middle Easte Institute: პარტნიორების დახმარებით, საქართველომ უნდა გააგრძელოს აქცენტირება თავისი ტერიტორიების დაცვის შესაძლებლობებზე
„კავკასიის ახალი გეოპოლიტიკური რეალობა: საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის გადაფასება” – ამ სათაურით middle Easte Institute აქვეყნებს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის საზღვრისპირა ევროპის ინიციატივის მკვლევარის, ფილოსოფიის დოქტორის მამუკა წერეთლის სტატიას.
როგორც ავტორი წერს, ზემო ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო კონფლიქტის შედეგმა სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური რეალობა გარდაქმნა, რამაც გავლენა იქონია შავი ზღვის ან კავკასიის ფართო რეგიონზე.
„ომმა აჩვენა, რომ ძალოსნური პოლიტიკა ცოცხალია და კარგადაც არის. მან ასევე ცხადყო, რომ ძალთა დიდი თანხმობა (ამ შემთხვევაში რუსეთი და თურქეთი მყავს მხედველობაში), აზერბაიჯანის მსგავს მცირე მოთამაშეებს ეროვნული მიზნების სამხედრო გზით მეტად ეფექტურ მიღწევას უფრო შეაძლებინებს, ვიდრე დიპლომატიური საშუალებებით. სამხედრო კონფლიქტში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით რუსეთმა გარკვეული გავლენა მოიპოვა აზერბაიჯანზე და იმავდროულად კიდევ უფრო გაზარდა უსაფრთხოების ნაწილში სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე. თურქეთი ახლა უფრო დიდ როლს თამაშობს კავკასიის საქმეებში, თუმცა მას უკვე აღარ მიიჩნევენ რეგიონში დასავლეთის ინტერესების გამტარ არხად. ის ახლა უკვე საკუთარ ინტერესებს წარმოადგენს ისე, როგორც ეს პრეზიდენტ ერდოღანს და მის ადგილობრივ მოკავშირეებს ესმით” – წერს მამუკა წერეთელი.
მისივე თქმით, ყოველივე ამის შედეგად, ახალ სტატუს-კვოს ვიღებთ სამხრეთ კავკასიაში, სადაც სხვადასხვა მოთამაშე სხვადასხვა გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე იმყოფება.
„საქართველოზე მრავალნაირ გავლენას იქონიებს ამ ომის შედეგი და მას სტრატეგიის შემუშავება დასჭირდება ახალ რეალობასთან მოსარგებად. მასში გათვალისწინებული უნდა იყოს კონფლიქტში აქტიურად ჩართული მხარეების მიერ მიღებული სარგებელი და დანაკარგები, ისევე როგორც მოვლენათა კონფლიქტის შემდგომი განვითარება. აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი სამხედრო გამარჯვება და ტერიტორიული სარგებელი იქონია. ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე ოდესმე იმედოვნებდა მოლაპარაკებების მაგიდასთან მიეღწია. მთიანი ყარაბახის გარეთ შვიდი რეგიონი, რომლებიც ადრე სომხეთის მიერ იყო ოკუპირებული, აზერბაიჯანის კონტროლს დაუბრუნდა. ეს მოიცავს სამხრეთით აზერბაიჯანისა და ირანის საზღვრის მთელ სიგრძეზე და სომხეთსა და მთიან ყარაბახს შორის არსებულ რეგიონებს, რუსეთის სამშვიდობოების კონტროლქვეშ მყოფი 5-კილომეტრიანი სიგანის სატრანსპორტო დერეფნის – ე.წ. ლაშინის დერეფნის გარდა. საბჭოთა დროში მთიანი ყარაბახის ავტონომიური ოლქის დაახლოებით ერთ მესამედიც აზერბაიჯანის კონტროლს ქვეშ მოექცევა. მათ შორისაა ორივე მხარისთვის უდიდესი სამხედრო, კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობის მქონე შუასაუკუნეების ციტადელი ქ. შუშა. ეს სამხედრო წარმატება პრეზიდენტ ალიევს დაეხმარება კიდევ უფრო მეტად მოახდინოს ადგილობრივად ძალაუფლების კონსოლიდაცია და მეტი პატივისცემა მოიპოვოს საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით შავი ზღვის ან კავკასიის ფართო რეგიონში, სადაც ძლიერი მმართველები მეტ პატივისცემას ოდითგანვე იმსახურებდნენ” – წერს ავტორი.
