“ილია მეორე იყო სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას” – რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ბუქარესტის მთავარეპისკოპოსის, მუნტენიისა და დობრუჯის მიტროპოლიტის, კაბადოკიის კესარიის ტახტის მოსაყდრისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, უნეტარეს დანიელის სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
“ბუქარესტის მთავარეპისკოპოსის, მუნტენიისა და დობრუჯის მიტროპოლიტის, კაბადოკიის კესარიის ტახტის მოსაყდრისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, უნეტარეს დანიელის სამძიმარი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს.
თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობანო, თქვენო ყოვლადუსამღვდელოესობანო, ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი ქრისტესმიერი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობაში ღირსეული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით მწყემსავდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც განსაცდელების, ასევე, მისი აღორძინების ჟამს.
რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ამავდროულად, ვევედრებით ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს, რომელიც არის „აღდგომა და ცხოვრება“ (ინ. 11, 25), განსვენება მიანიჭოს პატრიარქ ილია II-ის სულს მისი საყვარელი წმინდანების სავანეში, „სადაც არა არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება იგი დაუსრულებელი“.
საუკუნოდ იყოს მისი ხსენება თაობიდან თაობამდე!
დანიელი, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი”, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.