თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სამ პირს – გიორგი მიქაძეს, გიორგი კაჭკაჭაშვილს და მამუკა ბაღდავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ლელა მარიდაშვილის გადაწყვეტილებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეეფარდათ გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძესაც, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის საქმეზე დაკავებულთა წინააღმდეგ ყველაზე მძიმე აღკვეთოს ღონისძიების გამოყენებას შეეხებოდა.
პროკურატურა დასაბუთებაში აღნიშნავდა, რომ არსებობდა ახალი დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატი ბრალდებულის გათავისუფლებას 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, 30 000 ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა გიორგი ჯოხაძის ადვოკატმა, რაც შეეხება გიორგი და დავით მიქაძეებს, ადვოკატმა გიორგი მიქაძის გათავისუფლება მოსამართლეს 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შესთავაზა.
თავის მხრივ, დაცვის მხარის მტკიცებით, არ არსებობს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაკავებულების წინააღმდეგ, გარდა პოლიციელის ჩვენებისა.
საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 6 ოქტომბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით 17 მარტს დააკავეს გელა უძილაური.
მომხდარიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე დააკავა. გარდა ამისა, ძებნა გამოცხადდა გიორგი ჯოხაძესა და დავით მიქაძეზე.