ამავდროულად, მამუკა წერეთლის თქმით, აზერბაიჯანის წარმატება უფასო არ არის.
„აზერბაიჯანს დათანხმება მოუწია რუსეთის სამხედროებისთვის თავისი სუვერენული უფლებების ნაწილის დელეგირებაზე დე-იურე აზერბაიჯანული ტერიტორიის ზოგიერთ მონაკვეთზე. ზედა ყარაბახის უმეტესი ნაწილი სომხეთის კონტროლს ქვეშ დარჩება, რასაც რუსეთის სამშვიდობო ძალები უზრუნველყოფენ. ლაჩინის გავლით სომხეთიდან ყარაბახის სომხეთის-მიერ-კონტროლირებულ ტერიტორიებზე გასასვლელი გზაც რუსეთის კონტროლს ქვეშ იქნება. ამასთანავე, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის 9 ნოემბერს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტია რუსეთის ფედერაციის უშიშროების სამსახურის (ФСБ) მესაზღვრეები იქნებიან პასუხისმგებელნი სომხეთის გავლით აზერბაიჯანიდან ნახჩევანისკენ მიმავალი გზის უსაფრთხოებაზე. შეთანხმება არ აკონკრეტებს ამ ძალების რიცხოვნობას და მოქმედებების სპეციფიკას.
რუსეთის სამხედროების ჩართულობის ყველა ეს ელემენტი არის რუსეთის ფედერაციის მიერ მიღებული სარგებელი, ხოლო აზერბაიჯანის მხარის კომპრომისი. ამ გადაწყვეტილების გეოპოლიტიკური შედეგები ჯერ არ გამოვლენილა და არ გაცნობიერებულა. ამასობაში, აზერბაიჯანს ამ ეტაპზე აშკარად სურს რუსეთთან მუშაობა იმის მისაღწევად, რასაც პრიორიტეტულ ეროვნულ მიზნად მიიჩნევს. ეს საკმაოდ მკაფიო სიგნალს უგზავნის ყველას რუსეთის პოზიციის შესახებ: კონფლიქტში უკეთესი შანსები იმას აქვს, ვინც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა რუსეთთან. ეს კი ეწინააღმდეგება დასავლეთის მცდელობას მედიაციის ნაწილში, რამაც ვერანაირი აზრიანი შედეგი ვერ მოუტანა აზერბაიჯანს სამი ათწლეულის განმავლობაში” – ნათქვამია სტატიაში.
ავტორის აზრით, ყოველივე ამის შედეგად, რუსეთი არის ომის შედეგით მოსარგებლე, რაც არც გაზვიადებად უნდა იქნეს მიჩნეული და არც მისი უგულვებელყოფა შეიძლება. ახლა ის უკვე დაუბრუნდა არბიტრისა და მშვიდობისმყოფლის როლს აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტში. მომავალში არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს სტატუს-კვო კვლავ შეიცვალოს მისივე გადაწყვეტილებით.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ კონფლიქტში მშვიდობისმყოფლის როლით და აუცილებელი ლოგისტიკური/მიწოდების ხაზების გახსნით რუსეთი გრძელვადიან სამხედრო პლაცდარმს იქმნის რეგიონში.
სამხედრო დამარცხებამ მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური დაძაბულობა გამოიწვია სომხეთში. მან დაასუსტა ქვეყნის რეფორმატორულად განწყობილი ხელმძღვანელი რგოლი, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის მეთაურობით, რომელიც ქვეყნის სათავეში მოვიდა პრეზიდენტ პუტინის მეტად საძულველი ფერადი რევოლუციის წყალობით. იმ დოზით, რითაც სომხეთის ლიდერი შეიძლება დამოუკიდებელ მოაზროვნედ იქნეს მიჩნეული რუსეთთან მიმართებით, ფაშინიანი ასეთად და უფრო დასავლეთისკენ გადახრილად იყო აღქმული მისი წინამორბედებისგან განსხვავებით. მისთვის სომხეთის უსაფრთხოების ინტერესებში რუსეთის როლის შეხსენება არის ალბათ ამ კონფლიქტზე რუსეთის მოთოკილი და ნელი რეაგირების განმარტება.
ამასობაში თურქეთი კიდევ უფრო დაშორდა დასავლეთის ინტერესების გამტარის როლს და სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის ან კასპიის ფართე რეგიონში თავის სუვერენულ ინტერესებს მისდევს, რითაც არსებითად უგულვებელყოფს დასავლელი პარტნიორების მოსაზრებებს.
თურქეთი ძალიან ბედნიერია ომის შედეგით, რაც პრეზიდენტმა ერდოღანმა არაერთხელ განაცხადა. თუ შეთანხმების ყველა პუნქტი შესრულდება, თურქეთი შეიძლება უფრო მოკლე გზით დაუკავშირდეს აზერბაიჯანს სომხეთის გავლით, რამაც სავარაუდოდ ურთიერთობის ნორმალიზება შეიძლება გამოიწვიოს და საზღვრები სომხეთთანაც გაუხსნას, რაც კარგა ხანია ერდოღანის ერთერთი მიზანია. ამ ინტერესების გამო, თურქეთი ალბათ არც არის დიდად შეწუხებული აზერბაიჯანში რუსეთის სამშვიდობოების ყოფნით” – წერს ავტორი.
მამუკა წერეთლის აზრით, ეს ომი და სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის გაფორმებული სამმხრივი შეთანხმება დასავლეთის მთავარი დიპლომატიური მარცხია.
შეერთებული შტატებისა და ევროპის, ისევე როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მონაწილეობის გარეშე მოლაპარაკებების წარმოების პროცესი და სამშვიდობო შეთანხმების ასპექტები ცხადყოფს, რომ კონფლიქტების მოგვარების საერთაშორისო ჩარჩო სისტემა ჩანაცვლდა დე-ფაქტო თურქეთ-რუსეთის ფორმატით. კონფლიქტზე პასუხისმგებელი ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები – საფრანგეთი და შეერთებული შტატები – სრულიად იგნორირებულნი იყვნენ ჯგუფის მესამე თანათავმჯდომარე რუსეთის მიერ, როდესაც შეთანხმების ორგანიზება და ხელმოწერა ხდებოდა. დასავლეთი და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის იგნორირება თურქეთმა მოახდინა, რომელიც აზერბაიჯანს უჭერდა მხარს ალიანსში მის პარტნიორებთან კონსულტაციების გარეშე. რუსეთის სამეზობლოში დასავლელი ინსტიტუტების მილევადი როლი რუსეთის პრიორიტეტებს მიეკუთვნება აწ უკვე ორ ათწლეულზე მეტია” – ნათქვამია სტატიაში.
აქვე ავტორი აღნიშნავს, რომ ყველა ამ ფაქტორს მივყავართ საქართველოს სამეზობლოში ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებამდე, რაც თავის მხრივ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევას უქმნიან ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ყველაზე აშკარაა რეგიონში რუსეთის სამხედროების გაზრდილი არსებობა. დიდი გეოპოლიტიკური შედეგების გარდა, ამას სამხედრო და უსაფრთოების განზომილებებში უშუალო გავლენა ექნება საქართველოზე. რუსეთის სამშვიდობოებს ლოგისტიკური მხარდაჭერა დასჭირდება. საქართველო შეიძლება წნეხის ქვეშ აღმოჩნდეს და რუსეთის სამხედრო მარაგების მიწოდებისთვის მოუწიოს საჰაერო და სახმელეთო გზები გახსნას. საქართველოს უკვე თხოვეს საჰაერო სივრცის გახსნა 10 და 11 ნოემბერს რუსეთის სამშვიდობოების ტრანსპორტირებისთვის, როგორც კი სამმხრივი სამშვიდობო შეთანხმება იქნა ხელმოწერილი. ოფიციალური განცხადების თანახმად, საქართველოს თხოვნით სომხეთისა და აზერბაინის მთავრობებმა მიმართეს, რათა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებს გადაფრების შესაძლებლობა ჰქონოდათ. საქართველომ პოლიტიკა უნდა შეიმუშავოს სამომავლოდ ამგვარი თხოვნებისთვის.
მეორე შესაძლო გამოწვევა იქნება აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სომხეთის გავლით პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის დაგეგმილი გახსნაა, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს გავლით განხორციელებულ ტრანზიტზე. ბუნებრივია, შეთანხმების ამ ელემენტის განხორციელებას დრო, ინვესტიციები და პოლიტიკური ნება დასჭირდება, თუმცა საქართველო მზად უნდა იყოს მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის.
