“პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ქართველ ხალხს – მან შექმნა უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც შვიდგზის ლოცვის წესი შემოიღო” – დავით ქართველიშვილი
“ამ დღეებში ორმაგი გრძნობა გვეუფლება – წუხილის, სევდისა და ამავდროულად დიდი სიხარულისა და სიამაყის შეგრძნების, რომ ამ წუთისოფელში ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა”, – ამის შესახებ დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ქართველ ხალხს – “მან შექმნა უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც შვიდგზის ლოცვის წესი შემოიღო”.
„პატრიარქი ზრუნავდა იმაზე, რასაც ჰქვია მატერიის გასულიერება, განსხვავებით იმ დასავლური ქრისტიანული კონფესიებისაგან, რომლებიც სამწუხაროდ ზრუნავენ გასულიერების მატერიალიზაციაზე.
უწმინდესის გარდაცვალებას მსოფლიო ტრაგედია შეიძლება, ვუწოდოთ ძალიან ბევრისთვის, იგივე დასავლური ქრისტიანული კონფესიის მამამთავრებისთვის, რომლებიც უდიდეს პატივისცემას გამოხატავდნენ ჩვენი პატრიარქის მიმართ. ჩვენ გვახსოვს არაერთი რომის პაპის სურვილით ნაკარნახევი ჩამოსვლა, მხოლოდ იმისთვის, რომ შეხებოდნენ პატრიარქს და მისგან ერთი-ორი სიბრძნე მაინც წამოეღოთ.
ჩვენთვის ასევე ცნობილია უდიდესი სიყვარული ჩრდილოელ კავკასიელებისა, განსაკუთრებით ინგუშების, რომლებიც საკუთარ მამად მიიჩნევენ პატრიარქს. მივესალმები არა მხოლოდ აზერბაიჯანელებს, იეზიდებს, რომლებმაც საკუთარი ბაირამები დათმეს იმის გამო, რომ დღეს სრულიად საქართველო პატრიარქის გარდაცვალებაზე წუხს“, – აღნიშნა ქართველიშვილმა.