“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”: თბილისს უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება

0

“დღეს, ნატა ფერაძის მიერ გავრცელებული ლაბორატორიული ანალიზის პასუხი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყალზე ჩატარდა, არანაირ კავშირში არ არის სასმელი წყლის ხარისხთან”,-ამის შესახებ ინფორმაციას GWP-ი ავრცელებს.
კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად​, თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
​რაც შეეხება GWP-ის მიერ თბილისის წყალსაცავიდან ნედლი წყლის მოპოვებას და სასმელ წყლამდე დაყვანას – წყალაღება ხდება მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიიდან, რომელიც მდებარეობს ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, 10 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური ტუმბო აგრეგატებით. ​
GWP-ი, როგორც მდინარე არაგვიდან, ასევე თბილისის წყალსაცავის სანიტარულად დაცული ტერიტორიიდან  მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს. ლაბორატორიული ანალიზი  ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ტარდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.
ამის შემდეგ ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას.
​პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30-წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შემოწმებას GWP-ის სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ, რის შემდეგაც თბილისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება”,-ნათქვამია GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი