დიდი სიმაღლე და დიდი პრობლემები – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ადამიანის გასაჭირი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მამაკაცი ახლა ლონდონის თავშესაფარში სიცოცხლისთვის იბრძვის. ჰუსეინ ბისადის სიმაღლეა 2,32 მ. სომალიდან ლტოლვილს თირკმლის გადანერგვის შემდეგ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აწუხებს. აფრიკელი მამაკაცი ცოლთან შეხვედრაზე და ლონდონში მასთან ერთად ცხოვრებაზე ოცნებობს.
46 წლის ჰუსეინს ბოლო ხუთი წელია, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. ის იძულებული გახდა, თავშესაფარში გადასულიყო საცხოვრებლად, რადგან დღეში სამჯერ დიალიზის ჩატარება უწევს.
ექიმები თვლიან, რომ მამაკაცს აქვს ჰიპოფიზის გიგანტიზმი – მდგომარეობა, რა დროსაც სხეული უფრო მეტ ზრდის ჰორმონს გამოიმუშავებს, ვიდრე ნორმალური ადამიანი.
ჰუსეინს არ მოსწონს ასეთი სიმაღლე. ზრდას ბევრი გამოწვევა შემოაქვს მის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ბისადი სომალიში დაიბადა და მეორე კლასამდე საშუალო სიმაღლის იყო. მას შემდეგ ბიჭმა სწრაფად დაიწყო ზრდა. მასწავლებელს არც კი სჯეროდა, რომ ის ნამდვილად ჰუსეინი იყო, როცა ზაფხულის არდადეგებიდან სკოლაში დაბრუნდა, ამიტომ „უცნობი“ ბავშვის სახლში გაშვება გადაწყვიტა. შემდეგ მამას მოუწია, შვილი სკოლაში დაებრუნებინა და მისი ვინაობაც დაედასტურებინა.
13 წლამდე სომალელმა მოზარდმა სიმაღლეში გაუსწრო თავის ტყუპ დას, რომლის სიმაღლე 1.65 სმ-ს შეადგენდა. სკოლაშიც სპეციალური მერხი და სკამი დასჭირდა. 2002 წელს ჰუსეინი დიდი ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად და ნამდვილ სენსაციად იქცა. პოპულარული ჟურნალებისა და გაზეთების ყდებზეც მალე გამოჩნდა.
როდესაც მამაკაცი „გინესის რეკორდების წიგნის“ წარმომადგენლებმა გაზომეს, მსოფლიოს ყველაზე მაღალ ადამიანებს შორის მეორე ადგილი მიუჩინეს. თუმცა, სომალელმა ბიჭმა რეკორდის დამყარება სხვა რამეში მოახერხა – ის მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელების პატრონი გახდა.
დიდმა სიმაღლემ ჰუსეინს ცნობადობა მოუტანა, მაგრამ ამავე დროს დიდი დისკომფორტიც შეუქმნა. ახალგაზრდა 66 ზომა ფეხსაცმელს ატარებს, რომელსაც შეკვეთით უკერავენ. კოსტიუმის შეკერვა 700 ფუნტი უჯდება. გარდა ამისა, მისთვის სპეციალურად გააკეთეს 2.7 მ. სიგრძის საწოლი.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. თირკმლის გადანერგვის შემდეგ ჰუსეინს დამოუკიდებლად ცხოვრება აღარ შეუძლია. ის ყავარჯნით დადის და ძალიან მალე იღლება. იმედს იტოვებს, რომ სომალიში დაბრუნდება და თავის მეუღლეს, იასმინს იქიდან წამოიყვანს.