რა ზიანი მოაქვს ამულსარს – სომხეთის „ოქროს პროექტი“ სამხრეთ კავკასიას ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს უქმნის

სომხეთის რესპუბლიკის თანამედროვე ეკონომიკურ ლანდშაფტში სამთო მრეწველობას საკვანძო პოზიცია უჭირავს და ის ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია. გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისას, ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე საჭირო გახდა ღირებულების გადაფასება. გარემოსდამცველებმა განგაშის ზარი შემოჰკრეს, რომ მსგავსი ქმედებები საზიანოა გარემოსთვის და იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის.

2023 წელს, სევანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოტკის საბადოს მიმდებარე ტერიტორიებზე ნიადაგების გეოპოლიტიკური კვლევების შედეგების საფუძველზე, დაასკვნეს რომ სამთო მრეწველობის ზრდისა და ნარჩენების მატების გამო სოტკისა და მასრიკის მდინარეების წყლების ორგანოლეპტიკური და ქიმიური მაჩვენებლები გაუარესდა. გასულ ათწლეულებთან შედარებით, 1 ლიტრ წყალში ნაწილაკების კონცენტრაცია 210–317%-ით გაიზარდა. სოტკის წყალში — 32,1 მგ/, ხოლო მასრიკის წყალში — 13,2 მგ/. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა ნიტრატების, სულფატებისა და pH დონის შემცველობის მხრივაც, რაც ქანების ქიმიური შემადგენლობითაა განპირობებული, რომლებიც კალციუმით, კალიუმით, ნატრიუმით, მაგნიუმითა და სხვა ელემენტებითაა მდიდარი.

პრობლემის მასშტაბი მდგომარეობს იმაში, რომ მსგავსი ტენდენცია მთელს სომხეთში დაფიქსირდა. ამჟამად, სომხეთში 50 ათას ჰექტარზე მეტი მიწა დაბინძურებულია მძიმე მეტალებით, რომელთაგან 30 ათასი ჩრდილო-აღმოსავლეთითაა განლაგებული. ეს ტერიტორიები მოიცავს ტყის მასივებსა და მდინარეებს, სადაც მძიმე მეტალების კონცენტრაცია ბუნებრივზე 3,5–40,6-ჯერ მეტია. მიწის, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლები დაბინძურებულია მძიმე მეტალებით (Cu, Zn, Pb, Co, As, Mn, Ni და სხვ.) და დროთა განმავლობაში მცენარეებში გროვდება და მათ ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე, როგორიცაა ზრდა, პროდუქტიულობა და პროდუქციის ხარისხი, ტოქსიკურ ზემოქმედებას ახდენს. ადამიანში ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის კიბოს, უნაყოფობის, რესპირატორული და სხვა დაავადებების განვითარება.

სომხეთში სამოქალაქო აქტივიზმის ახალი ტალღა ამულსარის ოქროს საწარმოო ობიექტის მშენებლობის წინააღმდეგ არის მიმართული. „ოქროს პროექტმა“ ბევრი მწვავე კითხვა გააჩინა. მისი განხორციელება  კაპიტალიზმისთვის დამახასიათებელ პროცესებს ასახავს, რომელიც, ხშირად, თავის წესებს უწესებს  პერიფერიულად მიჩნეულ რეგიონებს.

პროფესორი არმინე იშკანიანის თქმით, სამოქალაქო ინიციატივები სომხეთში ხშირად ვიწრო სპეციფიკურ პრობლემებზეა ორიენტირებული, როგორიცაა ჩანჩქერის, ან ქალაქის პარკის დაცვა. თუმცა, მათი გამოჩენა კიდევ უფრო ღრმა შეშფოთებას იწვევს, რადგან კორუფციასთან, კანონის უზენაესობის არარსებობასთან, დემოკრატიის დეფიციტთან, ოლიგარქიული კაპიტალიზმის ზრდასთან და პოლიტიკური ელიტის უუნარობასთანაა დაკავშირებული. ეს ყოველივე ამულსარის მაღაროს მშენებლობის წინააღმდეგ საზოგადოებრივ მოძრაობაში აისახა.

ეკოლოგები, აქტივისტები და ადგილობრივი მაცხოვრებლები საერთაშორისო სამთო კომპანიებისა და კორუმპირებული პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. ამულსარის მაღაროს მშენებლობის წინააღმდეგ სოციალური მოძრაობა გლობალური მოძრაობის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ არის მიმართული. ადგილობრივი აქტივისტების, ეკოლოგებისა და მაცხოვრებლების მოქმედებები მაღაროს მშენებლობის წინააღმდეგაა მიმართული. ისინი საჯაროდ საუბრობენ საზღვრების გლობალურ ზრდასა  და ტრანსნაციონალური კორპორაციების მიერ ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციაზე.

ამულსარის ოქროს დამუშავების მოწინააღმდეგეების მიზნები შეიძლება განვიხილოთ დეგროსის იდეის ძირითადი პრინციპების კონტექსტში, რომელიც მრეწველობის წარმოების შემცირებას, სამთო სექტორის საქმიანობის შეზღუდვას და გარემოსა და ადგილობრივი კულტურის დაცვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მაღაროს მშენებლობა ადგილობრივ ტურიზმსა და ჯერმუკის, ბალნეოლოგიურ კურორტს ემუქრება, რომელიც მახლობელ ტერიტორიაზე მდებარეობს.

არის მედლის მეორე მხარეც: 2018 წლის კვლევაში, რომლის ავტორი დილან ვან დე ვენია, ნათქვამია, რომ ოქროს მაღარო კომპანია Lydian International-ს ეკუთვნის და მისი შეფასება 500 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. მაღარო სომხეთში, ამულსარის მთაზე მდებარეობს და ეს არის მინერალების მოპოვების უდიდესი პროექტი, რომელიც ოდესმე დაფინანსებულა ქვეყანაში. ასევე, ეს პროექტი წარმოადგენს დახვეწილ პრაქტიკას, თუ როგორ ისაკუთრებდა სომხეთის ელიტა უცხოურ ფულებს, ხოლო ტრანსნაციონალური კორპორაციები როგორ არღვევდნენ საერთაშორისო კონვენციებს, ექსპლუატირებდნენ რესურსებს, აიგნორებდნენ ადგილობრივების პროტესტებს. ეს ფაქტორიც გახდა სომხეთის მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი და გამოიწვია დიდი სოციალური ეკოაქტივიზმი.

ვინ მონაწილეობს ძირითადად ასეთ აქციებში? – რა თქმა უნდა, ეკოლოგები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები (NGO). სამოქალაქო ინიციატივა „გადავარჩინოთ ტეხუტი“ (STCI) არაერთხელ გამოდიოდა ტეხუტის მაღაროს ექსპლუატაციის წინააღმდეგ სომხეთში, თუმცა, წარუმატებლად. STCI ერევანში მცხოვრები 22-დან 40 წლამდე მოხალისეებისგან შედგებოდა. მიუხედავად ტეხუტისა და შნოხის ადგილობრივი მაცხოვრებლების შეზღუდული ჩართულობისა, STCI-ის აქტივისტები აგრძელებენ საქმიანობას. თუმცა, სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება და ადგილობრივი მაცხოვრებლების ჩართულობაც იზრდება.

წარსულში ადგილობრივი მოსახლეობის ნაკლებმა აქტიურობამ მთავრობასა და სამთო მოპოვების კომპანიებს შესაძლებლობა მისცა, რომ STCI და სხვა ეკოლოგიური აქტივისტები გაეკრიტიკებინა და მათი ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. მაგალითად, 2013 წელს კანადური კომპანია Deno Gold Mining-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჰრაჩე ჯაბრაიანმა კანადელ-სომეხ მოხალისეს გაუგზავნა ღია წერილი, სადაც აქტივისტებს უცხოეთის მთავრობის სასარგებლოდ მუშაობასა და გრანტების მოპოვების სურვილს აბრალებდნენ.

მსგავსი არგუმენტებით ეკოლოგიური აქტივისტების „უცხოეთის ნების შემსრულებლად“ წარმოჩენა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაგონებს, რომლებსაც ხშირად „გრანტიჭამიებად“ მოიხსენიებენ (იშკანიანი, 2008). თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სამთო მოპოვების კომპანიებიც ხშირად უცხოური, ან ტრანსნაციონალური კორპორაციების საკუთრებაში არიან. გარდა ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, სომხეთში სამთო მრეწველობის განვითარების არსებული პოლიტიკის „გაუმჯობესება“ მსოფლიო ბანკისა და ევროპელი ექსპერტების მხარდაჭერით ხდება. აქტივისტებმა კი, აღნიშნულ ბრალდებებზე პასუხად განაცხადეს, რომ ბუნებრივი რესურსები საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენს, ამიტომ, სომხეთის თითოეულ მოქალაქეს, განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვაში, რომელიც წიაღისეულის მოპოვებასა და მართვას ეხება.

თუ სომხეთში სამთო საქმიანობა ეკოლოგიურ ზიანს იწვევს, ქვეყანამ შეიძლება დაარღვიოს რამდენიმე საერთაშორისო კონვენცია და ხელშეკრულება გარემოს დაცვის სფეროში, რომლებსაც სომხეთი შეუერთდა. ძირითადი კონვენციებია:

  • ორჰუსისკონვენცია (1998). სომხეთი არღვევს ამ კონვენციას, რადგან ამულსარის ექსპლუატაციის შესახებ არ არის უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. კონვენციის მიხედვით, თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა, ეკოლოგიური ინფორმაციის მოთხოვნის პასუხად, საზოგადოებას მიაწოდონ ეს ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში.
  • ბაზელის კონვენცია (1989). სომხეთი არღვევს ამ კონვენციას, რადგან არასწორად არის გამოყენებული სამთო მრეწველობის ნარჩენები, ამულსარისირგვლივ დარღვეულია ნიადაგი და წყლის რესურსები მძიმე მეტალებით მძიმდება. კონვენცია ავალდებულებს მხარეებს, უზრუნველყონ საშიში და სხვა ნარჩენების მართვა და განკარგვა ეკოლოგიური გზით. ამ მიზნით, მხარეებმა მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ ნარჩენების რაოდენობა, დაამუშაონ და გადაყარონ ნარჩენები წარმოების ადგილებთან ახლოს, ასევე თავიდან აირიდონ ან მინიმუმამდე დაიყვანონ ნარჩენების წარმოება ამულსარის შემთხვევაში.

  • ტრანსსასაზღვრო მდინარეებისა და საერთაშორისო ტბების დაცვისა და გამოყენების კონვენცია (1992, ჰელსინკი). სომხეთი უხეშად არღვევს ამ კონვენციას წყლის რესურსების მართვის სუსტი მენეჯმენტის გამო, რის შედეგადაც მათდაბინძურებას იწვევს. ამულსარის მაღარო მთიან რეგიონში მდებარეობს და ერთ-ერთი შესაძლო შედეგი არის მდინარეებისა და წყალსაცავების დაბინძურება, რომლებიც სხვა ქვეყნების ტერიტორიაზეც მიედინება. მაგალითად, მდინარე ვორონი, რომელიც საბადოსთან ახლოს მიედინება, არის ტრანსსასაზღვრო მდინარის აუზის ნაწილი, რომლის დაბინძურებამ შეიძლება გავლენა იქონიოს მეზობელ ქვეყნებზე. კონვენცია ასევე ავალდებულებს ქვეყნებს მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, მათ შორის მონიტორინგი, გარემოზე ზემოქმედების შეფასება და პრევენციული ღონისძიებები, ტრანსსასაზღვრო წყალსაცავების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. თუ ამულსარის მაღაროს მშენებლობის პროცესში არ იქნა მიღებული სათანადო ზომები წყლის რესურსების დაბინძურების პრევენციისთვის (მაგალითად, ფილტრაციის სისტემის არარსებობა, ემისიების კონტროლის სუსტი მართვა, წყლის ხარისხის მონიტორინგის ნაკლებობა), შეიძლება ეს აღქმული იყოს, როგორც წყლის დაბინძურების პრევენციის ვალდებულებების დარღვევა.

გარდა ამისა, მაღაროს ზონა განლაგებულია ე.წ. “ზურმუხტის ნაკვეთების“ტერიტორიაზე, რომელშიც რამდენიმე ეროვნული პარკი შედის და  რომელშიც ბერნის კონვენციის II დანართის შესაბამისად დაცული სახეობები ცხოვრობენ, როგორიცაა ლეოპარდი (Panthera pardus saxicolor), რუხი მგელი (Canis lupus), ბეზოარის თხა (Capra aegagrus), ევრაზიული წავი (Lutra lutra), ევრაზიული ფოცხვერი (Lynx lynx) და ყავისფერი დათვი (Ursus arctos).

ამ საბადოს შემდგომი განვითარება ასევე არღვევს ბერნის კონვენციის ყველა ნორმას ევროპაში ველური ბუნებისა და ბუნებრივი პირობების შენარჩუნების შესახებ.

სომხეთში სამთო საქმიანობის ანალიზის დროს, განსაკუთრებით ამულსარის მაღაროს მაგალითზე, აშკარაა, რომ მან შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს წყლის ხარისხზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, ასევე გავლენა იქონიოს მიწის ნაყოფიერებაზე რეგიონში. ამულსარი მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ აზიანებს სომხეთი გარემოს ქვეყანაში, სადაც სამთო მრეწველობა სწრაფად იზრდება და ეს ერთეული შემთხვევა არ არის.

 

შალვა კიკაშვილი

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები