„ყვითელჟილეტიანების“ აქციის გამო, საფრანგეთში დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო (ფოტოკოლაჟი)

პარიზი და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. დღეს საფრანგეთის დედაქალაქში და კიდევ რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ აქცია იმართება.
დღეს, პარიზში მუზეუმები, ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მაღაზიები და რესტორნები არ იმუშავებს. თეატრებმა დაგეგმილი სპექტაკლები გააუქმეს. გაუქმებულია კიდევ სხვა დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი.
გარდა ამისა, გადაიდო, PSG-Montpellier საფეხბურთო მატჩი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო.
მაღაზიის მეპატრონეები საფრანგეთის პოლიციას მოუწოდებენ, რომ დაიცვან მათი საკუთრება.
„ჩვენ მზად ვართ“ – აცხადებს პოლიციის პრეფექტი
მიშელ დელპეკი.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში, უკვე მეოთხე შაბათი – კვირაა პარიზსა და რამდენიმე ქალაქში ადგოლობრივი მოსახლეობა ე.წ. „ყვითელი ჟილეტების“ აქციას მართავს.
თავდაპირველად, აქციის მონაწილეები საწვავზე ფასის მატებას აპროტესტებდნენ. ბოლო წლის განმავლობაში საფრანგეთში დიზელის ფასი 23 პროცენტით, ხოლო ბენზინი 15 პროცენტით გაძვირდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებით კი, 2019 წლის პირველი იანვრიდან ფასები კიდევ ერთხელ უნდა გაძვირებულიყო.
თუმცა, მოგვიანებით მომიტინგეებმა ხელისუფლებას სხვა მოთხოვნებიც წაუყენეს. აქციის მონაწილეები ახლა უკვე ხელფასებისა და პენსიების, ასევე სოციალური დახმარების მატებას ითხოვენ. ისინი პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადადგომასაც ითხოვენ.
აქციები თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით დაპირისპირებებში გადაიზარდა. აქციების მონაწილეები ბარიკადებს აშენებდნენ, წვავდნენ ავტომობილებს. მათ ჩაამტვრიეს მაღაზიების მინები. ერთ-ერთი აქციის დროს დაზიანდა ტრიუმფალური თაღი.
აქციების დროს დაიღუპა ოთხი და დაშავდა ასობით ადამიანი.
დღევანდელ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ქვეყნაში მცხოვრებ და ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს და აფრთხილებს:
„საფრანგეთში მცხოვრებ ან ტურისტული მიზნით მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 8 დეკემბერს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში დაგეგმილია ე.წ. ყვითელჟილეტიანების საპროტესტო აქციები. გთხოვთ, მოერიდოთ მომიტინგეთა თავშეყრის ადგილებს და თვალყური ადევნოთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გადმოცემულ ინფორმაციას.
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომერზე: +33783318689“, – აღნიშნულია საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები