ეკა სეფაშვილის თქმით, თანამედროვე ევროპაში მოქმედი ორმაგი სტანდარტები, რომლითაც არსებული პოლიტიკური სპექტრი მოქმედებს, საქართველოსთვის მიუღებელია, ვინაიდან ის ეფუძნება შერჩევით პრინციპებს.
„ძველსა და ახალ ევროპას შორის განმასხვავებელი არის ერთი მომენტი – ძველ ევროპაში არა მარტო აღიარებდნენ და ქადაგებდნენ ღირებულებებს, არამედ მტკიცედ და განუხრელად იცავდნენ მას. ახალ ევროპაში მხოლოდ აღიარებენ და ქადაგებენ და არანაირად არ იცავენ ამ ღირებულებებს. ეს არის ფუნდამენტური განსხვავება ძველსა და ახალ ევროპას შორის და ამიტომაა, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს მათ ორმაგ სტანდარტებზე მითითება და საზოგადოების ყურადღების მიქცევა იმაზე, როგორ განსჯიან ხოლმე საქართველოს ამ სტანდარტების გამოყენებით. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა, რომელიც ამ ღირებულებებს არა მარტო ახმოვანებს, არამედ განუხრელად იცავს ნებისმიერი ქვეყნის მიმართ და არ იყენებს მხოლოდ თავისთვის ან შერჩევით,” – განაცხადა „ხალხის ძალის” წევრმა.
ეკა სეფაშვილმა ევროპის მხრიდან ორმაგი სტანდარტის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, მათ შორის განსხვავებული აზრის მქონე ჟურნალისტების დევნის ფაქტების შეუფასებლობა და საპროტესტო აქციების რადიკალიზმის შემთხვევების რომანტიზება.
„ამ დღეების განმავლობაში, როდესაც მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ვიხილეთ გაუგონარი ძალადობა მედიის წარმომადგენლებზე. კერძოდ, POSTV და „იმედის” ჟურნალისტების მიმართ. გინახავთ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ან საელჩო გამოსულიყო განცხადებით და სპეციალურად დაეგმო თავისუფალ მედიაზე ეს გაუგონარი ძალადობა? ანუ, რას ნიშნავს – შერჩევითაა სამართალი და შერჩევითაა სიტყვა თავისუფალი?
 მეტიც, ახლა მიმდინარეობს საპროტესტო აქციები, ეს არის აზრის გამოხატვის თავისუფლება და დიახ, მათ შეუძლიათ გამოხატონ აზრი თავისუფლად, სანამ დაიცავენ მშვიდობიან დღის წესრიგს და არ გადავლენ ძალადობასა და აგრესიაზე. მეორე მხრივ, რას ვხედავთ? შარშან ანალოგიური აქციების დროს ადამიანი, რომელიც შეეცადა პოლიციელის ცოცხლად დაწვას, რაც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ წინასწარ დაგეგმილი აქტი იყო, მთელი ეს ვითომდა ევროპელები (მე მათ ევროპელებს არ ვუწოდებ) ფოტიგები, ფონ კრამონები და ჩვენი ე.წ. პრეზიდენტი გამოვიდნენ და ამ ქმედების რომანტიზებას ცდილობენ.
თურმე წინასწარ განზრახული ქმედება მოსაწონია, თუ ის ევროპულობის იდეით ხორციელდება. ასეთი იდეებით იყო შეპყრობილი საბჭოთა კავშირი, ნაციზმი და ფაშიზმი და გამოდის, რომ ჩვენ ამას ვუწყობთ ხელს? არავითარ შემთხვევაში,” – კატეგორიულობით აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.