თინათინ რუხაძე: პატრიარქი ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა
“ბედნიერებაა, რომ ჩვენ გვქონდა საშუალება, მასთან შეხება გვქონოდა. 50 წელი განებივრებული ვიყავით იმით, რომ ის ჩვენი ქვეყნის პატრიარქი და მღვდელმთავარი იყო. ნამდვილად იყო ყველა ჩვენგანის სულიერი მამა. ყველას გვაქვს ჩვენი პირადი ისტორიები, რომელიც უკვე ფასდაუდებელია,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.
„ჩემს ცხოვრებაში მართლაც ძალიან დიდი როლი აქვს – დაახლოებით, სამი ათეული წელია. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ გზაზე მომეხმარა, რომ პატრიარქთან შეხება მქონოდა. მადლიერი ვარ ჩემი ცხოვრების, რომ ესეც ჩემი პირადი ფასდაუდებელი გამოცდილებაა – ის იყო ძალიან დიდი ფიგურა. მან შეძლო 70-იანი წლებიდან, ჯერ კიდევ იმ ავბედით ეპოქაში, როდესაც ის გახდა ჩვენი ქვეყნის პატრიარქი, რომ განმანათლებელიც ყოფილიყო, აკადემიის შექმნაში მიეღო მონაწილეობა, ხელოვანებისთვის, მეცნიერებისთვის, ასობით პროფესიის ადამიანისთვის ყოფილიყო ნამდვილად სტიმულის მიმცემი. ძალიან პროგრესული ადამიანი იყო. არ მახსოვს, რომ რაიმე კარგს, ახალს კრიტიკულად მისდგომოდა. ყოველთვის ძალიან მონდომებული იყო. გულდასმით გისმენდა და ისე შეგაგულიანებდა, რომ ყველა ჩვენ დაფრთიანებული გამოვდიოდით იქიდან, რომ შეგვიძლია ბევრი ვაკეთოთ“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.