“ბზა წითელ ნუსხაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაშენების რისკი უდგას” – როგორია “ეროვნული სატყეო სააგენტოს“ მონაცემები ბზის უკანონო მოპოვებაზე

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ბზის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ “ეროვნული სატყეო სააგენტოს“ უფროსის მოადგილემ, დავით დამენიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

” ბოლო 2 კვირის განმავლობაში ბზის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოვლინდა. გუშინ 1 სამართალდარღვევა აღმოვაჩინეთ, რომელიც რაოდენობიდან გამომდინარე საკმაოდ მასშტაბური იყო. სახელმწიფო ტყეში 165 ერთეული ტოტის ჭრა დაფიქსირდა, რომელიც სიგრძეში 30 სანტიმეტრზე მეტი იყო. აღნიშნული ფაქტი სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ იმერეთის რეგიონში გამოვლინდა. მიმდინარეობს საქმის ადმინისტრაციული წარმოება, ზიანის დათვლა.
უნდა ითქვას, რომ უკანონო მოპოვების გამოვლენის ფაქტები წინა წლებთან შედარებით შემცირებულია. თუმცა, სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები ჯერ კიდევ გვაქვს”, – განაცხადა დამენიამ.

მანვე განმარტა, რა სანქციები მოქმედებს სამართალდარღვევის შემთხვევაში.

“ჭრის შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი თუ 1 000 ლარს აღემატება, სისხლის სამართლის დანაშაულთან გვაქვს საქმე. თუ ზიანი 1 000 ლარის ქვემოთაა, ადმინისტრაციული სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგება. დარღვევის პირველ შემთხვევაში სანქცია 2 000 ლარია, განმეორების შემთხვევაში 5000 ლარამდეც კი შეიძლება, გაიზარდოს”, – განაცხადა დავით დამენიამ.

მისივე თქმით, ბზა წითელ ნუსხაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გადაშენების რისკი უდგას.

“2014 -2015 წელს საქართველოში მავნებელი, ბზის ალურა გავრცელდა, რომელმაც ბზის კორომებში ხმობა დიდი მასშტაბით გამოიწვია. 2016 წლიდან “ეროვნულმა სატყეო სააგენტომ” მავნებლის წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. 2019 წლიდან ქიმიური საშუალებებიც იქნა გამოყენებული. მაგალითად, ამბროლაურში, ნიკორწმინდაში. ბზები 12 ჰექტარზე იქნა შეწამლული. უნდა ითქვას, 2023 წლის მონიტორინგმა გვაჩვენა, რომ აღნიშნული საშუალებების გამოყენებამ ძალიან კარგი შედეგი მოიტანა, ამ ტერიტორიაზე ბზის ალურა აღარ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ 2024 წელს აღარ ვაპირებთ, ტერიტორია შევწამლოთ და შემდგომში მონიტორინგი განხორციელდება. რა თქმა უნდა, სამუშაო ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, მაგრამ მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. დაავადებული კორომების, რომელიც, ფაქტობრივად, გამხმარი იყო, აღდგენა მოხდა და სასიცოცხლო ფუნქცია შენარჩუნებული იქნა.
ბზა წითელ ნუსხაშია, ეს იმას ნიშნავს, რომ მას გადაშენების რისკი უდგას. მოსახლეობის მიმართ წელსაც გვაქვს მოწოდება, რომ ნუ მოჭრიან ბზას. ეკოლოგიური ფაქტორიც გასათვალისწინებელია. ეს მემკვიდრეობაა, რომელსაც ჩვენი მომავალი თაობებისთვის ვტოვებთ. ბზა ერთწლოვანი კულტურა არაა, რომელიც ძალიან მარტივად მრავლდება. მას ათეული წლები სჭირდება იმისთვის, რომ ნორმალურ ბუჩქად ჩამოყალიბდეს.
სანერგე მეურნეობებს ყოველწლიურად, განსაკუთრებით – წინა სააღდგომო პერიოდში დიდი ოდენობით ბზა შემოაქვთ, რომელიც ქოთნით იყიდება. ყველას შეუძლია, ბზა ქოთნით იყიდოს და სახლის პირობებში გაახაროს”, – განაცხადა დავით დამენიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები