ბორჯომში ყოფილი სანატორიუმის შენობა იყიდება

0

ბორჯომში ყოფილი სანატორიუმი იყიდება.
კლიმატურ-ბალნეოლოგიურ კურორტ ლიბანში ყოფილი „სანატორიუმი ლიბანი“ აუქციონზე გასაყიდად სახელმწიფო ქონების ეროვნულნა სააგენტომ პროექტი “50 ქონება შენი სასტუმროსათვის” ფარგლებში გაიტანა.
სანატორიუმი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში – ამპირის სტილშია აშენებული. შენობის მთავარი კორპუსი სიგრძეში 153 მეტრია და სამი სართულისაგან შედგება. ქონების საერთო ფართი 52 040 კვადრატული მეტრია.
უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 937 000 ლარია.
აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველმა უნდა უზრუნველყოს 8 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება და სულ მცირე 70 ნომრის მქონე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს მოწყობა, სადაც განთავსებული იქნება რესტორანი, ღია და დახურული ტიპის საცურაო აუზები და 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. ამასთან, აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, შესაბამისად, მყიდველი ვალდებული იქნება უზრუნველყოს მისი მოვლა–პატრონობა.
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებასა და ინვესტორებს მისცეს შესაძლებლობა უკვე არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით მოაწყონ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო კომპლექსები.
პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 44 906 501 ლარის ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 69 200 000 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი