დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ძველი ანაგაში. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტზე.
60 წელი განათლების სისტემაშია. მუშაობდა ძველი ანაგის საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად, იყო ხირსის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, შემდეგ დირექტორი. მუშაობდა სიღნაღის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად.
პარალელურად ეწევა ლიტერატურულ – შემოქმედებით მუშაობას.
2006 წელს საქართველოს იაკობ გოგებაშვილის პედაგოგთა კავშირმა დააჯილდოვა იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლით და სიგელით.
არის საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი; ალმანახ „ლიტერატურული სიღნაღის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.
2021 წელს გამოიცა მოთხრობების პირველი კრებული „ადრიან შემოდგომაზე“.
2022 წელს დასახელდა წლის საუკეთესო პედაგოგად.
2025 წელს გამოიცა მისი ნაშრომი „ქიზიყური სიტყვის კონა“ (რედაქტორი ავთანდილ არაბული).
ჰობია: სიმღერა, განსაკუთრებით ქართული ხალხური სიმღერები, ხატვა, კითხვა, მუსიკა. – პედაგოგისა და მწერლის, მაყვალა ღვედაშვილის პერსონა.
– ქალბატონო მაყვალა, წლეულს გამოიცა თქვენი წიგნი „ქიზიყური სიტყვის კონა“, რომელიც მამის – აბრამ ღვედაშვილის ხსოვნას ეძღვნება. ჩვენს ინტერვიუსაც ამ ნაშრომით დავიწყებ. როდის დაიწყეთ ქიზიყურ ლექსიკონზე მუშაობა?
– ძველკობური სიტყვები ბავშვობიდანვე მესმოდა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია სიტყვების მნიშვნელობისთვის. მერე და მერე, რომ წამოვიზარდე, მეუცნაურა მათი მოსმენა. თითქოს სხვა დატვირთვა ჰქონდა თითოეულ სიტყვას. ამ სიტყვების ავტორი კი ჩემი 82 წლის უსინათლო ბებია იყო. ჩემი ცელქობით შეწუხებული ამ სიტყვებით მკიცხავდა:
„აი, შე ახტაჯანა! კაკაჯანა! აღლაჯიჯა! ადლაღუნა! ათრახეჩა! აშაღლარა! ალიწეწია! არსაითო! გაჩერდი გოგო, თორე ბერაში გაგატარებ!“ ხოლო როცა კარგად მოვიქცეოდი, „ჩემო გამოკუნწლულო გოგოო“… – მეფერებოდა. ზოგჯერ მის დაუკითხავად სახლიდან გავდიოდი და რამდენიმე ხნის შემდეგ მიპოვიდა, „რა გუგუთივით დამისხლტები ხოლმე ხელიდანო“, – მეტყოდა.
მე ვბუზღუნებდი, ნეტა საიდან იგონებს ამ უცნაურ უცხო სიტყვებს მეთქი.
ერთხელაც მამაჩემმა გაიგონა ჩემი ბუზღუნი, დამსვა და ამიხსნა, რომ ეს სიტყვები უცნაური კი არა, ჩვენი წინაპრების, ძველი ქიზიყელების სამეტყველო სკივრიდან არის, შვილო! ეეჰ, ვინ იცის, წლები გავა, ცხოვრებაც შეიცვლება, ეს ძველი კუთხური ლექსიკა დავიწყებას მიეცემაო.
ეს დამოძღვრა ჩემთვის მაგიური აღმოჩნდა და მე-9 კლასში ვიქნებოდი, დავიწყე ძველი ქიზიყური სიტყვების შეგროვება.
– სოფელ ძველი ანაგაში დაიბადეთ. ბავშვობიდან გესმოდათ ქიზიყური დიალექტები. გაიხსენეთ ოჯახი, სოფელი, ის ძველი დრო, რა იყო საინტერესო იმ დროდან?
– დავიბადე სოფელ ძველი ანაგაში. ულამაზესი სოფელია. სოფლური, ცალკე გამოყოფილი. გეგონება ეშხიანი ქალის თვალია და ხშირ წარბებქვეშ შემალული გუგულებივით მიწყობილი სახლები, თეთრ საპატარძლო კაბაში გამოწყობილი კულტურის სახლი, დღეს მას ფუნქცია აქვს დაკარგული, გაპარტახებულია. კარგად მახსოვს, რა ზარ-ზეიმით გაიხსნა, უხაროდა სოფელს. სოფლის ცენტრალური ლარივით გაჭიმული სწორი გზა, რომელიც შორს, ცენტრალურ მაგისტრალთან იკარგება. უფრო შორს, მწვანედ აბიბინებული ალაზნის ველი და ბუმბერაზი კავკასიონი მოჩანს. მის გოლიათ მთებს ჯიხვის რქებივით გადაუხლართავთ მხრები, თეთრი მანდილი შემოუბურავთ და გუშაგებივით გადმოსცქერიან მაღლიდან.
ძველად კოლმეურნეობები იყო სოფლად. მამა, აბრამა ღვედაშვილი, მემინდვრეობის ბრიგადის ბრიგადირი იყო. სოფლის კოლორიტი მშრომელი, ალალი, სამართლიანი. ასეთი გამოთქმა იყო ჩვენში: „ქიციც იცის და ქიცმაცურიცო“. ჭკუის საკითხავი კაცი იყო. სოფელში თუშურ ქუდიან ბრიგადირად მოიხსენიებდნენ. ის ჩემი კერპი იყო. ქიზიყური ლექსიკონის შექმნასაც მას ვუმადლი, წიგნის გამოცემაც მის ხსოვნას მივუძღვენი.
დედა, ნატო, კეთილშობილი, ოჯახის დედაბოძი, სიკეთით სავსე ქალბატონი იყო. მან დიდი პატივისცემით მოუარა 35 წლის უსინათლო ბებიას. ეს საჭმელი იყო თუ ნუგბარი, ჯერ ბებოსთვის უნდა მიგვერთმია, მერე ჩვენ. „იცოდეთ, ბებო მიმავალია და ჯერ ეგ უნდა გავახაროთ და პატივი ვცეთო“ – ასე გვასწავლიდა უფროსის პატივისცემას.
ეზოში ბევრი ადრეულა გოგრა ბალი გვედგა, როგორც კი მომწიფდებოდა, პატარ-პატარა კუნწულებად აკინძავდა და უბნის პატარა ბავშვებს დაურიგებდა, „ყველაზე მეტად პატარებს გაუხარდებათო“. ძალიან ღვთისნიერი ქალი იყო.
ადრე სოფელი მოუწესრიგებელი იყო. სასმელი წყალი არ იყო. სახედრებს გადაჰკიდებდნენ საკოკეს და ისე ეზიდებოდნენ, დახევებული საუბნო გზები, გაზი არ იყო, ილიჩის ნათურებიც აქა-იქ ბჟუტავდა.
დღეს ჩემს სოფელს ვეღარ იცნობთ, ისეა კეთილმოწყობილი. ნამდვილი ევროპული სოფელია, თავისი ინფრასტრუქტურით, მოასფალტებული გზები, როგორც ცენტრალური, ისე საუბნო გზები, შუქი, წყალი ყველას ოჯახშია. თანამედროვე საბავშვო ბაღი, სკოლა, მინი სპორტული მოედნები, სკვერები. მოხნული და დათესილი ველ-მინდვრები, ასეულ-ათასობით კილომეტრებზე გადაჭიმული ზვრები.
ძლიერია ჩემი სოფელი. გლეხკაცის მარჯვენას გაფრთხილება და პატივისცემა უნდა. ძველად და ახლაც საქართველოს ძლიერება გლეხკაცის ბეჭზე გადიოდა. გავიხსენოთ არჩილ მეფის სიტყვები: „თუ ამოწყდა გლეხი კაცი, საქართველო დაძაბუნდება“.
გულდასაწყვეტია ასევე ახალგაზრდების სწრაფვა ქალაქისაკენ. იქნებ, არც გაემტყუნებათ. განათლებას იღებენ, მაგრამ სად უნდა დასაქმდნენ, როცა წარმოება-დაწესებულებები პარალიზებულია. გულსაკლავია დაცარიელებული საცხოვრებელი სახლები. აქაც დაიწყო მიგრაცია.
მე ბავშვობის თვალით დანახული სოფელი მირჩევნია – თბილი, მოსიყვარულე, ურთიერთგამტანი, ერთმანეთის ღირსების დამფასებელი, სინდის-ნამუსის გამფრთხილებელი. ერთმანეთის სიხარულის და ჭირის გამზიარებელი, გახსნილი შუბლით და გახსნილი სახლის კარით.
ხშირად ვღაღადებ: „ღმერთო, გადამირჩინე ჩემი სოფელი“.
– როგორ მუშაობდით ლექსიკონზე? როგორ აგროვებდით მასალებს?
– ქიზიყური სიტყვების შეგროვებაში ყველა ჩავრთე. შინაური თუ გარეული, მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, თანამშრომლები. ყველა ხალისით იყო ჩართული, ვაზუსტებდით თითოეული სიტყვის ზუსტ მნიშვნელობას, ხშირად საზოგადოებრივი სარგებლობის ტრანსპორტში ვიწერდი გაგონილ სიტყვებს. ამძიებაში გავიდა 50 წელი.ერთი დიდი „ჯარდანა“ ტომარა შეგროვდა. დღეს იშვიათადღა არიან ცოცხალი ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც საუკეთესო რესურსი იყო ქიზიყური სიტყვების მოსაძიებლად.
ზოგს არ ეგონოს, დღეს დავიწყებას მიეცა ქიზიყური მეტყველება. არა, ბატონებო! მეცნიერება გვასწავლის, რომ დიალექტური თავისებურებანი მეტად გამძლეა და ხალხის საყოფაცხოვრებო მეტყველებაში ძალიან დიდხანს შენარჩუნდება, ისე რომ კიდევ დიდხანს ეყოლება მომხმარებელი ქიზიყურ ლექსიკონს.
ჩვენ, ქიზიყელები, დღესაც დიდი ხალისით ვიყენებთ ქიზიყური დიალექტის მრავალფეროვან სიტყვათა ამოუწურავ ფონდს.
ჩემი ცხოვრების ნახევარი ვიშრომე, რომ ჩემი ოცნება შემესრულებინა. მიღწეული შედეგი მაბედნიერებს და მახარებს.
– წიგნის რედაქტორია ბატონი ავთანდილ არაბული, როგორი იყო ერთობლივი თანამშრომლობა?
– მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ბედმა გამიღიმა და ქიზიყური ლექსიკონის შექმნაში დამეხმარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პატივცემული ავთანდილ არაბული. მიუხედავად იმისა, რომ იგი დაკავებულია მრავალი სამეცნიერო მოღვაწეობით და დროის ნაკლებობა ჰქონდა, როცა შეხედა ჩემს ნაშრომს, მითხრა: „ეს რამხელა შრომა გაგიწევია, უარი როგორ უნდა გითხრა, პირიქით, დახმარება გჭირდებაო“.
როცა თავისი მოთხოვნები გამიზიარა, როგორ, რა უნდა გამეზიარებინა, მე ცოტა შევშფოთდი. „ვაი თუ, ვერ შევძლო“? და პირველად მივხვდი, რა უბრალო, კეთილშობილნი არიან დიდი ადამიანები. თავისი ადამიანური სისადავით და უბრალოებით, პატივისცემით მიხსნიდა რა, როგორ უნდა გამეკეთებინა.
და აი, გავიდა 3 წელი, როგორც იქნა, ახდა ჩემი ოცნება (50 წელი სიტყვების შეგროვებას და 3 წელი კი დახვეწას და აკადემიურ დონეზე გასწორებას დასჭირდა).
ბოლოს მივიღეთ ქიზიყური „სიტყვის კონა“, რომელიც არა მარტო ლექსიკური საგანძურის გულშემატკივართათვის, არა მარტო ჩემი ქიზიყელებისათვის, ასევე ენათმეცნიერთათვის და დიალექტოლოგიით დაინტერესებული მკვლევრებისათვის, ქართული ენათმეცნიერების შესწავლით დაინტერესებული მკითხველისათვის იქნება საინტერესო სამაგიდო წიგნი.
უღრმესი მადლობა პატივცემულ ავთანდილ არაბულს ჩემი ლექსიკონის გამოცემისთვის გაწეული უდიდესი შრომისთვის. ვუსურვებ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
– ავთანდილ არაბული რედაქტორის წინასიტყვაობაში წერს, რომ ლექსიკონამდე მწერალურმა ინტერესმა მიგიყვანათ, ცოცხლად გიწევდათ პერსონაჟების ენობრივი თავისებურებების გამოვლენა. რაში დაგეხმარათ მწერლობა?
– ლექსიკონამდე ხშირად ვწერდი და ვაქვეყნებდი პუბლიცისტურ წერილებს რაიონისა თუ რესპუბლიკური პრესის ფურცლებზე. როგორც ასეთი, ჯერ კიდევ ბავშვმა დავიწყე ქიზიყური სიტყვების შეგროვება. მწერლობა 44 წლის ასაკში დავიწყე, მაგრამ იმდენად მომეწონა და მომხიბლა ძველი ქიზიყელების სამეტყველო ლექსიკამ, რომ გადავწყვიტე ჩემს მოთხრობებში, ნოველებში გამომეყენებინა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. რომელ რედაქციაშიც არ უნდა მიმეტანა, ყველა სიამოვნებით მიბეჭდავდა. ერთი ასეთი მოთხრობა მაქვს „მოზაიკა სიყვარულზე“. მთავარი მოქმედი გმირი ჭორიკანობით ცნობილი ვარინკაა, თავისი უსაქციელობისათვის დავსაჯე და ზედმეტი უსაქციელობის გამო ეკალბარდებში ამოვაყოფინე თავი. რასაკვირველია, ერთდროულად ვმუშაობდი ლექსიკონზეც და მოთხრობების შექმნაზე. ადვილი არ იყო, მაგრამ იყო დაუძლეველი სურვილი, აზარტი, დიდი სიხარული და აღმაფრენა.
– პროფესიით ისტორიკოსი ხართ. წლების განმავლობაში პედაგოგად მუშაობთ, 2022 წლის საუკეთესო პედაგოგი ხართ….
– თითქმის მთელი სიცოცხლე მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საპატიო საქმეს შევალიე. ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, მიყვარს ბავშვები. ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ყველას თავისებური მიდგომა სჭირდება. ვცდილობ, ჩემი გაკვეთილები იყოს თავისუფალი, შემოქმედებითი. 2022 წელი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო – მომენიჭა წარმატებული მასწავლებლის სტატუსი, ჩემი მოტივაცია მოსწავლეებთან მიმართ. ჩემი მიზანია, აღვზარდო მოსწავლეები იმ სულისკვეთებით, რომ ისინი მომავლის საქართველოს ღირსეული შვილები იყვნენ. ჩვენ ქვეყანას განათლებული ახალგაზრდები სჭირდება. მე მჯერა, ჩემი მოსწავლეები წარმატებით დაიპყრობენ ცოდნის მაღალ მწვერვალებს.
ბევრს შევაყვარე ჩემი საგანი, ბევრმა აღსაზრდელმა ჩემი პროფესია აირჩია, ბევრზე დავტოვე კვალი ნათელი: „დიდი მადლობა ჩემო საყვარელო და სამაგალითო ქალბატონო, მადლობა რომ თქვენი მოსწავლე მქვია და ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავით ყოველთვის“, – ალიონა ზახარიანი.
„მუდამ სამაგალითო, ძლიერი და შემდგარი ქალის მაგალითი იქნები ჩემთვის. დიდი წვლილი გაქვთ შეტანილი ჩემს ახლანდელ „მე“-ში, მინდა მუდამ ბედნიერი და ჯანმრთელი მეგულებოდე“, – მერი მენთეშაშვილი;
„სიყვარულის, სიკეთისა და ჭეშმარიტების მასწავლებელო, გილოცავთ დაბადების დღეს. ვიცი, თქვენი ყველა წელი, ისეთივე წარმატებული, ფერადი და მრავალმხრივი იქნება, როგორიც თავად ხართ“! – ეკა ბებია.
იყო ჩემს ცხოვრებაში უკეთური, მძიმე დღეები. როგორ მინდოდა დამშვიდებით მეცხოვრა ჩემს მიერ შექმნილ წარმოსახულ სამყაროში, სადაც იყო სიკეთე, ზნეობა, სიმართლე, კეთილშობილება, მოყვასის სიყვარული.
დღესაც არ ვიცი, საიდან წამოვიდა ის საშინელი აგრესია, როდის დახლართეს ზურგს უკან საშინელი ცილისწამებები, ინტრიგები, დამცირება და რაც ყველაზე საწყენია ღალატი, დაუფასებლობა, და ვისგან? ვინც ცხოვრების გზაზე დავაყენე, სიკეთე გავუკეთე. რასაკვირველია, მეწყინა, მეტკინა, მაგრამ შურისძიებაზე არ მიფიქრია.
ჩემს მამას უპატივცემულოდ მოექცნენ მავანნი. დამნაშავეები გაასამართლეს და მკაცრი განაჩენი გამოუტანეს. როცა მამას ჰკითხეს, თქვენ რას იტყვით გამოტანილ სასჯელზეო, ასე უპასუხა: „მე, ჩემდათავად, მიპატიებია მათთვის ეს ბოროტება. იყვნენ სოფელში, იცხოვრონ, ისედაც მოკლეა ეს ჩვენი წუთისოფელი. მე რატომ უნდა შევუმოკლოო. თუ, სადმე არსებობს, უჩემოდაც განისჯებიან, აგერ ღმერთი მაღლიდან დაგვყურებსო და ის იყოს ჩვენი მოსამართლეო“.
მეც მამას დავემსგავსე, მაგრამ მაინც გაოცებული ვარ მათი აღვირახსნილი ბოროტებით. პატიებაც არაფრად მიიჩნიეს, ისევ განაგრძობენ უზნეობას.
– მოთხრობები და ნოველები…. უკვე ერთი კრებული გამოეცით. პერსონაჟებიდან რომელს გამოარჩევდით?
– 2021 წელს გამოვიდა ჩემი მოთხრობების პირველი კრებული „ადრიან შემოდგომაზე“. ყველა მოთხრობა თუ ნოველა აერთიანებს კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანეს და უპირველეს გრძნობას – სიყვარულს, არა მხოლოდ ადამიანების – ქალების, ბავშვების, მოხუცების, ნაცნობების თუ ვიღაც უცხო გამვლელების მიმართ, არამედ, ესაა სიყვარული ყველასა და ყველაფრის მიმართ: ბალახების, ხეების, ჩიტების, მთების, მდინარეების, სახლის, შინაური ცხოველების, წარსულის, ვერშესრულებული ნატვრის, ამაო გრძნობის და ა.შ.
გამორჩეულად მიყვარს მოთხრობა „დაბრუნებული ქვევრები“. მთავარი პერსონა, ქიზიყელი ინტელიგენტი კაცია, ოჯახის თავკაცი. ძველი სახლი გაყიდა და ახალი აიშენა, ყველაფერი მოაწესრიგა და მერე მოაგონდა ძველ სახლში წინაპართა სახსოვარი, მამა-პაპის ნაფერები ქვევრები რომ დატოვა. მიხვდა, რომ გული იმ ქვევრ-მარანში დარჩენოდა, არა და არ მოასვენა მამა-პაპის ძახილმა, დანაშაული იგრძნო მათ წინაშე. ამ დანაშაულმა გააწამა და გააჯიქა. სულიერად გაძარცვა, სიამაყე დაუკარგა, თავმომწონეობაც, სიმაღლიდან დაცურდა და ღრანტებში ჩავარდა.
ბევრი იბრძოლა ამ ქვევრების დასაბრუნებლად, რადგან ძველი სახლის მეპატრონე უარს ამბობდა. ძლივს დაითანხმა, გადმოიტანა ახალ სახლში და ქვევრების ჩასაგდები ორმოებიც ამოჭრა. მუშაობის პროცესში გაახსენდა შვილის ნათქვამი სიტყვები „პაპის ქვევრების ღვინო როდის უნდა დავაჭაშნიკოთო“? – შოლტივით გადაუკრა.
მუშაობის პროცესში ოცნებობს, როგორ ჩამოვლენ ქალაქიდან შვილები და შვილიშვილები, როგორ გაახარებენ, როგორ ჩაამწკრივებს ქვევრის პირზე გუგულებივით, როგორ გაალიცლიცებს წინაპრების ბაგედამდნარ ჯამს ღვინით და პირველ სადღეგრძელოთი მათ დალოცავს, სახელოვან, ჭკვიან ქართველობას, რომლებმაც დიდი სიყვარული ასწავლეს, სიყვარული მოყვრისა, ქართული ქვევრ-მარნისა, ჯადოსნური ვაზისა, მაცოცხლებელი ცისა და მიწისა. მერე დაბრუნებულ ქვევრებს ადღეგრძელებს. ხუმრობა საქმე როდია, ნანატრი ქვევრები დაიბრუნა, გაჩენილი წყლული დაიამა. სული დაიმშვიდა და წინაპრების დატოვებული ტრადიციების უწყვეტ ჯაჭვს თავისი ჩასაბმელი რგოლი ჩაამაგრა.
– შთაგონებებს რა გაძლევთ წერისას?
– შთაგონებებს მაძლევს წუხილი, შფოთვა დღევანდელი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე. ბევრი რამ გადაფასდა, ტრადიციები, ზნეობრივი ღირებულებები, მოიშალა ზღვარი ოჯახში, მეგობრებში, მეზობლობაში, სამსახურში, დაძმობაში, ცოლქმრობაში, სიყვარულში და ბოროტებაში.
ჩვენ, ქართველებმა ვიცით ამ სიტყვების ფასი: „მიხვედი ზღვრამდე? შეჩერდი“.
ვფიქრობ იმაზე, რომ ბევრ უსამართლობას ვეჯახებით ცხოვრების გზაზე. იქნებ ჩემმა კარგმა მოთხრობამ უჩვენოს სწორი გზა მომავალ თაობას, დააფიქროს.
– თუ აგრძელებთ ისევ ქიზიყური სიტყვების შეგროვებას?
– ყოველთვის ყურადღებით ვუსმენ მოსაუბრეს, ყურები დაცქვეტილი მაქვს, იქნებ რაიმე საინტერესო სიტყვა წამოსცდეს, რასაკვირველია, ძველკობური.
– დაჯილდოებული ხართ იაკობ გოგებაშვილის მედლით. როგორია თქვენი დამოკიდებულება ჯილდოების მიმართ?
– ჩემთვის მიუღებელი იყო და დღესაც ასეა. ვაკეთებ იმას, რისგანაც დიდ სიამოვნებას ვიღებ. მთავარია ჩემი შესრულებული საქმიანობიდან, ჩემი ცხოვრებით და შექმნილი მოთხრობებით თუ წიგნებით მე ვიყო ბედნიერი. თუმცა, როცა გაფასებენ, გაღიარებენ, ეს ორმაგად სასიხარულოა და ბედნიერებაა.
– ქიზიყი თქვენი მშობლიური მხარეა. დღევანდელობაში რა მოგწონთ და რაზე შეგტკივათ გული?
– შეიძლება ყველაფერი გაკეთდეს, სოფელი გალამაზდეს, მოწესრიგდეს, მაგრამ მთავარი მაინც
ურთიერთობის კულტურაა, თითქოს გაცივდა, სითბო დაიკარგა, თავის ნაჭუჭში შეიკეტნენ ახალგაზრდები, ტოვებენ სოფელს, ძალიან შეიცვალნენ ადამიანები, მათი მიდგომები, ზნეობისადმი, ოჯახში, სამსახურში, სამეგობროში, სამეზობლოში და თვით საკუთარი ქვეყნის (სამშობლოს) მიმართაც კი.
ყველაზე ძალიან რაც მაწუხებს, ეს მიგრაციაა, არ მინდა დაცარიელებული სოფელი ვნახო.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– როცა ჩემი მოთხრობების კრებული გამოვიდა ის-ის იყო, რომ ქიზიყური სიტყვის კონის დამამთავრებელი სამუშაოები უნდა მეწარმოებინა. რასაკვირველია, ორ საქმეს ერთად უკვე ვერ შევძლებდი, მაინც არ შემიწყვეტია მოთხრობების შექმნაზე ფიქრი. რვეულში ვაკეთებდი მონახაზებს, თუ რამე საინტერესო ამბავს ან ფრაზას გავიგებდი. დღეს თავისუფალი ვარ, ცოტას დავისვენებ და ისევ დავბრუნდები ჩემს მუზათა საუფლოში.
– სამომავლო გეგმები.
– ცხოვრების დასასრულს ვუახლოვდები, თუ დამაცდის განგება, ალბათ ისევ ლამაზი და შინაარსიანი მოთხრობების შექმნას დავუთმობ დარჩენილ წლებს.
თამარ შაიშმელაშვილი