არა მგონია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც პრაქტიკულად ყველა გამოკითხვით საკმაო ჰანდიკაპით უგებდა ოპოზიციას, ამ კანონის ხელახალი ინიცირება გადაწყვიტა, ეს რისკები გათვლილი არ ჰქონოდა და საკუთარი ნებით წასულიყო წინასაარჩევნო დებრენდინგზე! – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, თანამედროვე პოლიტიკაში საინფორმაციო ფაქტორის გაზრდილი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროცესების შემდგომი განვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რით უპასუხებს ხელისუფლება გარედან მხარდაჭერილი ხელების გადაგრეხვის ამ მცდელობას.
„პოლიტიკური ვნებათაღელვის ამ სამმა დღემ აჩვენა, რომ პოლიტიკური კლასი დიდად არც გაზრდილა და არც შეცვლილა. ოპოზიცია მთავარ აქცენტებს ისევ საგარეო მხარდაჭერაზე აკეთებს და ნაკლებად ხელისუფლებასთან დებატებზე და ოპონირებაზე ანუ საკუთარი ელექტორალური მასის გაზრდაზე.
მთავარ პოლიტინსტრუმენტად ისევ ტყუილში შეფუთული რეალობაა წარმოდგენილი იგივე კარგად ნაცნობი დიფ ფეიკის სტილში. მათი წამყვანი მესიჯბოქსიც, ვფიქრობ უფრო გარედან არის ჩაწოდებული და წმინდა წყლის გარე მოხმარებაზეა გათვლილი. იმის გასარკვევად ეს კანონი არის თუ არა ცუდი ან სულაც რუსული. ელემენტარულად შედარებითი ანალიზი მაინც ხომ უნდა გაკეთებულიყო ამ კანონმდებლობის მუხლების და შინაარსის სხვა ქვეყნების და პირველ რიგში რუსულ კანონმდებლობასთან მიმართებაში?!
ოპოზიციის მთავარი არგუმენტი ეყრდნობა ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსების ცალკეულ შეფასებებს, რომ ეს კანონი არ არის მისაღები, რადგან რუსულია. სხვა რაიმე წონადი არგუმენტი მე პირადად არ გამიგია. წონად არგუმენტად ნაკლებად ჩაითვლება იმის მტკიცება, რომ რადგან ქართული არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროები ძირითადად დასავლეთის ფონდებიდან ხდება, კანონი არ ახდენს რა გრანტის გამცემი ქვეყნების დეფინიციას, ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანდოობას და კეთილსინდისიერებას ანუ მათ ერთ სიბრტყეზე განიხილავს იგივე რუსეთთან მიმართებაში.
შესაბამისად, ოპოზიციის მთავარი არგუმენტიც რითაც ის აპელირებს არის ამ კანონის მიუღებლობა რადგან დასავლეთში ის მიუღებლად მიაჩნიათ! ამასთან იმისათვის, რომ მოახდინონ კრიტიკული მასის გამოყვანა მიტინგებზე თავსართად დაემატა ამ კანონის მიღების შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის დაკარგვაც, რაც ეყრდნობა რა ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს არის მთავარი სატყუარაც. აქვე განვმარტავ, რომ გადამწყვეტი ფაქტორი ევროკავშირში გაწევრიანების დასაწყებად უნდა ჩაითვალოს არჩევნების დემოკრატიულად და თავისუფალ გარემოში ჩატარება, რაც სხვათა შორის ოლაფ შოლცმა პრემიერის გერმანიაში ვიზიტისას ხაზგასმით დააფიქსირა.
მიტინგებზე არის ახალგაზრდობის ის ნაწილიც, რომლებიც ვიზა ლიბერალიზაციის პირობებში 3 თვით ევროპაში ყოფნის ლიმიტს მაქსიმალურად იყენებენ დამატებითი ანაზღაურების მისაღებად და რაც კარგია მათთვისაც და ქართული ეკონომიკისთვისაც. ევროპერსპექტივის დაკარგვაზე აქცენტირებაც დიდწილად მათზეა გათვლილი, მათ შორის საარჩევნოდ, რომ ისინი ამ ხელისუფლების პირობებში ამ შანსსაც დაკარგავენ.
რაც შეეხება თავად არასამთავრობო სექტორს, მას არც იმით შეუწუხებია თავი, რომ მათ მიერ განხორციელებული რამდენიმე წამყვანი პროექტის პრეზენტაცია მაინც გაეკეთებინათ. მართალია, ამ პროექტების ჩამონათვალი მათსავე ინტერნეტ გვერდებზე არის განთავსებული, მაგრამ საჯარო პოლიტიკა უფრო მეტ დეტალიზაციას მოითხოვს, მით უმეტეს სწორედ ამ პროექტების გამჭვირვალობა დგას ასე აქტუალუარად.
თანამედროვე პოლიტიკაში საინფორმაციო ფაქტორის გაზრდილი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროცესების შემდგომი განვითარება იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რით უპასუხებს ხელისუფლება გარედან მხარდაჭერილი ხელების გადაგრეხვის ამ მცდელობას. ულტიმატუმის ფორმით პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნაც ამ პოლიტიკის ნაწილია და ბუნებრივია, ხელისუფლების ჩამოშლასაც ემსახურება.
არა მგონია, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც პრაქტიკულად ყველა გამოკითხვით საკმაო ჰანდიკაპით უგებდა ოპოზიციას, ამ კანონის ხელახალი ინიცირება გადაწყვიტა, ეს რისკები გათვლილი არ ჰქონოდა და საკუთარი ნებით წასულიყო წინასაარჩევნო დებრენდინგზე!
P.S. დავამატებდი, რომ სანამ შარლ მიშელი და სალომე ზურაბიშვილი აქ მორალს წაგვიკითხავენ, მიმდინარე წლის თებერვალში საფრანგეთი გახდა ლიდერი რუსული გაზის იმპორტით ევროკავშირში და გაუსწრო უნგრეთს, ევროპული სტატისტიკის მიხედვით. კერძოდ, საფრანგეთმა თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) რუსეთიდან 322,3 მლნ ევროს ოდენობით შეიძინა, რაც იანვართან შედარებით 10%-ით მეტია, იუწყება „რია ნოვოსტი“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.