ირაკლი ნადარეიშვილი: „ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით ფრენების დაწყება წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტურიზმის ხელშეწყობის, ისე იტალიასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით”

„ავიაკომპანია Wizz Air მიმდინარე წლის 2 დეკემბრიდან რეისებს შეასრულებს ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია როგორც ტურიზმის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ასევე იტალიასთან ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილმა.

წარმატებით დასრულებული მოლაპარაკების შედეგად, Wizz Air ვენეცია-ქუთაისი-ვენეციის მიმართულებით რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს.

ირაკლი ნადარეიშვილი ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობის როგორც საავიაციო, ასევე ტურიზმის განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ მიმართულებას პირდაპირი დაკავშირებადობა წარმოადგენს – პირდაპირი ფრენები საქართველოსა და მსოფლიოს ქალაქებს შორის. შესაბამისად, მისი შეფასებით, Wizz Air-ის მიერ იტალიის კიდევ ერთი, ვენეციის მიმართულებით რეისების შესრულება დამატებითი სტიმული იქნება როგორც საავიაციო, ისე ტურისტული სექტორებისთვის.

„აქ საუბარია როგორც საქართველოს ბაზარზე უკვე არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებებზე, რომ გაიზარდოს მათი ფრენის არეალი, პირდაპირი დაკავშირებადობა სხვადასხვა ქალაქებთან, სიხშირეები, ასევე ქვეყანაში ახალი კომპანიების შემოყვანაზე. ამ ეტაპზე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკება კომპანია Wizz Air-თან, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ლიდერი ავიაკომპანიაა ჩვენს საავიაციო ბაზარზე”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Wizz Air-მა საქართველოს ბაზარზე ოპერირების დაწყებიდან დღემდე, თითქმის 9 მილიონი მგზავრი გადაიყვანა საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, 2025 წლის 7 თვის მონაცემებით კი 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. ამ ეტაპზე ავიაკომპანია ქუთაისიდან 13 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები