„მაქვს ჩემი სამყარო, რომელსაც მევე „ვაფერადებ”…

წარმოშობით ხევსურია, დაბადებული – კახეთში.  დამთავრა  თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. 2016 წლიდან არის მხატვართა კავშირისა და მხატვართა ლიგის წევრი. აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო და ადგილობრივ მხატვართა ჯგუფურ გამოფენებში.ქონდა 4 პერსონალური  გამოფენა, აქედან ერთი პარიზში, საქართველოს საელჩოში, სამი კი თბილისში;
2020 წელს მიწვეული იყო ნიუ-იორკის ბიენალეზე. მონაწილეობდა: Wold art dubai-ს საერთაშორისო გამოფენაში, ფლორენციის “Mida 2022”-ში; ალტაზე გამართულ ჯგუფურ გამოფენაში ქართული კულტურის დღეები“…
2023 ელს – მისი ნამუშევარი საქართველოს მხატვართა კავშირმა წარდგ   ყაზახეთში;  ასევე პარიზში გამოფენაზე წარდგენილი იყო – „პარიზის ვარსკვლავი“; 2023 ელს მონაწილეობდა მხატვართა კავშირის, პროფესიონალ მხატვართა გამოფენაში (ზ. წერეთლის სახელობის საგამოფენო სივრცე).
აქვს სამხატვრო სტუდია, სადაც ხატვას ეუფლებიან ყველა ასაკისა და თაობის მსურველები.  ასევე აქვს ხატვის შემსწავლელი ონლაინ კურსები.
მისი ნამუშევრები შესულია 18 ალბომში. არის კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. პერსონა 2020ს ტიტულის მფლობელია. – მხატვარ მანანა (შუქია) გოგოჭური პერსონა.

– წარმოშობით ხევსური ვარ, მაგრამ დავიბადე კახეთში, თელავის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ თეთრწყლებში. ვისაც ერთხელ მაინც უმგზავრია გომბორზე, შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ეს ულამაზესი ბუნება. ხატვა ამ გარემოში დავიწყე – ძალიან პატარამ, 6 წლიდან. მახსოვს, სულ ხატვა რომ მინდოდა და ასე გრძელდება დღემდე. თავიდანვე გამოკვეთილი იყო ჩემი მისწრაფება და მომავალი პროფესია.
– სკოლა…
– სკოლაში უკვე პედაგოგები საუბრობდნენ ჩემს ხატვის ნიჭზე და თუ სადმე რამე იყო დასახატი, ყოველთვის მე მავალებდნენ ამ საქმეს და მეც სიხარულით ვასრულებდი.
–  სამხატვრო აკადემიაში ჩააბარეთ…
– როცა უკვე სკოლას ვამთავრებდი, გავამჟღავნე ჩემი სურვილი,  აკადემიაში სწავლის გაგრძელების შესახებ.  აქ მოხდა ის, რომ ყველა ჩემს არჩევანის  წინააღმდეგი წავიდა. იმ დროისთვის ძალიან რთული იყო აკადემიაში მოხვედრა და ფიქრობდნენ, რომ ჯობდა, სხვა რამე ამერჩია, მაგრამ მე ძალიან მოვინდომე და საკმაოდ მაღალი ქულებით ჩავირიცხე საოცნებო აკადემიაში. ასეთი ბედნიერება არასდროს განმიცდია. 6 წელი ვისწავლე და არცერთი პროფესიული ლექცია არ გამიცდენია, აკადემიის კედლები დღემდე ტკბილი ემოციაა ჩემთვის. პირველი გამოფენა აკადემიის დარბაზში  პირველი კურსის ბოლოსვე მქონდა.
– ნატურმორტები, პეიზაჟები, ავტოპორტრეტები… „ყოველთვის მე თვითონ ვადგენ ფერებს და ტონებს, ტონალობას“ – ამბობთ. ფერთა ულამაზესი შეხამება და თქვენეულად გადმოცემული ემოციის კვალი მძფრად იგრძნობა…
– უმეტესად, ფერწერაში ვმუშაობ, ყველა საღებავში მაქვს ნამუშევრები, მაგრამ ზეთის მასალა მიყვარს და აქ ვგრძნობ თავს უფრო კომფორტულად. ჩემი ნამუშევრები მრავალფეროვანია – თემატიკით, ფერთა გამით და ტექნიკით, ხელწერაა განმასხვავებელი.
მე მიყვარს ბუნებრივი ფერები, მშვიდი გადასვლები, რომელიც არ მღლის, თითქმის არასდროს ვიყენებ მზა პალიტრის ფერებს. ყოველთვის მე ვადგენ და ჩემეული პალიტრა იქმნება, რაღაცნაირი იდუმალი ფერები და ემოციაა. ძირითადად, მასტეხინით ვმუშაობ – უფრო საინტერესოა ჩემთვის, თამამი მონასმები, დაუმუშავებელი აქცენტები.
– გაქვთ გვერდი: Art-SHUQI-A Gogochuri აქტიურად მონაწილეობ საერთაშორისო გამოფენებში, მათ შორის: ფლორენციაში, დუბაიში, მალტაზე, პარიზში, ნიუ-იორკში, ათენში… გამოხმაურებები?
– ბოლო 7-8 წელია, უფრო აქტიურად ვარ ჩართული გამოფენებსა და ღონისძიებებში, როგორც საქართველოში, ასევე ევროპის ქვეყნებში. მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე ვარ – თბილისში, დუბაიში, პარიზში, ათენში, მალტაზე, ყაზახეთში, ფლორენციაში. მქონდა 4 პერსონალური გამოფენა, მათ შორის – ერთი პარიზში. ყველა გამოფენა საინტერესო იყო, განსაკუთრებით, როცა  სხვა ქვეყანაში იმართება  და მოანწილეობ თავადაც. ეზიარები სხვა კულტურას და ეცნობი სხვა ქვეყნების არტისტების ნამუშევრებს. განსაკუთრებით მასშტაბური იყო გამოფენა დუბაიში – “Wold art dubai”, სადაც  უამრავი საინტერესო ნამუშევარი გამოიფინა სხვადასხვა ქვეყნიდან. განსაკუთრებული ჩემთვის კიდევ იმიტომ იყო, რომ ამდენი მონაწილე არტისტიდან რამდენიმე ნამუშევარი შეირჩა განსაკუთრებული ჩვენებისთვის და ერთ-ერთი ჩემი ტილო იყო -„ხორშაკი“.
 პანდემიის პერიოდი ნაყოფიერი აღმოჩნდა…
– პანდემიის პერიოდი, ის ორი წელი  ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა და უამრავი ტილო შეიქმნა. ერთ-ერთი ტილო „პანდემია“ ასახავს იმ დროს, პირბადეების ეპოქას, სახლებში ფანჯრებიდან მომზირალ საზოგადოებას, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, გარეთ თავისუფლად ესუნთქა.
– სოციალურ ქსელში ბევრი მოწონება დააგროვა ხევსურმა გოგონამ. …
–  დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ნამუშევარს, „წარსულის სევდა“ ჰქვია. მასევდიანებს უნიკალური სამყარო, რომელიც დაიცალა.
წარსულიდან არის ეს ხევსური მანდილოსანი, რომელსაც ეტყობა იქაური ყოფის სევდა, სიმძიმე და ამავე დროს – სიძლიერე.
–  შთაგონება…
– შთაგონება ბევრმა რამემ შეიძლება მოგცეს – სილამაზემ, სევდამ, ტკივილმა. ვფიქრობ, ეს ემოციები უფრო გახატინებს. სიხარულის დროს – ეს ნაკლებად ხდება ალბათ. ხანდახან გინდა ხატვა.  იწყებ და ფიქრებში იხვეწება ნამუშევარი, შენი ქვეცნობიერიც მუშაობს ხელებთან ერთად.
– თქვენს სტუდიაში ხატვას ეუფლებიან ყველა ასაკისა და თაობის მსურველები... ასევე, ხატვის შემსწავლელ ონლაინკურსებს უძღვებით. განცდა, როდესაც სხვას გადასცემ ცოდნას…
–  მაქვს სტუდია, სადაც ბევრი ზრდასრული ეუფლება ხატვას, ისრულებს დიდი ხნის აუხდენელ ოცნებას და ხატავს.ყველა ასაკის და პროფესიის მსურველს შეუძლია ისიამოვნოს და სცადოს ხატვაში თავისი შესაძლებლობები. წლის ბოლოს კი რომელიმე გალერეაში მათი ნამუშევრების  გამოფენას ვმართავთ. ეს დიდი მოტივაციაა. ასევე, ზოგიერთი უკვე სხვადასხვა გამოფენაში ერთვება.
ონლაინხატვის ორი კურსი მაქვს, რომელიც 2018 წელს შევქმენი და დღემდე ბევრი ემიგრანტი გადის ამ კურსს. მათთვის ძალიან მისაღები და მოსახერხებელია ეს პირობები, ხატვა სიამოვნებასთან ერთად თერაპიაც არის, ყველა შედევრს ვერ შექმნის, მაგრამ ხომ ქმნის, იხარჯება, სწავლობს, სიახლეა. ბედნიერებაა, როცა გეძლევა საშუალება, ვინმეს გადასცე, გაუზიარო შენი ცოდნა და დაინახო, როგორ აბედნიერებს ეს მათ.
– ოჯახი…
– უკვე 12 წელია, მე ვარ „ქვრივი მხატვარი“ . მყავს ძალიან თბილი და ტკბილი შვილი, ბიჭი, რომელიც მეგობარი და იმედია ჩემი.
  რაზე მუშაობთ და სამომავლო გეგმები…
– თითქმის ყოველდღე… კი არა, უფრო ღამე ვხატავ. ასევე ვაწყობ პლენერებს ბუნებაში ჩემს მოსწავლეებთან ერთად, და არა მარტო მოსწავლეებთან.
ამჟამად ვემზადები მეხუთე პერსონალური გამოფენისთვის. ვარ მოტივირებული, პოზიტიური და მაქვს ჩემი სამყარო, რომელსაც მევე „ვაფერადებ”.

                                                                                                         თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები