პროფესიით ეკონომისტია, ცხოვრობს მცხეთაში. უკვე ექვსი წელია ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნის. უმეტესად ამზადებს ტყავის აქსესუარებს – ჩანთებს და საფულეებს.
ფლობს ბევრ ტექნიკას – ქსოვას, ქარგვას, პოლიმერულ თიხას, მინანქარს, თექას, ბისერებისგან და ბუნებრივი ქვებისგან ქმნის სამკაულებს, მაგრამ ამ ეტაპზე ტყავზე მუშაობამ ისე გაიტაცა, რომ ყველაფერი გვერდზე გადადო. მის ნამუშევრებს საქართველოს მასშტაბით გამართულ მრავალ გამოფენაზე შეხვდებით.
„ხელნაკეთობა ჩემთვის მხოლოდ საქმიანობა არ არის – ეს არის საქმე, სადაც ვაერთიანებ სიყვარულს, შრომას და საკუთარ ხედვას“. – შორენა ხუროშვილის პერსონა.
– ხელსაქმით ბავშვობიდან იყავით გატაცებული…
– ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ხელსაქმე, ყოველთვის მიზიდავდა ნივთების საკუთარი ხელით შექმნა – იქნებოდა ეს ნაქსოვი, ნაქარგი თუ სხვა. ეს იყო ჩემთვის ერთგვარი სიამოვნება. დროთა განმავლობაში ეს სიყვარული უფრო გაღრმავდა და საბოლოოდ იქცა საქმიანობადაც.
– პროფესიით ეკონომისტი ხართ, მაგრამ არ გიმუშავიათ. ოჯახში საქმიანობდით და შვილებს ზრდიდით, პარალელურად ხელნაკეთ სამკაულებს, ნივთებს ამზადებდით… პირველი ნივთები…
– პროფესიით ეკონომისტი ვარ, თუმცა ცხოვრების ეტაპმა ისე მოიტანა, რომ მთავარი ყურადღება ოჯახსა და შვილების აღზრდაზე გადავიტანე. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ხელნაკეთ ნივთებზე მუშაობა. როდესაც შვილები შემეძინა, მინდოდა მათ გვერდითაც ვყოფილიყავი და თან, პარალელურად, რამე გამეკეთებინა. ამიტომ გადავწყვიტე ხელნაკეთი ნივთების შექმნა.
თავიდან ვაკეთებდი პატარა სამკაულებსა და დეკორატიულ ნივთებს, ნელ-ნელა ეს საქმე უფრო სერიოზულ საქმიანობად გადაიქცა.
– ფლობთ ბევრ ტექნიკას…
– წლების განმავლობაში შევისწავლე სხვადასხვა ტექნიკა და დღეს უკვე სხვადასხვა ტიპის ხელნაკეთ ნივთს ვქმნი. ვცდილობ, თითოეულ ნამუშევარში შევინარჩუნო ჩემი ხედვა და სტილი.
ყოველი ნამუშევარი ჩემთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ხშირად ხდება, რომ იდეა სრულიად სპონტანურად მოდის და ასეთი მომენტები მაძლევს ყველაზე დიდ სიამოვნებას – როცა იდეა მუშაობის პროცესში იბადება.
– ამ ბოლო დროს ტყავზე მუშაობამ გაგიტაცათ…
– ტყავზე მუშაობა განსაკუთრებით მომწონს, რადგან ეს მასალა ძალიან გამძლეა, მისი დამუშავება საინტერესო პროცესია და დიზაინის თვალსაზრისით უამრავ შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, უფრო აქტიურად შემექმნა ტყავის აქსესუარები და ასე ჩამოყალიბდა ჩემი ხელნაკეთი ბრენდი – „ხელთა“, რომლის ფარგლებშიც ვქმნი ჩანთებს, საფულეებსა და აქსესუარებს.
– ოჯახი გვერდში გიდგათ…
– ოჯახი ჩემთვის ყველაზე დიდი ძალაა. სამი შვილის დედა ვარ და თავისუფალ დროს ვუთმობ ხელსაქმეს. ხშირად საღამოს ან მაშინ ვმუშაობ, როცა დრო თავისუფალი მაქვს.
ოჯახის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია – ისინი ყოველთვის მამხნევებენ და ჩემი წარმატებით ხარობენ. მინდა განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო მეუღლისადმი, რადგან მისი მუდმივი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არა მისი გვერდში დგომა, ასეთ შედეგებს ვერც მივაღწევდი.
– თუ ახერხებთ, რომ ოჯახს შეეშველოთ შემოსავლით?
– მიხარია, რომ ჩემი საქმიანობით გარკვეულწილად ვეხმარები ოჯახსაც. ეს მაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას, რომ გავაგრძელო განვითარება და უკეთესი ნამუშევრები შევქმნა.
– უმეტესად რაზეა მოთხოვნილება…
– მომხმარებლების მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი დადებითი შეფასებები და ემოცია დიდი სტიმულია, რომ კიდევ უფრო უკეთესი ნამუშევრები შევქმნა. ყველაზე ხშირად მოთხოვნაა ტყავის ჩანთებზე, საფულეებსა და პრაქტიკულ აქსესუარებზე.
– გამოფენები …
– მონაწილეობა მიმიღია საქართველოს მასშტაბით გამართულ არაერთ გამოფენაში და თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილებაა. ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ შეგიძლია უშუალოდ შეხვდე ადამიანებს, გაუზიარო შენი ნამუშევრები და მიიღო მათი შეფასება.
– ბედნიერება?
– ბედნიერება ჩემთვის არის ოჯახი, ჯანმრთელობა და ის შესაძლებლობა, რომ აკეთო საქმე, რომელიც გულით გიყვარს. როცა ჩემი ნამუშევარი ვინმეს სიხარულს ანიჭებს, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.
– სამომავლო გეგმებში შედის სახელოსნოს გახსნაც…
– სამომავლოდ მინდა კიდევ უფრო განვავითარო ჩემი საქმიანობა, უფრო ფართო აუდიტორიას გავაცნო ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრები. მუდმივად ძიების პროცესში ვარ და ვაპირებ კიდევ რამდენიმე ტექნიკის შესწავლასაც. ჩემი დიდი სურვილია, მომავალში გავხსნა საკუთარი სახელოსნო, სადაც არა მხოლოდ შევქმნი ახალ ნამუშევრებს, არამედ ჩემს გამოცდილებასაც გავუზიარებ მოსწავლეებს და მათაც შევასწავლი ხელსაქმის სიყვარულს.


თამარ შაიშმელაშვილი