ირანში ჩამოგდებული თვითმფრინავის ტრაგედია და რუსული მედია შტურმი ახალი ქართული აქცენტით

17 თებერვალს, ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდებიდან ორმოცი დღე გავიდა. ამ დღეს, დაღუპულებს, უკრაინაში კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი. სამგზავრო ლაინერი თეირანის მახლობლად 8 იანვრის დილას ჩამოვარდა, მის ბორტზე 176 ადამიანი იყო, მათგან ვერც ერთი ვერ გადარჩა. თავდაპირველად, ირანის ხელისუფლებამ რაკეტის გაშვება ამ თვითმფრინავის მიმართულებით კატეგორიულად უარყო-თუმცა მას შემდეგ, როცა მთელი მსოფლიოსთვის ცხადი გახდა, თუ რამ გამოიწვია ტრაგედია, დანაშაულის ჩადენა ოფიციალურად აღიარა. ეს 11 იანვარს გააკეთეს. მომხდარიდან სამი დღის განმავლობაში ამ ტრაგედიის ირგვლივ მრავალი განცხადება, მოსაზრება, პოზიცია თუ კითხვის ნიშანი გაჩნდა. ასევე, ეს თემა გახდა დეზინფორმაციის, მასშტაბური პროპაგანდისა და ტროლინგის დიდოსტატების-კრემლის და მისი მედია რუპორების მთავარი საკბილო. როგორც აღმოჩნდა, მათ არ ჩამორჩა არც ახლახან საქართველოს მედია სივრცეში აღმოცენებული მცირე, მაგრამ აქტიური საინფორმაციო გვერდი „ნიუს-ფრონტი“; მისი რედკოლეგია აგრეთვე ამ დეზინფორმაციული „ფრონტის“ წინა ხაზზე დადგა…

8 იანვარს მომხდარი ტრაგედიის და შემდგომი მოვლენების გაშუქების, საზოგადოებისთვის ყალბი ინფორმაციის მიწოდების, კომენტირების შოკისმომგვრელი ხერხი შეიძლება სპეციალურ სახელმძღვანელოებში შევიტანოთ-. ეს იმის საჩვენებლად თუ როგორ ცდილობს კრემლი და მისი პროპაგანდისტული მანქანა ნებისმიერ სიტუაციაში ადამიანების ტვინებზე ზეგავლენის მოხდენას. 176 უდანაშაულო ადამიანის დაღუპვა განა ისეთი რამეა, რის გამართლებაც, რით მანიპულირება არ შეიძლება?

მოდით, თვალყური მივადევნოთ ამ მედია შტურმის დამადასტურებელ ფაქტებს:

მაშინ, როცა უკრაინული „ბოინგის“ ჩამოვარდნის თაობაზე ინტერნეტში უკვე გაჩნდა ვიდეო კადრები, სადაც რაკეტის დარტყმის მომენტი ჩანს, როდესაც სადაზვერვო ინფორმაციებზე დაყრდნობით დასავლეთში უკვე გაკეთდა განცხადებები, როცა არ აღმოჩნდა თვითმფრინავის ძრავის აალების კვალი, РИА «Новости»-მ გამოაქვეყნა რუსი ექსპერტის, სამხედრო-პოლიტიკური ანალიზის ბიუროს ხელმძღვანელ ალექსანდრ მიხაილოვის ინტერვიუ სათაურით: „ირანის მონაწილეობა კატასტროფაში გამორიცხულია!“ ალექსანდრ მიხაილოვი: „რაკეტებს „Fateh-313“ არანაირად არ შეეძლოთ იმ უკრაინული ლაინერის მარშრუტის გადაკვეთა, რომელიც თეირანიდან მოფრინავდა და ნებისმიერ სპეკულაციებს ამ თემაზე არაფერი აქვს რეალობასთან“. 10 იანვარს დილით, „Комсомольская правда“-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც სამხედრო ჟურნალის მთავარი რედაქტორი ვიქტორ მურახოვსკი ამბობს: „ირანულ ჰაერსაწინააღმდეგო ძალებს არანაირად არ შეეძლოთ „ბოინგი“ და უპილოტო საფრენო აპარატი ერთმანეთში არეოდათ, ეს სირიაში ათობით წარმატებული სროლით დამტკიცდა.“ ინტერვიუში ექსპერტი ასევე ამტკიცებს, რომ რუსული წარმოების ყველა საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „Тор-M1“ ქალაქ ბუშერშია განთავსებული და მათი გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

რუსეთის „პირველი არხის“ საინფორმაციო გამოშვებებში იმ დღეს აქცენტს ირანული მხარის პოლიტიკურ პოზიციაზე აკეთებდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა. არადა, კატასტროფა რამდენიმე საათის მომხდარი იყო და უკრაინის მხარე მომხდარის სრულ სურათს არ ფლობდა. ამას გარდა, ირანის აღიარებამდე, რუსულმა ტელეარხებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ყველა ის სამოყვარულო ვიდეო/ ფოტო და დასავლურ მედიაში გამოთქმული ნებისმიერი წყაროს განცხადებები, ირანის არმიის შემხებლობასთან დაკავშირებით.

10 იანვარს „Вести“-ს საღამოს გამოშვებაში, ირანის ბრალეულობის თაობაზე, კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს და ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის უკვე ძალიან მკაფიო განცხადებებს, მორიგი „highly likely” უწოდეს; მარია ზახაროვას ამ საყვარელ, ირონიულ ფორმულირებას რუსულ მედიაში მას მერე იყენებენ, რაც ლონდონმა კრემლს სერგეი სკრიპალის მოწამლვაზე პასუხისგებლობაზე დააკისრა. სამხედრო ექსპერტი ვიქტორ მურახოვსკი ამბობს: „კანადის პრემიერი ვერ იქნება გავლენიანი ექსპერტი ჰაერ-საწინააღმდეგო ძალებისა და ავიაციის საკითხებში. ის მოლაპარაკე თავია, რომელსაც ფურცელი დაუდეს-მან ეს ფურცელი წაიკითხა“.

10-11 იანვარს ღამით, „Russia Today“-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც „ირანის დემონიზაციის“ თაობაზე იყო გამოთქმული შეშფოთება. სტატია ეხებოდა იმას, რომ დასავლეთი თეირანს უკრაინული ბოინგის ჩამოგდებაში დაუსაბუთებლად ადანაშაულებს. ამ მასალაში არხი ეყრდნობოდა ორი ექსპერტის აზრს. მათი პათოსი შემდეგია-დამნაშავე ყველაა, ირანის გარდა. პოლიტოლოგი ალექსანდრე ასაფოვი პირდაპირ ამბობდა: „ირანის შემხებლობის შესახებ მტკიცებულებები არ არსებობს და არც იქნება“. არადა უკვე ამ დროს განცხადებები გააკეთეს როგორც დასავლელმა ლიდერებმა, ასევე უკრაინის მხარემ, სოციალურ ქსელშიც გავრცელდა ვიდეო კადრები, სადაც ნათლად ჩანდა, თუ როგორ ხვდებოდა რაკეტა მფრინავ ობიექტს და ასე შემდეგ.

11 იანვარს , როდესაც ირანის ხელისუფლებამ აღიარება გააკეთა, რადგან სხვა გზა არ ჰქონდა- რუსულ მედიაში ახალი ნარატივი გაჩნდა-შესაძლოა ეს ირანის რევოლუციური გვარდიის ოფიცრის ღალატი ან მისი მოსყიდვის შედეგი იყო. სამხედრო მიმომხილველმა ვიქტორ ბარანეცმა „Комсомолка”-ს სწორედ ასეთი აზრი მიაწოდა: „ეს შეეძლო გაკეთებინა ან ოფიცერს, რომელიც არ იზიარებდა ხელისუფლების პოლიტიკას, ან უცხო ქვეყნის დაზვერვის მიერ მოსყიდულს“.
ამას გარდა, ჟურნალისტმა სტანისლავ ნატანსონმა ირანი ღიაობის გამო პირდაპირ შეაქო, მისმა კოლეგამ ანდრეი მედვედევმა კი დიდი ეჭვი შეიტანა იმ სამოყვარულო ვიდეოს ნამდვილობასთან დაკავშირებით, რომელზეც ავია კატასტროფის მომენტი მკაფიოდ ჩანდა. წამყვანმა ანატოლი კუზიჩევმა, რომელსაც ხმაურიანი ტელე დისკუსია მიყავდა, აღნიშნა, რომ ადამიანები რობოტები არ არიან და „როდესაც ხედავ წერტილს, რომელიც მიფრინავს, უბრალოდ ხელს აჭერ ღილაკს“. აი ასეთი გამართლება მოუძებნა პირდაპირ ეთერში რუსმა ტელე ჟურნალისტმა 176 უდანაშაულო ადამიანის დაღუპვას;

მსგავსი მაგალითების, ინტერნეტში ათასობით „ტროლის“ თუ კომენტატორის მიერ ასეთი უაპელაციო, დაუნდობელი და მავნებლური ტექსტების უთვალავი რაოდენობით ჩამოთვლა შეიძლება. რუსული მედია, ექსპერტ-პოლიტოლოგები და ყველაფრის მცოდნეები ერთ რობო-რიტმში აცხადებდნენ, რომ ბოინგი, რომელიც ერთ წამში ნამსხვრევებად იქცა, ავია დარტყმის მსხვერპლი არ იყო და ვერც იქნებოდა. ამ თეზის და შეთავსებით „დეზის“ დასამტკიცებლად 3 დღეში მათ იმდენნაირი მიზეზის თუ „ფაქტის“ წარმოდგენა მოასწრეს, ირანელებს აზრადაც რომ არ მოუვიდოდათ. ასევე, შემდეგ სინქრონულად ჩაიციკლნენ, რომ ეს იყო ადამიანური შეცდომა, ადამიანები რობოტები არ არიან, ხდება ხოლმე, მარგარიტა სიმონიანმა საერთოდ თქვა, რომ აღიარების შემდეგ „ირანი ქების ღირსია, ნამდვილი მუჟიკივით მოიქცა!“…რუსული პროპაგანდისტული მანქანის “РТ-ს მთავარმა რედაქტორმა მარგარიტამ მკვლელები აი ასე, მარტივად შეაქო და გმირების მანტიაში შემოსა.

რა თქმა უნდა, საინტერესოა რა იყო ამ ყველაფრის და მედია ისტერიკის მიზეზი? რატომ გახდნენ ამ შემთხვევაშიც რუსები „პაპზე უფრო კათოლიკეები? ბუნებრივია, ერთ-ერთი მიზეზი რუსეთ-ირანის მოკავშირეობაა და კრემლის გეოპოლიტიკური ინტერესების მღვრიე წყალი, დასავლეთისგან მტრის ხატის დახატვაც. ერთ-ერთი უმთავრესი კი სავარაუდოდ ის ფაქტია, რომ მომაკვდინებელი რაკეტები საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „Тор-M1“-დან იყო გამოშვებული. ეს კომპლექსი რუსული წარმოებისაა. არსებული ინფორმაციით, ირანული არმიის შეიარაღებაში, რუსეთში ნაყიდი 29 ასეთი კომპლექსია.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 6 წელიწადში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა სამოქალაქო ლაინერი, ასობით მგზავრით ბორტზე, რუსული წარმოების რაკეტების მოხვედრის მსხვერპლი ხდება. წინა შემთხვევაში, საუბარია 2014 წლის 17 ივლისს „მალაიზიური ავიახაზების“ კუთვნილ „ბოინგზე“, რომელიც უკრაინელი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოაგდეს. ბორტზე 298 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა. ვერც ერთი ვერ გადარჩა.
ეს საკითხი კი რუსული მედია ისტერიკის მეორე მიზეზი გახდა.

და ბოლოს, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ირანში მომხდარი ტრაგედიის გაშუქების რუსულ სახელმწიფო პროპაგანდის დღის წესრიგს ახლად აღმოცენებული, „მრავალფეროვანი“ ინტერნეტ გამოცემა „news-front”-ი არ ჩამორჩა; ეს ვები რუსული, ასეთივე „ფრონტული“ სახელწოდების პროპაგანდისტული ინტერნეტ-მანქანის ქართული რედაქციაა, რუსეთის ხელისუფლებისადმი ძალიან კეთილად განწყობილი ქართველებით არის დაკომპლექტებული. მათ მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ: „კანადის პრემიერ-მინისტრი, მსოფლიოში ცნობილი გეი-ლობისტი ჯასტინ ტრიუდო, ირანის ისლამურ რესპუბლიკას ადანაშაულებს უკრაინული სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებაში, რომელიც 8 იანვრის დილით თეირანის აეროპორტიდან აფრინდა, მაგრამ ცეცხლმოდებული, კვლავ დაჯდომის მცდელობისას, დაიმსხვრა.“
ამავე სტატიაში წერია: „ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.“

ანუ, რა გააკეთეს და- კანადის პრემიერ-მინისტრის ტრიუდოს დამაკნინებელი სახე დახატეს, ტრაგედიასთან დაკავშირებულ მასალაში მისი მომღიმარი ფოტო გამოიყენეს, მომხდარზე გამოძიება თვითონვე ჩაატარეს, დასკვნა დადეს და ირანული მხარის თავდაპირველი ვერსია აპრიორი მართებულად გამოაცხადეს. აი, ასე და ამგვარად, რუსული პროპაგანდის ნიაღვარს პატარა ნაკადით აღნიშნული ქართულენოვანი რესურსიც შეუერთდა და ალბათ კიდევ ბევრჯერ გააკეთებს იმას, რასაც სათაო ოფისში დაავალებენ. 176 უდანაშაულო ადამიანი იქნება თუ 298, რა მნიშვნელობა აქვს?

ლილე კილასონია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები