ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

0

ქვეშეთი-კობის გზაზე 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე დაინტერესებული კომპანიების წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება სულ 7-მა კომპანიამ წარმოადგინა. შემდეგ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, შეფასდება წარმოდგენილი წინადადებები და ყველაზე დაბალი ფასის მქონე კვალიფიციური კომპანია გამოვლინდება გამარჯვებულად.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია  არა მარტო ამიერკავკასიაში, არამედ  – მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.
ქვეშეთი-კობი საერთაშორისო გზა, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში დაგეგმილია 22.7 კმიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. 9 კმ-იანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად.
არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში, ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა.
ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი.
ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს.
ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა და აღნიშნული ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა.
რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მე-2 ლოტს – 12.7 კმ-იანი გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის ხელშეკრულება ახლო მომავალში გაფორმდება.

კომენტარები

კომენტარი