ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრის წარუმატებლობის ალბათობა 25%-ია

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მისი შეხვედრის წარუმატებლობის შანსი 25%-ია.

თეთრი სახლის ლიდერმა Fox Radio-სთან ინტერვიუში აღნიშნული სამიტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მეორე შეხვედრისთვის მომზადების მცდელობად მიიჩნია.

„ეს შეხვედრა მეორე შეხვედრისთვის მზადებას წარმოადგენს. მეორე შეხვედრა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს იქნება შეხვედრა, სადაც ისინი შეთანხმებას მიაღწევენ“, – თქვა ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვარაუდი გამოთქვა, რომ მეორე შეხვედრის დროს საზღვრებსა და მიწებზე „მიღება-დათმობა“ იქნება.

მისი თქმით, ხვალინდელი შეხვედრა „ჭადრაკის თამაშს ჰგავს“.

„ეს შეხვედრა მეორე შეხვედრისთვის მზადებას წარმოადგენს, მაგრამ არსებობს 25%-იანი შანსი, რომ ეს შეხვედრა წარმატებული არ იყოს“, – დასძინა მან.

ტრამპმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რუსეთისთვის დამატებითი სანქციები დააწესოს, თუ შეხვედრა კარგად არ დასრულდება.

„კი, ასე მოვიქცევი… თუ ეს არ მოგვარდება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები