შერმადინი თვის საუკეთესო მოთამაშედ მაისშიც დაასახელეს

0

იანვარი, მარტი და ახლა უკვე მაისიც: გიორგი შერმადინი ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ამ თვეებში დაასახელეს. მაისის თვე არასრული გახლდათ, რადგან რეგულარული ჩემპიონატის მხოლოდ 3 მატჩი ჩატარდა, თუმცა ქართველი კალათბურთელი სამივეში გამორჩეული იყო და მთლიანობაში თვის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს. მაისის თვეში შერმადინისთვის საუკეთესო “ვალენსიასთან” მოგებული შეხვედრა იყო, რომელშიც 22 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. შედეგად, ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 32-ს გაუტოლდა და ის 32-ე ტურის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. მან მორიგი ორმაგი დუბლი მადრიდის “რეალთან” დრამატულ მატჩში მიითვალა, რომელიც ანდორელებმა ოვერტაიმში დათმეს. ქართველი ცენტრის მონაგარი 18 ქულა, 14 მოხსნა და 1 დაფარება იყო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 30-ს უდრიდა.
შერმადინისთვის ყველაზე დაბალშედეგიანი “ბეტისთან” წაგებული მატჩი გამოდგა, როდესაც 6 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი და დაფარება მიითვალა და სარგებლიანობის კოეფიციენტად 15 ეწერა.
შედეგად, “მორაბანკ ანდორას” ლიდერის მაისის საშუალო მაჩვენებლები 15.3 ქულას, 11.7 მოხსნას, 1.3 პასს, 0.7 ჩაჭრასა და 1.0 დაფარებას გაუტოლდა, სარგებლიანობის კოეფიციენტად კი 24.7 დაფიქსირდა, რაც ესპანურ ლიგაში ვერავინ გადაფარა. სათქმელია, რომ ჩემპიონატის სამ საკვანძო სტატისტიკურ მონაცემში შერმადინი საუკეთესო სამეულში ტრიალებს. ის მეორეა საშუალო მოხსნებსა (7.59) და სარგებლიანობის კოეფიციენტში (21.3) და მესამე – ქულებში (15.3).
24 მაისიდან შერმადინს, ბექა ბურჯანაძესა და მათ თანაგუნდელებს პლეიოფის მატჩები ელით, ანდორელთა მეტოქე კი უმთავრეს ფავორიტად შერაცხული “რეალი” იქნება, რომელიც შიდა ბატალიებზე ევროლიგის “ოთხთა ფინალის” მერე გადაერთვება.

კომენტარები

კომენტარი