მოსკოვში 48 წლის წინანდელი დანაშაული გაიხსნა
მოსკოვში 1977 წელს გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი სასამართლოს წინაშე წარდგება, – ამის შესახებ დედაქალაქის საგამოძიებო კომიტეტი იუწყება.
მანამდე, საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გამოძიების თანახმად, 1977 წლის 28 მაისს, ბრალდებულმა, მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, ივანკოვსკოეს გზატკეცილზე მდებარე ტყის პარკში ყოფნისას, არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა და გაიქცა.
გამოძიების საწყის ეტაპზე შეუძლებელი იყო ბრალდებულის მონაწილეობის დადასტურება, რადგან მისი ასაკის გამო, გოგონას არ შეეძლო დამნაშავის იდენტიფიცირება. ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მსგავსი დანაშაულისთვის ადრეც იყო ნასამართლევი.
„გამოძიებამ შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა არსებითი განხილვისთვის“, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარი საგამოძიებო დეპარტამენტის Telegram არხზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.