რას ჰყვებიან ადამიანები ილია II-ზე — კომენტარებიდან შეკრებილი ისტორიები
სოციალურ ქსელში, ფოტოგრაფ კახა გოგიჩაშვილის პოსტის კომენტარებში ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით ჰყვებიან პირად ისტორიებს — გულწრფელს, უბრალოს, მაგრამ განსაკუთრებულად თბილს. ეს არის ურთიერთობის ამსახველი ცოცხალი სურათები, რომელიც ხალხს აკავშირებდა ილია II-თან წლების განმავლობაში.
“მე და ჩემი სამი შვილი 6 საათი ვიდექით რიგში, ჩვენი მიუსვლელობა არ შეიძლებოდა:
1. 2010 წლის 26 იანვრის პირადი შეხვედრა მქონდა, როცა მისმა უწმინდესობამ როგორც უშვილო წყვილი დაგვლოცა და 5 წლიანი ლოდინის შემდეგ, 2010 წლის 08 ოქტომბერს ტყუპების დედა გავხდი..
2. 2012 წელს კვლავ პირადი შეხვედრა შედგა, მისი ლოცვით და კურთხევით მოვლენილი ტყუპები დალოცა და ვთხოვე კიდევ დაველოცე მესამე შვილზე;
3. 2013 წელს ჩემი მესამე შვილი დაიბადა და მონათლა…
4. 2024 წელს ვგეგმავდი შეხვედრას ოჯახით, მაგრამ მისი ავადმყოფობის გამო შეხვედრა ვერ შედგა…

ჩემი 76 წლის დედიკო დილით ადრე ქოლგით ხელში აუყვა აღმართს სამების ტაძრისაკენ… მალე იღლება, დიდხანს დგომა უჭირს… მადლობა იმ კეთილ ადამიანებს, ვინც მის გვერდით იდგა – ერთმა ქოლგა გამომართვა და მეორე ხელკავით მომეხმარა ნელ-ნელა კიბეებზე ასვლაში, არ მიმატოვესო სამწუხაროა, რომ მე შორს ვარ საქართველოდან… ნეტა, მეც მანდ წვიმაში ვმდგარიყავი.

ჩემი 3 წლის შვილი პატრიარქის ნათლული, რომელიც ბოლომდე ფეხით ავიდა და ეუბნება ადამიანებს გამატარეთ ჩემს ნათლიასთან მივდივარ დიდი სახლი რომ მოჩანსო ლაპარაკი ახლა ისწავლა ,შევედით დედაოს ყვავილი მიაწოდა და გთხოვთ ჩემ ნათლიას ვაკოცებო არ მჯერა რომ იქ ვიყავი. სასწაულია მისი სიყვარული უშველებელ რიგში ვიდექით და მშვიდად მივუყვებოდით რიგს მაგრამ თითქოს 5წუთი დაგვჭირდა შესასვლელად .ესა მისი სიყვარულის ძალაა მადლობა ჩვენო პატრიარქო.

არასდროს დამავიწყდება ავლაბრიდან სამებისკენ მიმავალი 4 საათი, საზოგადოების ასეთი ერთიანობა და სიყვარული. ნათლულები თითო თეთრი ვარდით ხელში პატარა ნაბიჯებით. მხოლოდ ჩურჩული და მოკრძალება. არანაირი სურვილი ,,ურიგოდ” წინ გაჭრის. ყველაზე მეტად იმ სითბომ გამაოცა, რასაც იქ მცხოვრები ადამიანები გასცემდნენ. ფანჯრიდან მოწოდებული წყალი, ეზოს კარზე გაკრული ხელით ნაწერი ფურცელი ,,ეზოში ონკანია””. როცა სხვისი ეზოს ონკანიც შენი გახდა. დაკარგული ბავშვი, – ,,ვეძებთ 8 წლის თამარს!”” ფრაზა, რომელიც ცოცხალ ჯაჭვად იქცა წამებში, ელვის სისწრაფით გავრცელდა ათასობით ხალხში, უკან დაბრუნებული პასუხი ,,თამარი მარცხენა მხრიდან ბრუნდება უკან” ….თამარი შეხვდა ძამიკოს შვება, რომელიც ყველამ საკუთარი შვილის პოვნასავით განიცადა.

მახსოვს პატრიარქი ჩაბრძანდა მანქანაში და დაიძრა ნელი სვლით. მე ძალიან ახლოს ვიდექი და როდესაც მანქანა მომიახლოვდა დამშვიდობების ნიშნად ხელი დავუქნიე. უცებ მანქანა შენელდა, ფანჯარა ჩამოიწია, პატრიარქი მიღიმის და ხელს მიქნევს. ახლა ვიღაც იფიქრებს, რა მოსაყოლი ისტორია ეს იყო. მისდამი ამ ფორმით გამოხატული სიყვარული, ამდენ ხალხში შეამჩნია. ამიტომ იყო ყველასაგან გამორჩეული, ამიტომ დაიტირა სრულიად საქართველომ და ღირსეული პატივი მიაგო. დღეს საქართველოს ,,ცხელი გული” სამების დიდ ტაძარში ასვენია. მიყვარხარ პატრიარქო

4.20 წუთი დაგვჭირდა ავლაბრის მეტროდან ტაძრამდე. 14 კილოიანი ქალბატონი გვეჭირა რიგრიგობით მე და მეუღლეს, მისთვისაც ძალიან რთული იყო და ჩემთვისაც (ახალი გაკეთებული მაქვს ოპერაცია ხერხემალზე). მოკლედ, ნენე იყო ძალიან არხეინად, იმღერა, რაც კი იცოდა, ორი წლის ასაკში ფოტოებს, ვიდეოებს უღებდა ხალხი, ისე გაამხიარულა გარშემომყოფები, მერიდებოდა რაღაც მომენტებში, ორჯერ ავცდით მე და მეუღლე. უსაყვარლესი და ულამაზესი წყვილი მოდიოდა ჩვენს გვერდით, ჯერ გოგომ გამომართვა ნენე, მერე მისმა თანმხლებმა ბიჭმა. ორჯერვე ჩემს გვერდით აღმოჩნდნენ, როცა ძალიან მჭირდებოდა დახმარება. ვუსურვებ ყველა სურვილის ასრულებას, რაც გუშინდელ საოცარ ღამეს სთხოვეს უფალს,”- ვკითხულობთ კომენტარებში.