“ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა უკანონოდ მიისაკუთრა მისთვის კანონიერად მინდობილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ორ პირზე გაასაღა” – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ, ნარკოტიკული საშუალების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციისა და ჯგუფურად ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა.
უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე -2 განყოფილების უბნის ინსპექტორმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უკანონოდ მიისაკუთრა მისთვის კანონიერად მინდობილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდგომ მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ორ პირზე გაასაღა.
“გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ მისაკუთრებული და შემდგომ რეალიზებული ნარკოტიკული საშუალება „მორფინი“, ასევე იმ პირებისგან, ვისზეც მოხდა ნარკოტიკული საშუალების რეალიზება, ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.
დაკავებული სამივე პირის მიმართ განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა მათი საცხოვრებელი ბინებისა და პირადი ჩხრეკები.
დაკავებული სამი პირიდან ერთ პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 260-ე ტერცია მუხლის მეოთხე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ პირს კი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის ზომად 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”, – წერია ინფორმაციაში.