„თემო ნაცვლიშვილი -100“ – წიგნის წარდგენა და პატრიარქისადმი მიძღვნილი მედლების გამოფენა გაიმართება

23 მარტს, 17 საათზე, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება წარდგენა წიგნისა – „თემო ნაცვლიშვილი – 100“. ჟურნალისტ პაატა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, წიგნის გარდა მუზეუმში გამოიფინება სამი  მედალი, რომლებიც თემო ნაცვლიშვილმა პატრიარქს მიუძღვნა.
„თემო ნაცვლიშვილი – საქართველოს პატრიარქს.
თითქმის 50 წელიო – ყოველდღე გვახსენებენ ტელევიზიით, მაგრამ ეს 50 წელი, სულ ცოტა, 70 წელია! ილია II-ს პატრიარქობამდეც ბევრი რამ აქვს გაკეთებული – როგორც შემოქმედელ ეპისკოპოსს, როგორც სასულიერო სემინარიის რექტორს, როგორც ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს… 44 წლის იყო მიტროპოლიტი ილია შიოლაშვილი, პატრიარქად რომ აირჩიეს.
და იმის მიუხედავად, რომ მე მას პატრიარქობამდეც ვიცნობდი, ილია II-ის აღსაყდრება 1977 წლის 25 დეკემბერს დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილებაა ჩემთვის. ასევე იყო მამაჩემისთვისაც. ჩვენ ერთად დავესწარით სვეტიცხოველში პატრიარქის ინტრონიზაციას.
მამაჩემმა იმდღევანდელ მოვლენას მემორიალური მედალი მიუძღვნა. მერეც ორჯერ მიუბრუნდა ამ თემას – პატრიარქის აღსაყდრების მე-20 და 25-ე წლისთავზე. თუ ზუსტად მახსოვს, მამაჩემმა ეს მედლები თავის დროზე ბრინჯაოში ჩამოასხმევინა და პატრიარქს აახლა.
სამივე ეს მედალი გამოიფინება ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში, სადაც 2026 წლის 23 მარტს, 17 საათზე გაიმართება წარდგენა წიგნისა „თემო ნაცვლიშვილი -100“, – წერს პაატა ნაცვლიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები