თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება

თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ სამუშაოს მაძიებლებისთვის თელავში (ერეკლე II გამზ. N1 (თელავის ისტორიული მუზეუმი), 7 დეკემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართება. რეგიონალური ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით იმართება და 13:00-დან 15:00-საათამდე გაგრძელდება.
როგორც “კვირას” სოციალური მომსახურეობის სააგენტოდან აცნობეს, დასაქმების ფორუმზე 30-მდე დამსაქმებელი 1000-მდე შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი. კერძო სექტორი ფორუმზე თავისუფალ ვაკანსიებს მომსახურების, გაყიდვების, სამედიცინო-ფარმაცევტულ, ტურიზმის, საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სფეროებიდან წარმოადგენს.
სააგენტოს ცნობით, ფორუმში მონაწილეობა თბილისსა და კახეთში მცხოვრებ ნებისმიერ სამუშაოს მაძიებელს შეუძლია.
“​მათ სახლიდან ონლაინ, ან ფორუმის მსვლელობის პროცესში საშუალება ეძლევათ დარეგისტრირდნენ შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე. დასაქმების ფორუმის ძირითად სამიზნე ჯგუფს პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადამზადებული და შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემა worknet.gov.ge-ზე დარეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელი წარმოადგენს. პროგრამის პირველ და მეორე ეტაპზე სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსით უკვე 3000-მდე პირმა ისარგებლა. მსურველთა რაოდენობა მზარდია, რაც მიგვანიშნებს, რომ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს.
დასაქმების ფორუმი ამარტივებს წვდომას ვაკანსიებზე და ეფექტური საშუალებაა სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. დასაქმების ფორუმის მიზანია: ქვეყანაში უმუშევრობის შემცირება; შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისბალანსის აღმოფხვრა; დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის უშუალო კომუნიკაციის დამყარება დროის მცირე მონაკვეთში”, – ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისათვის, 2018 წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის თანამონაწილეობით და ორგანიზებით თელავის ფორუმის ჩათვლით 12 დასაქმების ფორუმი ჩატარდა. ქალაქ თბილისში: ჩუღურეთის, გლდანის, ნაძალადევის, ისნის, ვაკის, საბურთალოს, კრწანისის, სამგორის რაიონებში, ასევე ჩატარდა რეგიონებში: ბათუმის, თეთრიწყაროს და რუსთავის დასაქმების ფორუმები.
#ჯანდაცვა2018 #დასაქმება2018

(R)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები