საქართველოს სახალხო პოეტის, პოეტ-აკადემიკოსის – იოსებ გრიშაშვილის დაბადებიდან 135 წელი გავიდა
საქართველოს სახალხო პოეტის, პოეტ-აკადემიკოსის – იოსებ გრიშაშვილის დაბადებიდან 135 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს იოსებ გრიშაშვილის წარუშლელ ღვაწლსა და სახელს.
იოსებ გრიშაშვილი ბავშვობიდანვე დაუახლოვდა ქართულ თეატრს; სუფლიორიც იყო და მსახიობიც, მაგრამ მალე თავის ნამდვილ მოწოდებას პოეზიაში მიაგნო.
იოსებ გრიშაშვილმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი უმდიდრეს ქართულ პოეზიაში, როგორც ვერსიფიკაციის ერთ-ერთმა რეფორმატორმა – ორიგინალური პოეტური ენით, თავისებური ბგერწერით, რითმებითა და რიტმებით. დრომ ვერ გაახუნა მისი სატრფიალო ლირიკა, „თბილისის მეზვრედ“ და ტრუბადურადაც სამუდამოდ დარჩა.
თაობები მისგან სწავლობენ თბილისის სიყვარულსა და „სიძველისადმი გრძნობა-პატივს“. ლექსების გარდა, ამავე მიზანს ემსახურება ასევე გაუხუნარი წიგნი: „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“.
იოსებ გრიშაშვილის შემოქმედებით, მართლაც ვხვდებით, ასე ანდამატივით რატომ დარაჯობს პოეტი თბილისის კარიბჭეს.
„მიყვარს თბილისი, ირაკლივით მუდამ მშფოთარი და მსურს, აქ მოვკვდე, რომ მისი მზე სწვავდეს ჩემს კუბოს“… – ეს სტრიქონი ისევე უკვდავია, როგორც მისი ავტორის ხსოვნა.