თეა წულუკიანი: ყველგან უნდა “ისმოდეს ბავშვის სიცილი”, ამბობდა ჩვენი პატრიარქი – თუმცა, მისთვის პატივის მისაგებად აზვირთებულ ხალხის ტალღაში, ბავშვებიც კი მხოლოდ მორიდებული ღიმილით გამოხატავენ ასაკს
“ყველგან უნდა “ისმოდეს ბავშვის სიცილი”, ამბობდა ჩვენი პატრიარქი – თუმცა, მისთვის პატივის მისაგებად აზვირთებულ ხალხის ტალღაში, ბავშვებიც კი მხოლოდ მორიდებული ღიმილით გამოხატავენ ასაკს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც წულუკიანი აღნიშნავს, ქართველი ერის უწყვეტი და სრულიად მდუმარე, მგლოვიარე ნაკადი ხილული სასწაულია.
“ყველგან უნდა “ისმოდეს ბავშვის სიცილი”, ამბობს ჩვენი პატრიარქი ერთ-ერთ ინტერვიუში. თუმცა, მისთვის პატივის მისაგებად აზვირთებულ ხალხის ტალღაში, ბავშვებიც კი მხოლოდ მორიდებული ღიმილით და ხანდახან ადგილზე ხტუნაობით ან მიწაზე დაჯდომით თუ გამოხატავენ ასაკს. მათ გუმანი კარნახობს, რომ ისტორიულ პროცესში მონაწილეობენ და თავშეკავებით იქცევიან. ტალღაში კი ძალიან ბევრი ბავშვია…
ქართველი ერის უწყვეტი და სრულიად მდუმარე, მგლოვიარე ნაკადი ხილული სასწაულია. ერი, რომელიც ყველასგან მხოლოდ დიდ პატივისცემას იმსახურებს.
ოცი წელი გავიდა თითქმის მას შემდეგ, რაც პირველად პატრიარქთან ჩემმა სულიერმა დამ, დედა ანასტასიამ მიმიყვანა. შეხვედრა ხანმოკლე გამოდგა, რადგან დაძაბულობისგან, მხოლოდ კითხვებზე პასუხს ვახერხებდი. რომ გაიგო, მარტოხელა ვიყავი და, სწავლისა და სტრასბურგში სამსახურის მეტი, არაფერი მებადა, გამეხუმრა: “აგიწყვიათ ცხოვრება, არც ქმარი, არც შვილი…” ეს ისეთი სითბოთი და მხიარულად თქვა, რომ მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ რჩევა უფრო იყო, ვიდრე უბრალოდ კეთილი ხუმრობა. მადლობა უფალს, რომ დღეს, მართალია ერთით, სულ ერთი კინკილა შვილით, მაგრამ მაინც უფრო გამოსწორებულმა, შევძელი, პატივი მიმეგო იმ ღვთიური ადამიანისთვის, ვინც შენ, რიგით მოკვდავს, გეტყოდა: “როგორ მობუზულხარ შენ, მოდი, ჩემი შალი მოგახურო.”- წერს წულუკიანი.