საქსტატი: საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 1,1%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც 1.1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 61% ქალაქში ცხოვრობს. ამასთან, თბილისის მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს.

ამასთან, 2024 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 19.5%-ს შეადგენს, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) – 64.3%-ს, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი − 16.2%-ს.

იანვრის მდგომარეობით, კაცების რიცხოვნობამ 1 774.5 ათასი შეადგინა, ხოლო ქალების რიცხოვნობამ – 1 920.1 ათასი. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის 48% კაცი,
ხოლო 52% – ქალია. სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი 92-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ 100 ქალზე 92 კაცი მოდის.

აღსანიშნავია, რომ 40 წლამდე ასაკში კაცების რიცხოვნობა აღემატება ქალების რიცხოვნობას, ხოლო 40 წლის ასაკიდან სახეზე გვაქვს საპირისპირო სურათი, რაც გამოწვეულია კაცებთან შედარებით ქალების უფრო მაღალი სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.

წინა წელთან შედარებით, 2023 წელს სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 1.3 ერთეულით გაიზარდა და 75.0 წელი შეადგინა, მათ შორის კაცებისათვის – 70.6 წელი, ხოლო ქალებისათვის – 79.4 წელი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები