ახალ ზელანდიელთა წარმატებული მომავალი და ქართველთა იმედი აფრასიძე

0

მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები უშანსოდ გაანადგურა და აღნიშნული ტურნირი მეექვსედ მოიგო. “ბეიბი ბლექსი” შეხვედრის პირველივე წუთებიდან აკონტროლებდა თამაშს და მოპოვებული დიდი უპირატესობა უმალ ტაბლოზე ასახა. ზელანდიელებმა საწყის 40 წუთში მეტოქე 6-ჯერ დაალელოვეს და აქედან 5-ჯერ ზუსტად გარდასახეს, ხოლო ინგლისელებმა მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოს დადება მოახერხეს და ტაიმი 7:40 დასრულდა.
მეორე ნახევარში ზელანდიელებს ამხელა უპირატესობა აღარ ჰქონიათ და ეს აღარაფერში სჭირდებოდათ. “ბეიბი ბლექსმა” მეტოქესაც მისცა თამაშის საშუალება და მეორე ტაიმის ანგარიშში სხვაობა ასეთი კატასტროფული აღარ ყოფილა. ზელანდიელებმა ლელოს დადება 4-ჯერ შეძლეს და ორჯერ გარდასახეს ზუსტად, ხოლო “წითელმა ვარდებმა” ორი გარდაუსახავი ლელოს გატანა შეძლეს და შეხვედრა “ბეიბი ბლექსის” შესანიშნავი გამარჯვებით 17:64 დასრულდა. მესამე ადგილზე სამხრეთ აფრიკა გავიდა, მეოთხეზე საფრანგეთი, მეხუთეზე ავსტრალია, მეექვსეზე შოტლანდია, მეშვიდეზე უელსი, მერვეზე იტალია.
მე-9 ადგილისთვის შეხვედრაში კი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ირლანდიამ უმცროს ბორჯღალოსნებს 24:18 სძლია. შეხვედრის მთავარი მოვლენა კი გელა აფრასიძის ლელო იყო, რომელმაც თამაშიც დაამშვენა და გულშემატკივარს ახალი ქართველი ვარსკვლავის გამოჩენა ამცნო.
ამრიგად უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შარშანდელი შედეგი გაიმეორეს, ელიტაში დარჩნენ და მე-10 ადგილი დაიკაეს.
მეთერთმეტე პოზიცია არგენტინას ერგო, ხოლო ბოლოზე სამოა აღმოჩნდა და უძლიერესთა შორის ადგილი დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი