მეუფე შიო: სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე ფიქრი და მათზე მსჯელობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამასთან სავალდებულოა ჩვენთვის

“სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე ფიქრი და მათზე მსჯელობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამასთან სავალდებულოა ჩვენთვის”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიო მუჯირმა კონფერენციაზე ,,ცხინვალის რეგიონი – ისტორია და თანამედროვეობა” მონაწილეთადმი მიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესია ყოველთვის იდგა ერის და მისი ისტორიის დაცვის სადარაჯოზე.

“გულითადად მოგესალმებით ყველას, კონფერენციის ინიციატორებს, მონაწილეებს და სტუმრებს.

დღეს წარმოდგენილი თემა ,,ცხინვალის რეგიონი – ისტორია და თანამედროვეობა (გამოწვევები და პერსპექტივები)“ ფრიად მნიშვნელოვანია.

სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე ფიქრი და მათზე მსჯელობა სასიცოცხლოდ აუცილებელი და ამასთან სავალდებულოა ჩვენთვის.

ჩვენ ვცხოვრობთ მეტად ინფორმაციულ დროში; ეს ინფორმაციულობა ხშირ შემთხვევაში ზედაპირული და ღრმა ანალიზს მოკლებულია. ხშირად კი, სუბიექტური და გაყალბებულია. ისტორიის გაყალბება ყოველთვის ხდებოდა და დღესაც მას პოლიტიკური ძალები ბრძოლის იარაღად იყენებენ. ამას ადგილი აქვს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებითაც.

ცხინვალის რეგიონი ძირძველი ქართული მიწაა, რასაც ღაღადებს ისტორია, ტოპონიმიკა, ჩვენი ეკლესია-მონასტრები, მაგრამ მავანთა მიერ მიზანმიმართულად ხდება ამ რეალობის შეცვლა და დამახინჯება, რაც ქართული იდენტობის აღმოფხვრის მიზანს ემსახურება.

ეკლესია ყოველთვის იდგა ჩვენი ერის და მისი ისტორიის დაცვის სადარაჯოზე. ეს დღესაც ასეა და იქნება ყოველთვის. დღევანდელი ჩვენი შეკრებაც ამას ემსახურება.

კონფერენციის მონაწილეებს მადლობას გიხდით წარმოდგენილი მოხსენებებისთვის და დამსწრე საზოგადოებას მობრძანებისთვის. შეგვეწიოს ღმერთი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, წმინდა რაჟდენ პირველმოწამე, წმინდა მოწამენი ბიძინა, შალვა და ელიზბარი და ჩვენი ქვეყნის ყველა მფარველი წმინდანი.

მინდა ასევე განსაკუთრებით დავლოცო ჩვენი ძმები და დები, რომელნიც დევნილობაში არიან და რომელნიც ცხინვალის რეგიონში დღესაც იმყოფებიან.

ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო”,- განაცხადა მეუფე შიომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები