განსაკუთრებული ყურადღება, ამ ოთხი წლის განმავლობაში, გამახვილებული იყო როგორც საგზაო, ისე წყლის ინფრასტრუქტურაზე. დღესდღეობით, როგორც ქალაქში, ისე სოფლად, გზის ინფრასტრუქტურის 90 პროცენტი მოწყობილია. წყალარინების და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა მიმდინარეობს მესამე წელია და მთავრდება 2026 წელს – ეს არის ისტორიული პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს წყალტუბოში, არამარტო ქალაქის განვითარებას, არამედ სანატორიუმების მოწყობას. ეს სანატორიუმები ზუსტად იმ ინფრასტრუქტურაზეა გათვლილი, რომელიც ახლა ეწყობა, – ამის შესახებ წყალტუბოში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, გენადი ბალანჩივაძემ განაცხადა, რომელიც 2025 წლის არჩევნებში, მერობისთვის მეორე ვადით იბრძოლებს.
ბალანჩივაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ წყალტუბოელები სწორ არჩევანს გააკეთებენ და მათთან ერთად, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, შეძლებს მუნიციპალიტეტზე ზრუნვას. მან ასევე ისაუბრა სოციალურად დაუცველი უსახლკარო ოჯახებისთვის სახლების მშენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ სამი წლის განმავლობაში, უკვე 10 სახლია აშენებული, უახლოეს მომავალში კი, 7 სახლი აშენდება და გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
„მე, როგორც კანდიდატი, დარწმუნებული ვარ ჩემი წყალტუბოელი ხალხის, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის სწორ გადაწყვეტილებაში და წყალტუბოელებთან ერთად, მომავალში ძალიან დიდ საქმეს გავაკეთებთ.
სამი წლის წინ დავიწყე სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისთვის სახლების მშენებლობა და ნამდვილად ვამაყობ იმით, რომ მერობის პერიოდში მომიწია ასეთი ადამიანების მხარდაჭერა, რომლებსაც საცხოვრებელი საერთოდ არ ჰქონდათ და ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ. ამიტომ დავიწყე ეს ყველაფერი და დღემდე უკვე 10 სახლი გვაქვს აშენებული, რომელიც უკვე გადაცემულია მოსახლეობაზე და იქ ცხოვრობენ, ახლა ვაშენებთ 7 სახლს, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს მომავალში დასრულდება და ოქტომბრის თვეში გადაეცემა შეჭირვებულ ადამიანებს“, – აღნიშნა გენადი ბალანჩივაძემ.
მერობის კანდიდატის თქმით, წყალტუბოს განვითარების შესახებ ახალი ხედვები აქვს, კერძოდ, სხვა მიმართულებებთან ერთად, მომავალი ოთხი წლის მანძილზე ყურადღება გამახვილდება სპორტულ ტურიზმზე
„ახლა გამოცხადებული გვაქვს ტენდერი, კეთდება სპორტული მოედნები, მოეწყობა რეკრეაციული ზონები, რომელიც მოსახლეობასა და დამსვენებელზეა გათვლილი. მომავალი ოთხი წელი, ახალი ხედვები გვაქვს წყალტუბოს განვითარების შესახებ – სპორტულ ტურიზმს უნდა შევუწყოთ ხელი, ამიტომ 2026 წელს დაიწყება ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მთლიანი რეაბილიტაცია. ამავდროულად, აშენდება რაგბის ახალი სტადიონი. ყოველწლიურად წყალტუბოში დამსვენებელთა რაოდენობა 20 პროცენტით იზრდება, ამ მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს და ამას ვაკეთებთ კიდეც ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, წყალტუბო განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს არა ევროპაში, არამედ, მსოფლიოში“, – განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.