“ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ უკანონო რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს” – სამ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ უკანონო რეალიზაციის მიზნით დააფასოვეს და სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს.
“სამართალდამცველებმა თბილისში სხვადასხვა ლოკაციიდან და ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას 73 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,მეთადონი“ ამოიღეს.
დაკავებულთაგან ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის ,,ბ“ და „ე“ და მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე კვარტა მუხლის მე-4 ნაწილით და 19, 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მცდელობა) წარედგინა, რაც ასევე 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა”, – წერია ინფორმაციაში.