ჯაბა სამუშია: პატრიარქს უდიდესი როლი მიუძღვის ერის ეკლესიისკენ შემობრუნებაში
“პატრიარქს უდიდესი როლი მიუძღვის ერის ეკლესიისკენ შემობრუნებაში,” – ამის შესახებ “დღის ქრონიკაში” თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობილი და კარგი მღვდელმთავრები გვყავდა, საბჭოთა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართული ეკლესია დასუსტებულიყო.
“ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცნობილი და კარგი მღვდელმთავრები გვყავდა, საბჭოთა რეჟიმმა ყველაფერი გააკეთა, რომ ქართული ეკლესია დასუსტებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ 15 ეპარქია იყო წმინდა სინოდში ხუთი მღვდელმთავარი გახლდათ. კათოლიკოს-პატრიარქს უწევდა, რომ რამდენიმე ეპარქიის მღვდელმთავარი თავად ყოფილიყო. ძალიან მცირე იყო სასულიერო პირების რაოდენობაც, სულ 46 ეკლესია ფუნქციონირებდა მთელს საქართველოში. აი ასეთი ეკლესია ჩაიბარა. 2-3 წელიწადში თვალნათლივ ჩანს სრულიად ახალი გზა, ახალი საეკლესიო პოლიტიკა, რომელსაც მისი უწმინდესობა დაადგა – იზრდება ეკლესიების რაოდენობა, სასულიერო პირების რაოდენობა და რაც ყველაზე ნიშანდობლივია თვითონ პატრიარქი სინოდის წევრებთან ერთად საპატრიარქოს კარების უხსნის ყველას. ეს იყო ის, რომ მან ქართული ეკლესიის ახალი ეპოქა დაიწყო. მან უდიდესი როლი ითამაშა, რომ ერი ეკლესიასთან და ეკლესიაში მიიყვანა. ხალხმა პირჯვრის გადაწერა არ იცოდა. ყველაფერმა ამან ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რასაც დღეს ვუყურებთ. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც მადლობას უხდიან, ეს არის სამადლობელი იმისთვის, რასაც მისი უწმინდესობა გასცემდა.
2000 წელს გადაწყდა, რომ სამების საკათედრო ტაძარს უნდა ჰყოლოდა თავისი მემატიანე. იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავზე აიღო სრულად მისი მშენებლობა და სრულიად სხვა მასშტაბით წარიმართა ეს პროცესი. თუ მანამდე ფაქტობრივად მხოლოდ ფუნდამენტი იყო ამოყვანილი, ამის შემდეგ ტაძრის მშენებლობა 4 წელიწადში დასრულდა. ეს ყველაფერი უნდა აღწერილიყო. მისი უწმინდესობა კვირაში ორჯერ ან სამჯერ თვითონ მოდიოდა სამებაში. ეს იყო ცალკე საოცრება. თვალწინ წარმომიდგებოდა ძველი ტაძრების მშენებლობა. ზარების რეკვის ფონზე მუშები ჩამოდიოდნენ ხარაჩოებიდან, არასოდეს მისი უწმინდესობა არ მოსულა ისე, რომ სანოვაგე არ მოეტანა თითოეული მუშისთვის”, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.