ანტივირუს McAfee-ს შემქმნელის, მილიარდერი ჯონ მაკაფის ისტორია

2021 წლის 23 ივნისს პატიმარმა, ჯონ მაკაფიმ ესპანეთის ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო. მისი გარდაცვალების ამბავი ყველაზე ცნობილმა გაზეთებმა და მთავარმა საინფორმაციო ვებგვერდებმა გამოაქვეყნეს; გარდაცვლილი ხომ სკანდალური მილიარდერი და პროგრამისტი, პოპულარული ანტივირუსის, McAfee-ს შემქმნელი იყო, რომლის სახელიც ბოლო წლებში დანაშაულის შესახებ ანგარიშებში უფრო ხშირად ჩნდებოდა, ვიდრე IT მიმოხილვებში.

ჯონ მაკაფი დაიბადა 1945 წელს სიდერფორდში, გლოსტერშირში, დიდ ბრიტანეთში. მისი მამა  ალკოჰოლიკი იყო და თავი მოიკლა, როდესაც ბიჭი 15 წლის გახდა. მიუხედავად ოჯახში არსებული არასახარბიელო ვითარებისა, ბიჭი კარგად სწავლობდა და ოცნებობდა, თავისი ცხოვრება ზუსტი მეცნიერებისთვის მიეძღვნა.

1967 წელს ახალგაზრდა მაკაფიმ ადგილობრივ კოლეჯში მათემატიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. ამის შემდეგ ჯონი პროგრამირების კომპანიაში დასაქმდა. იმ დროისთვის ჯერ კიდევ ახალმა სპეციალობამ მაკაფი ძალიან მოხიბლა და მისი შესწავლა აქტიურად დაიწყო.

გარკვეული საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ, ჯონი სხვა კომპანიაში გადავიდა. იქ მან დაწერა თავისი პირველი სერიოზული პროგრამები, რომლებიც მატარებლის განრიგს უკავშირდებოდა. ახალ ადგილას ჯონი ფსიქოდელიურ საშუალებებზე გახდა დამოკიდებული, რამაც მის მდგომარეობაზე დიდი გავლენა მოახდინა.  მას ინტერესი დაკარგა სამსახურის მიმართ და იქიდან წამოვიდა. ამასთანავე, გამუდმებით ამტკიცებდა, რომ მთელი ცხოვრება ჰალუცინაცია იყო.

მალე მაკაფი შეერთებულ შტატებში გადავიდა. მოუსვენარმა ბრიტანელმა ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო სამსახურების შეცვლა. დიდხანს არსად დარჩენილა, თუნდაც ისეთ პერსპექტიულ ორგანიზაციაში, როგორიც NASA გახლდათ. 60-იანი წლების ბოლოს ჯონმა გადაწყვიტა, თავი მეცნიერებისთვის მიეძღვნა. მან მიიღო სამუშაო მასწავლებლად ფილადელფიის კოლეჯში და მათემატიკის სადოქტოროს წერაც კი დაიწყო. თუმცა, საქმე ბოლომდე არასდროს მიუყვანია. მაკაფიმ ერთ-ერთ სტუდენტთან რომანი გააბა, რის შემდეგაც იგი სასწავლო დაწესებულებიდან სკანდალის ფონზე გააგდეს.

ჯონი და მისი მეგობარი გოგონა სილიკონის ველში გადავიდნენ. იქ წყვილმა იქორწინა. მოუსვენარმა მაკაფიმ კი, კვლავ დაიწყო სამსახურების შეცვლა. მოკლე დროში მან მოახერხა მუშაობა Siemens-ში, General Electric-ში, Xerox-სა და Univac-ში. ის აგრძელებდა ნარკოტიკების მოხმარებას და ალკოჰოლის დიდი დოზებით მიღებას, რაც მის მდგომარეობას ამძიმებდა. უფრო მეტიც, ჯონი „დოპინგს“ სამუშაო საათებშიც არ ერიდებოდა.

80-იანი წლების დასაწყისში ჯონს სერიოზული გამოწვევები ჰქონდა. ჯერ ცოლი გაშორდა – დაღლილი მისი არაადეკვატური საქციელით – შემდეგ კი, სამსახურიდან გაათავისუფლეს სიმთვრალისა და სამუშაო ადგილზე არალეგალური ნივთიერებების გამოყენების გამო. მაკაფი მიხვდა, რომ ფსკერს მიაღწია და გადაწყვიტა, შეეცვალა თავისი ცხოვრება. ის დარეგისტრირდა ანონიმურ ალკოჰოლიკთა ჯგუფში და საბოლოოდ, იპოვა ძალა დამოკიდებულების დასაძლევად.

1986 წელს, როდესაც კომპიუტერული ვირუსი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებული კომპიუტერებს „თავს დაესხა“, ჯონმა გააცნობიერა, რომ მავნე პროგრამა მალე დიდი თავის ტკივილი გახდებოდა და მისგან „განკურნება“ იქნებოდა საჭირო. მან გააერთიანა ძალები რამდენიმე დეველოპერთან და შექმნა პირველი ანტივირუსი – VirusScan + McAfee.

ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის ანტივირუსული პროგრამები უფასო იყო, მაგრამ კორპორაციულ მომხმარებლებს უნდა გადაეხადათ. პროდუქტი წარმატებული აღმოჩნდა და დეველოპერებს კარგი ფულიც მოუტანა. ჯონ მაკაფი მდიდარი და ცნობილი გახდა. მას ლექციებსა და ინტერვიუებზე იწვევდნენ, სადაც პროგრამისტი კომპიუტერული ვირუსების საშიშროებაზე და მათგან დაცვის გზებზე საუბრობდა.

მალე ციფრული სამყარო „მიქელანჯელოს“ მავნე პროგრამამ შეარყია. ვირუსი აღწევდა კომპიუტერის მეხსიერებაში, მაგრამ თავს მაინც არ ავლენდა. „მიქელანჯელოსთან“ ბრძოლამ მაკაფის მილიონობით დოლარი მოუტანა.

1994 წელს ჯონმა MacAfee მიჰყიდა Intel-ს 100 მილიონ დოლარად და კვლავ დაიწყო საკუთარი თავის ძებნა. იგი დაინტერესდა იოგით, შემდეგ დაიწყო „მესინჯერის“ განვითარება, შემდეგ – მანქანებისა და თვითმფრინავების შეგროვება… მაკაფიმ იყიდა 9 სასახლე და ისინი ხელოვნების ნიმუშებით აავსო. ყველა ამ წამოწყებამ მილიონერის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შეარყია, ხოლო 2008 წლის კრიზისმა, საერთოდ, გაანადგურა.

ჯონს უძრავი ქონების და მისი კოლექციების გაყიდვა მოუწია. როგორღაც გადაიხადა ვალები და ბელიზში გადავიდა საცხოვრებლად. ცენტრალური ამერიკის ეს პატარა ქვეყანა განთქმულია სასიამოვნო კლიმატით და მოქნილი საგადასახადო სისტემით. იქ ჯონმა ფარმაცევტულ წარმოებაში შესვლა გადაწყვიტა და დააარსა კომპანია QuorumEx. კომპანია მცენარეული წარმოშობის ანტიბიოტიკების წარმოებაში სპეციალიზდებოდა.

მედიკამენტებთან ერთად, ჯონის კომპანია ნარკოტიკულ ნივთიერებებსაც აწარმოებდა. მაკაფიმ მტრები გაიჩინა ადგილობრივ ნარკოდილერებში. ჯონმა მათთან ბრძოლა დაიწყო, მოისყიდა ადგილობრივი პოლიცია, რომელმაც, კონკურენტების წინააღმდეგ რეიდები მოაწყო, თუმცა 2012 წელს სამართალდამცავები თავად ჯონის გასაჩხრეკადაც მივიდნენ. მას ბრალი არა მხოლოდ არალიცენზირებული მედიკამენტების გაყიდვაში, არამედ იარაღით უკანონო ვაჭრობაშიც ედებოდა. კარგი ადვოკატების დახმარებითა და სოლიდური ქრთამის გაცემით, მაკაფიმ შეძლო ვითარებიდან თავი დაღწევა.

მაგრამ, ეს მხოლოდ დროებითი სიმშვიდე იყო. სულ რაღაც ექვსი თვის შემდეგ ჯონის მეზობლის ცხედარი იპოვეს. ეჭვი მაკაფიზე მიიტანეს. ბიზნესმენი ჩქარობდა ბელიზის დატოვებას და გვატემალაში გადავიდა საცხოვრებლად. იქ მიტოვებულ სახლებში იმალებოდა, ტელეფონის ნომრები შეიცვალა და ორეულიც კი დაიქირავა. „ყალბი ჯონი“, ჩრდილოეთ კორეის პასპორტით, მექსიკაში გაემგზავრა და იქ დააკავეს.

მილიონერს თმა და წვერი შეღებილი ჰქონდა, მაგრამ მაინც იცნეს და ციხეში ჩასვეს. ბელიზში დეპორტაცია და სერიოზული პრობლემები ელოდა, მაგრამ მაკაფიმ ოსტატურად გაითამაშა გულის შეტევა, რამაც მის ადვოკატს დრო მისცა, თავდაცვისთვის მომზადებულიყო. შედეგად, ექსტრავაგანტური მილიონერი დეპორტირებულ იქნა აშშ-ში.

ციხის თავიდან აცილების შემდეგ ჯონი მაიამიში დასახლდა და დაქორწინდა. მისი რჩეული ყოფილი მეძავი იყო. მაკაფი მუშაობდა კრიპტოვალუტებზე, კითხულობდა ლექციებს და პრეზიდენტის პოსტისთვისაც იბრძოდა.

2020 წლის ოქტომბერში ჯონი ესპანეთში შვებულების დრო სდააკავეს. მას ბრალი ედებოდა შემოსავლის, იახტების, სახლებისა და მანქანების, ასევე მილიონობით დოლარის ღირებულების ბიტკოინის დამალვაში. ფინანსური თაღლითობისთვის, მაკაფის  30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. მის შეერთებულ შტატებში ექსტრადირებას აპირებდნენ, მაგრამ მამაკაცმა ბარსელონას ციხის საკანში თავი ჩამოიხრჩო. ის 75 წლის იყო.

ცოტა ხნით ადრე, 2019 წელს მაკაფიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მის წინააღმდეგ შეთქმულება ეწყობოდა და რომ „მსოფლიოს ფარულ მთავრობას“ მისი მოკვლას სურდა.

„თუ თავი მოვიკალი, მაშინ ეს მე არ გამიკეთებია. მომკლეს“, – ამბობდა ჯონი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები