რა ეკონომიკური ეფექტი ექნება საქართველოსთვის EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსს და როგორია სხვა ქვეყნების გამოცდილება – გიორგი ცუცქირიძის განმარტება 

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე განმარტავს, რა ეკონომიკურ სარგებელს იღებს ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითა და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივით.

„რადგან კვლავ აქტუალურია საკითხი, თუ რა სარგებელი ექნება ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისას, და სპეკულაციებიც გრძელდება, თითქოსდა, ევროპულ სივრცეში ინტეგრირება ნეგატიურად აისახება ქვეყნის განვითარებაზე, რაც გაზრდილ მიგრაციაში, თუ დემოგრაფიული სიტუაციის გაუარესებაში აისახება, განვიხილოთ, თუ რა ეფექტი ექნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივით სხვა ქვეყნების მაგალითზე, რომლებმაც ანალოგიური გზა გაიარეს.

ევროკავშირის წინა დიდი გაფართოება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გასული საუკუნის ბოლო პერიოდზე მოდის. კერძოდ, 1998 წელს დაიწყო ცალკეულ ქვეყნებთან ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რომლის მეორე ფაზაც 1999 წელი იყო, ამ პერიოდზე მოდის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილის, სულ 12 ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება, ხოლო 2004 წლის ივნისში ევროკავშირმა ხორვატია წევრობის ოფიციალურ კანდიდატად დაასახელა.

დღეს ანალოგიური ახალი ფანჯრის გახსნის წინაშე ვდგავართ. შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, ვგულისხმობ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციას, ევროკავშირში გარკვეული პრიორიტეტები გადაალაგა და დღეს ევროკავშირი ღიად აცხადებს, რომ გაფართოებაზე კონსენსუსი მიღწეულია. ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე 2030 წლისთვის შეიძლება, ახალი წევრების მიღება მოხდეს და ეს სავსებით რეალურია, ჩვენი პერსპექტივაც უახლოესი 5-7 წლის მიხედვით უნდა განვიხილოთ.

თვალსაჩინოებისათვის ვნახოთ, ევროკავშირთან ინტეგრაციის შემდეგ რა პროგრესი განიცადეს ცალკეულმა ქვეყნებმა. თვალსაჩინოებისათვის 2 ქვეყნის მაგალითს მოვიყვან უნგრეთის, რომელსაც შედარებით დიდი ეკონომიკა აქვს და ხორვატიის რომელიც საქართველოს ზომის ქვეყნის ანალოგადაც გამოდგება.

1998 წელს დაიწყო ევროკავშირსა და უნგრეთს შორის გაწევრიანების მოლაპარაკებები. უნგრეთი შეუერთდა ევროკავშირს 2004 წელს და შენგენის ზონის ნაწილია 2007 წლიდან. უნგრეთი დღეს არის საშუალო ძალა საერთაშორისო საქმეებში, ძირითადად მისი კულტურული და ეკონომიკური გავლენის გამო.

1998 წელს უნგრეთის მშპ შეადგენდა 48.71 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო 2004 წელს მისი მშპ უკვე 104.12 მლრდ აშშ დოლარი იყო ანუ გაიზარდა 114 %-ით, ხოლო 2004 წლიდან 2022 წლის ბოლომდე 178.8 მლრდ აშშ დოლარამდე ანუ მთელი 72 %-ით.

უნგრეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით თუ 1998 წელს იყო 4744 აშშ დოლარი, 2004 წელს გაიზარდა 10301 აშშ დოლარამდე, ანუ 117 %-ით, ხოლო 2005 წლიდან 2022 წლამდე, როდესაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე გახდა 18463 აშშ დოლარი, გაიზარდა 79 %-ით.

უნგრეთის ბიუჯეტის შემოსავლები 1998 წელს 3.92 მილიარდი უნგრული ფორინტი იყო, 2004 წელს 8.23 მილიარდ ფორინტამდე გაიზარდა, ანუ ზრდამ 110 % შეადგინა. ანუ გაორმაგდა, ხოლო 2022 წელს მისი მაჩვენებელი უკვე 18.7 მილიარდი ფორინტი იყო, ხოლო ზრდა 2005-2022 წლებში 127 %-ს შეადგენს.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა მეტად შთამბეჭდავია, თუ 1998 წელს წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 3.26 მილიარდი აშშ დოლარი იყო, 2005 წელს 27.5 მილიარდამდე გაიზარდა, ანუ გაზრდილია 9-ჯერ, ხოლო ისტორიულ მაქსიმუმს 2020 წელს – 167.6 მილიარდი აშშ დოლარს მიაღწია.

1998-2005 წლებში უნგრეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ სულ 53.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2005 წლის მშპ-ს (113.2 მლრდ აშშ დოლარი) 47 % იყო.

უმუშევრობა უნგრეთში 1998 წელს საშუალო ევროპულზე ნაკლები, 8.9 % იყო, უკვე 2005 წელს 7.2 %-ს შეადგენდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შემდეგ წლებში ზრდა დაიწყო და 2010 წელს ისტორიულ მაქსიმუმსაც კი მიაღწია – 10.2 %, რითაც საშუალო ევროპულ მაჩვენებელსაც გადააჭარბა (9.8 %). თუმცა შემდეგ წლებში ხასიათდება რა კლების ტენდენციით, დადებით კორელაციაშია საშუალო ევროპულ ტენდენციასთან, ხოლო 2022 წელს ისტორიულ მინიმუმზე იყო დასული – 3.4 %-ით, რაც ევროპაში ერთ-ერთ დაბალ მაჩვენებლად ითვლება.

ხორვატიამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2003 წელს გააკეთა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა 2005 წლიდან 2011 წლამდე. 2011 წლის 9 დეკემბერს ევროკავშირისა და ხორვატიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს გაწევრიანების ხელშეკრულებას. 2013 წლის 1-ელ ივლისს ქვეყანა გახდა ევროკავშირის 28-ე წევრი ქვეყანა. ხორვატიის მთლიანი შიდა პროდუქტი 2003 წელს შეადგენდა 35.25 მლრდ აშშ დოლარს, 2005 წელს 45.03 მლრდ აშშ დოლარს, 2011 წელს 62.6 მლრდ აშშ დოლარს, ანუ ზრდა 2005-2011 წლებში შეადგენდა 38 %-ს, ხოლო 2013 წელს 59.36 მლრდ აშშ დოლარს ხოლო 2022 წელს 70.96 მლრდ აშშ დოლარს 2013-2022 წლებში გაწევრიანების შემდგომ გაიზარდა 19.4 %-ით. მშპ ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებით 2005 წელს იყო 10 634 აშშ დოლარი, მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე ხორვატიაში 2022 წლის ბოლოს დაფიქსირდა 18413.08 აშშ დოლარი, ანუ გაიზარდა 73 %-ით, ხოლო 2013 წელს შეადგენდა 13871 აშშ დოლარს, ანუ ზრდამ შეადგინა 33 %. ერთ სულ მოსახლეზე მშპ ხორვატიაში არის მსოფლიო საშუალო მაჩვენებლის 130 პროცენტის ეკვივალენტი. მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე ხორვატიაში 2022 წელს მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს 18413.08 აშშ დოლარს  და რეკორდულ მინიმუმს 7304,33 აშშ დოლარს 1995 წელს. შედარებისათვის მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით 8 000 აშშ დოლარს მიაღწევს.

ხორვატიის ბიუჯეტის ხარჯები 2003 წელს შეადგენდა 6.82 მლრდ აშშ დოლარს მიმდინარე ფასებში, 2005 წელს 8.69 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო 2013 წელს 12.88 მლრდ აშშ დოლარს, ხოლო 2022 წელს 14.52 მლრდ აშშ დოლარს, შესაბამისად 2003 წელთან შედარებით 2013 წელს ბიუჯეტი გაიზარდა 89 %-ით, ხოლო 2005-2013 წლებში გაიზარდა 18 %-ით.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. 2002 წელს თუ ხორვატიაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წმინდა შემოდინებამ შეადგინა 3,7 მილიონი აშშ დოლარი, 2005 წელს 1.81 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, ანუ გაიზარდა 17-ჯერ, ხოლო 2005-2011 წლებშიც მაღალი მაჩვენებლები ჰქონდა, კერძოდ, 2008 წელს 5.25 მილიარდი აშშ დოლარი, რაც ისტორიულ მაქსიმუმს შეადგენს, ხოლო მშპ-სთან თანაფარდობა 7.7 იყო, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2021 წელს 4.66 მილიარდი აშშ დოლარი იყო. 2004-2013 წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში შემოვიდა 25.5 მილიარდი აშშ დოლარი, რაც 2013 წლის მშპ-ს (45 მლრდ აშშ დოლარი) 55 %-ს შეადგენდა და რაც ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კარგ კონტრიბუციაზე მიუთითებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ევროინტეგრაციის ეფექტის კიდევ ერთი ინდიკატორი არის უმუშევრობის დონე, სამუშაო ძალასთან პროცენტულად. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უმუშევრობის დონე 2000 წლამდე ზრდად მაჩვენებელს ინარჩუნებდა და ისტორიულ მაქსიმუმს სწორედ 2000 წელს მიაღწია 16.1%, რაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა საშუალო ევროპულ დონეს (9.8%), თუმცა შემდეგ წლებში კლება იწყო და დადებით კორელაციაშია საშუალო ევროპულ დონესთან. უკვე 2005 წელს 12.6 %-მდე შემცირდა და დაუახლოვდა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს (9.6%).

აქვე აღვნიშნავ, რომ როდესაც 2008 წელს საშუალო ევროპული მაჩვენებელი ბოლო ათწლეულში ისტორიულ მინიმუმზე ჩამოვიდა (7.2 % ), ხორვატიაში უმუშევრობამ ასევე ისტორიული მინიმუმი შეადგინა, შემცირდა რა 8.5 %-მდე, ხოლო 2013 წელს 2022 წლის მიხედვით ხორვატიაში უმუშევრობის დონე 6.7 %-ს შეადგენდა თითქმის გათანაბრებულია საშუალო ევროპულთან (6.1 %).

ამ ორი ქვეყნის მაგალითიდანაც ჩანს, რომ სარგებელი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება, მოჩანდეს“, – წერს ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები