“ეკლესიის აღმავლობა ეტყობოდა ყოველ წელს ლიტანიობას, აღდგომის დღესასწაულს, როდესაც მეტი და მეტი ხალხი მოდიოდა; ეს პატრიარქის გამარჯვება იყო” – კონსტანტინე გამსახურდია
“ეკლესიის აღმავლობა ეტყობოდა ყოველ წელს ლიტანიობას, აღდგომის დღესასწაულს, როდესაც მეტი და მეტი ხალხი მოდიოდა. 1984 წელს მიაღწია ხალხის რაოდენობამ რეკორდს და ეს პატრიარქის გამარჯვება იყო”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ გადაცემაში „ღია ეთერი“ ისაუბრა.
„მე პატრიარქ ეფრემის ნათლული ვარ, მაშინ სიონის ტაძარში 20-25 ადამიანი თუ ესწრებოდა წირვას და საინტერესოა, რომ აქედან 2/3 არაქართველი იყო. ძირითადად რუსები იყვნენ. თვითონ სინოდშიც 2-4 მღვდელმთავარი იყო. მთელი საქართველოში ფუნქციონირებდა 50 ტაძარი.
1977 წელს, როდესაც პატრიარქის აღსაყდრება მოხდა, აქ დიდი როლი შეასრულეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ, რომლებმაც ხელი შეუშალეს გარკვეულ გეგმებს და როგორც ჩანს, ეს გეგმები მოდიოდა საბჭოთა იმპერიის ცენტრიდან და მას ჰყავდა გარკვეული მომხრეები საქართველოს ცენტრალურ კომიტეტში და უშიშროების კომიტეტშიც და მათ არ სურდათ ილია მეორის პატრიარქობა.
ამის შემდეგ მოხდა ის, რომ პატრიარქის აღსაყდრებას ხელი ვეღარ შეუშალეს და 1977 წლიდან გვაქვს თვისობრივად ახალი პერიოდი ეკლესიაში. აქედან ვითარდება ის სინერგია, რომელმაც მიგვიყვანა რელიგიურ აღმავლობამდე.
სიონის ტაძარი იყო ახალი კოხტასთავის შეთქმულების ადგილი, სადაც იკრიბებოდნენ უშიშარი ინტელექტუალები, პატრიოტები, ადამიანები, ვისაც არ ეშინოდათ დაპატიმრების.
მაშინ პატრიარქმა დაიწყო გასვლები და ეს იყო იმ ეკლესიების გახსნა, რომელიც იყო ქალაქგარეთ, მაგრამ მათ ბოქლომი ედოთ. ეს სინერგია, რომელიც 80-იანი წლების მანძილზე განვითარდა, 1988 წელს კონკრეტულ შედეგებამდე მივიდა და პირველი ეკლესია, რომელიც ასე გაიხსნა, იყო ნაძალადევში – ის ეკლესია, რომლის ადგილზე კომუნისტური ხელისუფლების დრო აბანო იყო გახსნილი“, – აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ.