გიორგი ცუცქირიძე: 2023 წელს ქვეყნის ეკონომიკა საბოლოოდ გამოვიდა რეცესიული ციკლიდან

მიმდინარე 2023 წელი იმ თვალსაზრისითაც არის საინტერესო, რომ 2020 წლის კოვიდ პანდემიური შოკის შედეგად, რასაც ეკონომიკის 6.8 %-იანი ვარდნა მოჰყვა, ქვეყანა საბოლოოდ გამოვიდა რეცესიული ციკლიდან, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, პოლიტიკურ ასპექტში დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის გახსნა, ხოლო ეკონომიკურ ნაწილში – ადგილობრივი პროდუქციის წარმოებით მიწოდების ჯაჭვების ეფექტის მაქსიმალურად გამოყენებაა.

„მიმდინარე 2023 წელი იმ თვალსაზრისითაც არის საინტერესო, რომ 2020 წლის კოვიდ პანდემიური შოკის შედეგად, რასაც ეკონომიკის 6.8 %-იანი ვარდნა მოჰყვა, ქვეყანა საბოლოოდ გამოვიდა რეცესიული ციკლიდან. ეკონომიკა, რომ  გამოსულია რეცესიული ციკლიდან და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ამას საქონლის და მომსახურების ექსპორტის, რაც დასაქმების მნიშვნელოვანი წყაროა ქვეყანაში, მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობაც ასახავს.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი თუ 2012 წელს  იყო 36.5 %, 2019 წელს მან ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 54.8 % შეადგინა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის რეცესიული შოკისას, რაც ეკონომიკის 6.8 %-იან ვარდნაში აისახა, მისი მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა 37.3 %-მდე, თუმცა 2022 წელს 52.6 %-ს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზით, მისი მაჩვენებელი 55 %-ს გადააჭარბებს და არც ის არის შემთხვევითი, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები სარეკორდო იქნება 4.4 მილიარდი აშშ დოლარით. რაც მომსახურების მთლიან ექსპორტში სავარაუდოდ 73-74 % იქნება და გადააჭარბებს 2019 წლის 71 %-იან მაჩვენებელს.

რადგან ტურიზმის თემატიკას შევეხეთ, ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი, 2022 წლის მიხედვით მოდიოდა ხორვატიაში – 25.%, შემდეგ ისეთ ტურისტულ ქვეყნებში, როგორებიც  საბერძნეთსა და პორტუგალიაში – 18.5 % იყო, ესპანეთში – 13.6 %, მალტა – 13.2%, იტალიაში – 10.2 %, პირველ ათეულში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან შედიან სლოვენია – 9.2 % და ესტონეთი – 8.7 %.

საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის და მოგზაურობის ხვედრითი წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წელს 25 %-ს შეადგენდა, რაც ხორვატიის მსგავსია და მასში უშუალოდ და ირიბად 2019 წელს დასაქმებული იყო 492 ათასი ადამიანი. მათ შორის უშუალოდ ტურისტულ ინდუსტრიაში დასაქმებული იყო 197 ათასი ადამიანი.

აქვე შევნიშნავ, რომ ეკონომიკაზე მისი პირდაპირი ზემოქმედება ხდება ტურისტების მხრიდან  გაწეული ხარჯვით, ისეთ სექტორებში როგორებიცაა დასვენება და ტრანსპორტირება, ხოლო არაპირდაპირი ზემოქმედება მომდინარეობს მიწოდების ჯაჭვიდან, სადაც ის ყიდულობს საქონელს და მომსახურებას(მაგ. საკვები პროდუქტები, საბითუმო მოვაჭრეები, კომუნალური საშუალებები) და ამით ხდება ე.წ მკვებავი დარგების დაფინანსება.

აღსანიშნავია, რომ ტურისტულ ინდუსტრიაში და მის მკვებავ დარგებში სრული დასაქმების მაჩვენებელი 2010-2019 წლებში 157%-ით იყო გაზრდილი.

თუმცა, ასევე ვნახეთ საერთაშორისო მოგზაურობისთვის კორონავირუსის პანდემიის ნეგატიური შოკიც, როდესაც შემოსავლები მკვეთრად დაეცა და 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი იყო ზარალი ეკონომიკისათვის. და რომ არა მაშინ და განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში მთავრობის გადაწყვეტილებები ტურისტული ინდუსტრიის მხარდასაჭერად, რასაც იმ პერიოდში ოპოზიცია მისთვის დამახასიათებელი პოპულიზმით აკრიტიკებდა, არა მხოლოდ მშპ-ზე იქონიებდა გრძელვადიან ნეგატიურ ეფექტს, არამედ  რისკის ქვეშ დააყენებდა ტურიზმთან დაკავშირებულ თითქმის 400 000 სამუშაო ადგილსაც.

დღეს, როდესაც ტურისტული ინდუსტრია ფაქტობრივად აღდგენილია, აღნიშნულ სექტორებში სამუშაო ადგილების შენარჩუნებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 2022 და 2023 წლებში დასაქმების ზრდას და უმუშევრობის შემცირებას.

როგორც აღვნიშნე მიმდინარე წელს, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული პირდაპირი შემოსავლები 4.4 მილიარდ აშშ დოლარი იქნება, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და უკვე მომავალ წელს ევროკავშირში გაწევრიანების პროცედურის დაწყება, საშუალებას მოგვცემს 2024-2030 წლებში ტურისტული ინდუსტრია კიდევ უფრო მომგებიანი გახდეს. აქ ვგულისხმობ როგორც ევროპის ქვეყნებიდან ახალი ტურისტული ნაკადების შემოსვლას, რომელიც ტრადიციულად ყველაზე მაღალი ხარჯვით გამოირჩევიან, არამედ ეკონომიკის ინკლუზიური ზრდის პლატფორმაზე გადასვლასაც, რაც ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია გაწევრიანების გზაზე. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითმაც აჩვენა, რომ ინკლუზიური ზრდა საშუალებას მოგვცემს მიკრო და მცირე ბიზნესების კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერასაც.

როდესაც საერთაშორისო ტურიზმისა და მომსახურების არაპირდაპირ ეფექტს შევეხე, სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი. როდესაც ტურისტი აქ ყიდულობს საქონელს და მომსახურებას, მათი დიდი ნაწილი იმპორტულია, რაც ამცირებს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ეფექტს ეკონომიკაში.

მიმაჩნია, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაც დღეს არის პოლიტიკურ ასპექტში უკვე 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის გახსნა, ხოლო ეკონომიკურ ნაწილში ზემოთ აღნიშნული მიწოდების ჯაჭვების ეფექტის მაქსიმალურად გამოყენება ადგილობრივი პროდუქციის წარმოებით, რაც საშუალებას მოგვცემს დასაქმების ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი უცხოური ვალუტა დარჩეს ქვეყანაში. ტურისტულ ინდუსტრიასაც ამ შემთხვევაში მოაქვს მაქსიმალური ეფექტი ეკონომიკაში. ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლების ზრდა, დადებითად აისახება საგადამხდელო ბალანსზე, სავალუტო კურსზეც, დასაქმებაზეც და ეკონომიკურ ზრდაზეც.

მცირე და საშუალო ბიზნესი იყო ის გენერატორი, რამაც აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს სადაც ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი წამყვანი დარგია, საშუალება მისცა, გაწევრიანების გარდამავალ ეტაპზე, რაც საშუალოდ 6-7 წელი გაგრძელდა, თითქმის ორჯერ გაეზარდათ მთლიანი შიდა პროდუქტი, სამჯერ და მეტად შემოსავლები და მკვეთრად შეემცირებინათ უმუშევრობა, ცალკეულ ქვეყნებში 16 %-იდან 4.5%-მდეც კი“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები