“მეგი გოცირიძემ ენმ-ს სააგიტაციო გაზეთები მომაყარა და დამემუქრა” – რა მოხდა ზესტაფონში, “ოცნების” ოფისთან
ინციდენტი ზესტაფონში, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან ცოტა ხნის წინ მოხდა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის მხარდამჭერები შენობის შესასვლელში იდგნენ, როდესაც მათთან ენმ-ს წევრები, მათ შორის მეგი გოცირიძე მივიდნენ, გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო-სააგიტაციო გაზეთები მიიტანეს და “ოცნების” წევრებს მიაწოდეს. გოგლიჩიძის საარჩევნო შტაბის წევრი, ლიკა ხვარაშია “კვირასთან” აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მან სააგიტაციო მასალის გამორთმევაზე უარი უთხრა, მეგი გოცირიძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა:
“დაახლოებით 8 საათი იყო. შტაბის წინ, კიბეზე ვიდექით, როდესაც 3 ქალი მოგვივარდა, გიჟებივით იქცეოდნენ… აგდებულად საუბრობდნენ… ერთ-ერთი მაშინვე ვიცანი – მეგი გოცირიძე იყო. მითხრეს, აიღე ეს გაზეთებიო. რომ დავხედე ქაღალდებს, ბიძინა ივანიშვილის ფოტო დავინახე და მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ვუთხარი, არ მოვკიდებ ამას ხელს-თქო და დამემუქრა, თუ არ მოკიდებ, მერე შენ მოგკიდებენ ხელსო. ამის შემდეგ გამეცალა…ცოტა ხანში დავინახე, ჩვენს ოფისთან, ოდნავ მოშორებით, გოგლიჩიძის შტაბის სხვა წევრები, ბიჭები იდგნენ, იმათთანაც მივიდნენ და გაზეთები ფეხებთან დაუყარეს. აშკარად პროვოკაციის მოწყობა სურდათ”, – განაცხადა “კვირასთან” ლიკა ხვარამიამ.
აღსანიშნავია, რომ ფაქტის ამსახველი ფოტომასალა ცოტა ხნის წინ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააზიარა.