ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს პატრიარქის დაკრძალვის დღეს სამებისა და სიონის ტაძრების ტერიტორიაზე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე განმარტავს, ილია მეორის დაკრძალვის დღეს რა ზომები იქნება მიღებული სამების ტაძრის ტერიტორიაზე და რა სახის შეზღუდვები იმოქმედებს.

მისი თქმით, სამებაში ძირითადად ეზოს შუა ნაწილი შეიზღუდება, საიდანაც წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის გამოსვენება მოხდება.

„მრევლისთვის იქნება სივრცის გარკვეული ნაწილი, სადაც ალბათ შევძლებთ, შეზღუდული რაოდენობა შემოვიდეს. სავარაუდოდ ამის ხელით მართვა მოგვიწევს. ყველა სივრცე როცა შეივსება, შევეცდებით, მოსახლეობას ავუხსნათ, რომ მეტი ადგილი არ არის. მოგეხსენებათ, ჩამოდის მსოფლიო პატრიარქი და მან უნდა ჩაატაროს წირვა. შესაბამისად, წირვის პერიოდში აღარ იქნება მსვლელობა შიგნით. ადგილზე მობილიზებული იქნებიან საპოლიციო და თავდაცვის ძალები, რომლებიც მოსახლეობას მსვლელობაში შეუწყობენ ხელს. სამებაში ძირითადად შეიზღუდება შუა ნაწილი, საიდანაც წირვის დასრულების შემდეგ მოხდება პატრიარქის გამოსვენება. გვერდითა ნაწილები იქნება თავისუფალი და საზოგადოებას ექნება საშუალება, პატრიარქის გასვენებისას გვერდითა პოზიციები დაიკავონ, შემდგომში კი ნელ-ნელა გამოყვნენ მსვლელობას.

სიონის ტაძარს რაც შეეხება, ვიცი, რომ იქნება დაკეტილი და მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. არც მოქალაქეები, არც ქვეყნის მთავრობა არ იქნება. შემუშავებულია გეგმა და საბოლოო დეტალებს გავდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სადღაც გზები გადაიკეტება, რა ადგილამდეც მოქალაქეები თავისუფლად მივლენ და სადღაც – შეიზღუდება. დღეს იყო კომისიის სხდომა, ვმსჯელობთ, რამდენი სტუმარი იქნება და მსგავს დეტალებს გავდივართ. ხვალ, შუადღისთვის გვეცოდინება, რამდენი სტუმარი იქნება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში 6-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები