„ლამაზი მოჩვენება“ – საკონცენტრაციო ბანაკის სისასტიკით განთქმული მცველი

ჯენი-ვანდა ბარკმანი, შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკის ყველაზე ახალგაზრდა და ლამაზი მცველი, ცნობილი გახდა წარმოუდგენელი სისასტიკით. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ მშვენიერი სტუდენტის სხეულქვეშ სისხლისმსმელი მონსტრი იმალებოდა. პატიმრებმა მას მეტსახელად „შეშლილი ჯენი“ და „ლამაზი მოჩვენება“ შეარქვეს.

ჯენი-ვანდა ბარკმანის ბიოგრაფიის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი. იგი დაიბადა 1922 წლის 22 მაისს ჰამბურგში, ღარიბ გერმანულ ოჯახში. მისი მამა პორტის მუშა იყო, დედა კი – დიასახლისი. ბავშვობაში ჯენი არაფრით განსხვავდებოდა თანატოლებისგან – თოჯინებით თამაშობდა და მსახიობობაზე ოცნებობდა.

სკოლის დამთავრების შემდეგ გოგონამ, რომელიც ბუნებამ ძალიან მიმზიდველი გარეგნობით დააჯილდოვა, სამოდელო კარიერა დაიწყო. ომის დაწყებამ მისი გეგმები ვერ შეცვალა: ბარკმანი კარგად ართმევდა თავს გერმანული ჟურნალებისა და რეკლამებისთვის გადაღებას. თუმცა,1944 წლის დასაწყისში ლამაზმანის ცხოვრებაში რაღაც მოხდა. ჯენიმ მოულოდნელად დატოვა სამოდელო სამსახური და მუშაობა შტუტჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში დაიწყო.

უცნობია, ზუსტად რამ უბიძგა 21 წლის გოგონას ამ ყველაფრისკენ. ასეა თუ ისე, მან წარმატებით გაიარა გასაუბრება და სამსახურში აიყვანეს.

ყოფილმა მოდელმა მუშაობის პირველივე დღეებიდან გამოიჩინა მონდომება და ყველას აჩვენა, რომ მზად იყო განსაკუთრებული სისასტიკისთვის. შტუტჰოფის მთავარი კონტინგენტი ებრაელი და პოლონელი ქალები და ბავშვები იყვნენ. ბარკმანი უმოწყალოდ სცემდა პატიმრებს, ათობით მათგანი გაზის კამერებში გაგზავნა. მსხვერპლთა წამების დროს ჯენი ფანტაზიის „შესანიშნავ“ უნარს ავლენდა… ზოგჯერ საკუთარ კოლეგებსაც კი აცვიფრებდა.

„შეშლილი ჯენის“ მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ ამბობენ, რომ ის ასობით პატიმრის სიკვდილში მონაწილეობდა; ათობით მათგანი საკუთარი ხელით მოკლა. 1945 წელს, როგორც კი საბჭოთა ჯარებმა შტუტჰოფთან მიახლოება დაიწყეს, იგი გაიქცა. ჯენი-ვანდა ბარკმანი ერთ-ერთი ყველაზე ძებნილი ნაცისტი დამნაშავე გახდა. თუმცა, მან მაინც მოახერხა მართლმსაჯულებისგან წარმატებით დამალვა 4 თვის განმავლობაში. გამოძიებამ ვერ გაარკვია, სად გაატარა ეს დრო და ვინ დაეხმარა მას.

ბარკმანი გდანსკის მატარებლის სადგურზე დაიჭირეს, როდესაც პოლონეთის დატოვებას აპირებდა. პირველი დაკითხვისას ჯენიმ განაცხადა, რომ ის ყოველთვის კარგად ეპყრობოდა ებრაელებს და არასდროს აყენებდა მათ შეურაცხყოფას. უფრო მეტიც, ქალი ამტკიცებდა, რომ ფარულად ეხმარებოდა კიდეც პატიმრებს და მათ და სიკვდილისგან იხსნიდა.

შტუტჰოფის ათობით გადარჩენილმა პატიმარმა ჩვენება მისცა ჯენი ბარკმანის წინააღმდეგ. მათი სიტყვები ბანაკის ოფისში ნაპოვნი ათობით დოკუმენტმაც დაადასტურა. ადვოკატი ცდილობდა, ყველაფერი ჯენის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დაებრალებინა. ის ამტკიცებდა, რომ ნორმალურ ადამიანს არ შეეძლო იმ სისასტიკის ჩადენა, რაც ბარკმანს ბრალდებოდა.

თუმცა ბარკმანი გიჟი ნამდვილად არ ჩანდა. ადვოკატის ყველა არგუმენტს და პროკურორის ბრალდებას ის საზიზღარი სიცილით ეხმაურებოდა. როცა სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადეს, წარბიც არ შეტოკებია. სასამართლოზე კრიმინალის ბოლო სიტყვა იყო: „ცხოვრება მართლაც დიდი სიამოვნებაა და სიამოვნება, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება“.

1946 წლის 4 ივლისს, დილით ადრე ბარკმანი, 10 სხვა სამხედრო დამნაშავესთან ერთად, სიკვდილით დასაჯეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები