დღეს გამოჩენილი ქართველი ლოტბარისა და საქართველოს სახალხო არტისტის – რამინ მიქაბერიძის იუბილეა

დღეს გამოჩენილი ქართველი ლოტბარისა და საქართველოს სახალხო არტისტის – რამინ მიქაბერიძის იუბილეა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს რამინ მიქაბერიძეს იუბილეს და უსურვებს ჯანმრთელობასა და მხნეობას.
„რამინ მიქაბერიძე დაიბადა გურიის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ ხიდისთავში, რომელიც განთქმულია მუსიკალური ტრადიციებით. იგი ბავშვობიდან გამოირჩეოდა იშვიათი ხმით და მუსიკალური მონაცემებით. სიმღერა ოჯახში, მამისაგან შეისწავლა. აღსანიშნავია, რომ მიქაბერიძეების ოჯახი გურიაში დიდი მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახად ითვლება.
სხვადასხვა დროს რამინ მიქაბერიძე მოღვაწეობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში (მოგვიანებით – „ერისიონი“, 1967-1978), საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში „რუსთავი“ (1979-2002), ვაჟთა ვოკალურ ანსამბლში „გორდელა“.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რამინ მიქაბერიძის პედაგოგიური და სალოტბარო მოღვაწეობა. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ანსამბლ „მართვეში“ ახალი თაობების აღზრდაში. მის მიერ აღზრდილი თაობები დღეს მღერიან, წარმატებით საქმიანობენ ფოლკლორულ გუნდებში და უკვე თავად ხელმძღვანელობენ ანსამბლებს. ასევე უმნიშვნელოვანესია მისი მოღვაწეობა აჭარაში. ბათუმში მან ჩამოაყალიბა ბავშვთა სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი, სადაც მრავალი თაობა ეზიარა ქართულ სიმღერას. თბილისში შვილთან, მაია მიქაბერიძესთან, ერთად შექმნა ბავშვთა ფოლკლორული გუნდი „საგალობელი“.
იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს უსინათლოთა საზოგადოების რესპუბლიკურ კულტურის სახლთან არსებულ სახალხო მომღერალთა გუნდს (1967-1997); განათლების მუშაკთა რესპუბლიკურ სახლთან არსებულ ვაჟთა ვოკალურ ანსამბლს (1970-1980); ქართული ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლ „თბილისს“ (1978-1985); ბავშვთა ფოლკლორულ ანსამბლ „მართვეს“ (1978-1990); ჩოხატაურს რაიონის ვაჟთა ვოკალურ სახალხო ანსამბლ „ნაბეღლავს“ (1980-1990); გაერთიანება „მიონთან“ არსებულ ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ „დიდგორს“ (1985-1995); ანსამბლ „იბერიას“ (1992-1998); ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ფოლკლორულ ანსამბლს (1998-2006); ბათუმის ვაჟთა ვოკალურ ანსამბლს (2000-2005); ბავშვთა ფოლკლორულ გუნდებს – „საგალობელსა“ და „პატრიარქის ნათლულებს“; ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „ჭონას“ (2006-2012); საპატრიარქოსთან არსებულ ჩოხოსანთა ანსამბლს (2010-2014); უსინათლოთა კავშირის ვაჟთა ვოკალურ ანსამბლ „კრწანისს“.
ჯერ ანზორ კავსაძის გუნდთან, ხოლო შემდეგ ანზორ ერქომაიშვილის ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად რამინ მიქაბერიძემ წარმატებით მოიარა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, სადაც პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზებში ოვაციებით აჯილდოებდნენ მის საშემსრულებლო ხელოვნებას.
რამინ მიქაბერიძეს სხვადასხვა დროს მინიჭებული აქვს არაერთი პრემია და ჯილდო, კერძოდ: საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდება, საქართველოს სახელმწიფო პრემია, ალბერტ შვაიცერის საერთაშორისო პრემია, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია, პრემია „საგურამო“ ნომინაციაში „ხელოვნება“; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით; 2014 წელს მიენიჭა ქართული კულტურის რაინდის წოდება, 2015 წელს – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ჯილდო – „ხელოვნების ქურუმის“ წოდება, 2018 წელს – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის, სახელობის პრემია „სიკეთის ხე“. მისი სახელი შესულია როგორც ქართულ, ასევე მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში. 2019 წლის 17 დეკემბერს ფილარმონიის წინ გაიხსნა რამინ და მაია მიქაბერიძეების სახელობის ვარსკვლავი. რამინ მიქაბერიძე არის თბილისის, ბათუმისა და ჩოხატაურის საპატიო მოქალაქე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები