის 50 000 ფუნტი დააკისრეს. მეტიც, მას, ასევე, დაევალა 800 ათასის ოდენობის იურიდიული ხარჯების ანაზღაურება. ფული იოუორთის ანგარიშიდან ისე აიღეს, მას არც კი შეატყობინეს.
შირლი ვუდმანმა მისთვის განკუთვნილი მთელი თანხა ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად ფონდში გადარიცხა. ყოფილმა პატიმარმა ამაზე ზეგავლენა ვერ მოახდინა, ამიტომ ყურადღება ლატარიის ფონდზე გადაიტანა. ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ ანგარიშზე დარჩენილი თანხის მიღების უფლება ჰქონდა.
როგორ ცხოვრობს ახლა მილიონერი ჰოერი
სასამართლოები 2023 წლამდე გაგრძელდა და ჰოერმა საბოლოოდ გაიმარჯვა. 70 წლის მამაკაცს ფული გადაეცა და პროცენტი დაემატა. გაზეთებმა კვლავ დაიწყეს იღბლიანი მოძალადის ამბავზე წერა, მაგრამ ვუდმენმა ამაში ჩარევა ვეღარ შეძლო – სამწუხაროდ, ქალი 2022 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისმა ქალიშვილმა ჰოერს ქველმოქმედებისთვის ფულის გადაცემის თხოვნით მიმართა, მაგრამ მამაკაცმა ამ თხოვნას არც კი უპასუხა.
ჰოერი ახლა ცხოვრობს სოფელში, მოგებული ფულით ნაყიდ სახლში. ის დაქორწინდა და ბოჰემური ცხოვრება დაიწყო. ყოფილი სერიული მოძალადე ხელოვნების ნიმუშებს აგროვებს.