შემდეგი გამოწვევა იქნება რუსეთის მხრიდან აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებაზე წნეხის გაზრდა, რათა მათ რუსეთის მიერ დე-ფაქტო სამხედრო ოკუპაციის პირობებში მყოფ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული გავლენები დათმონ. ყარაბახის მაგალითზე აფხაზებმა და სხვებმა დაინახეს, რომ რუსეთს დიდი შოლტი და ძალიან პატარა სტაფილო უჭირავთ ხელში სრულად დამოკიდებული „მოკავშირეებისთვის”. არც არის გასაკვირი, რომ აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერი პრეზიდენტ პუტინს 12 ნოემბერს შეხვდა და საუბარი დაიწყო მრავალ დათმობაზე, რაც ადრე მიუღებელიც კი იყო აფხაზეთის ხელისუფლებისთვის. საუბარი სხვა საკითხებს შორის შეეხებოდა მეტ ეკონომიკურ ინტეგრაციას, რუსების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების საკუთრების უფლებებს და სხვ. ეს დათმობები გაამარტივებს რუსეთის ფედერაციის მიერ რეგიონის დე-ფაქტო ანექსიას.
ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ამ და სხვა გამოწვევებზე – მათ შორის ახალი კორონავირუსისა და მის ამჟამინდელ ან მოსალოდნელ უარყოფით ეკონომიკურ ეფექტზე – რეაგირებისას მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გადააფასოს და ხელახლა განსაზღვროს მისი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია და სტრატეგია. ქმედითი მექანიზმები უნდა შეიქმნას სტრატეგიის განსახორციელებლად. საუკეთესო სცენარი იქნება ეროვნული მიზნების გააზრებისას ახალი რეალობის გათვალისწინება, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ძირითადი პრინციპების განსაზღვრა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში, სადაც განისაზღვრება მისი განხორციელებისთვის საჭირო რესურსები და საორგანიზაციო მექანიზმები.
უსაფრთხოების პრიორიტეტად უნდა დარჩეს ევროკავშირსა და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია მრავალეროვნულ ფორმატში, ასევე უსაფრთხოების სფეროში მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან – შეერთებულ შტატებთან და შავი ზღვის სამეზობლოში თურქეთთან, უკრაინასა და რუმინეთთან – ორმხრივი კავშირების გაღრმავება. თუმცა, აუცილებელია გავიაზროთ რამდენად შორს წავა გარედან მხარდაჭერა და არც მოლოდინის გაზვიადება უნდა მოხდეს, როდესაც საქართველო საერთაშორისო პარტნიორებისგან მაქსიმუმის მიღებას შეეცდება. პარტნიორების დახმარებით საქართველომ უნდა გააგრძელოს აქცენტირება თავისი ტერიტორიების დაცვის შესაძლებლობებზე და მოწინავე, უფრო ქმედითი და ხარჯთეფექტიანი თავდაცვითი ტექნოლოგიებისა და იარაღის შეძენაზე.
მყარი უსაფრთხოების მიზნებისთვის ეს აქცენტი უნდა გამყარდეს გააზრებული თანამშრომლობით რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ევროპის შავი ზღვისა და კასპიის დაკავშირებადობაზე. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ და აზერბაიჯანმა იგივე დონის გაგებას და თანამშრომლობას მიაღწიონ ტვირთების საერთო ტრანზიტის საკითხებზე, რაც ადრე ჰქონდათ და გააგრძელონ ენერგიის სატრანზიტო ინფრასტრუქტურის განვითარება. საქართველომ მეტად პროაქტიული პოზიცია უნდა იქონიოს ამ პროცესში.
შიდა განვითარებისთვის პრიორიტეტად უნდა იქნეს მიჩნეული სტრუქტურული რეფორმები, რასაც სახელმწიფოს როლის შემცირება შეეძლება ეკონომიკაში და საქართველოს მოქალაქეებს დაეხმარება შემოქმედებითი მეწარმეობის პოტენციალის რეალიზებაში. გლობალურ კრიზისთან გამკლავებისას სახელმწიფო აქტივების პრივატიზაცია ერთადერთი გზაა იმისათვის, რომ საქართველომ მიიზიდოს საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალი და პასიური სახელმწიფო აქტივები პროდუქტიულად აქციოს.
დაბოლოს, ეროვნული ჯანდაცვა ინტეგრირებული უნდა იყოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში, რათა არა მხოლოდ არსებულ გამოწვევებთან გამკლავება მოხდეს, არამედ ასევე განვითარდეს შესაძლებლობები სამომავლოდ ადგილობრივი, რეგიონალური ან გლობალური კრიზისების სამართავად. საქართველოს ბუნებრივი გარემო და ადამიანური კაპიტალი გააჩნია (საქართველოში და უცხოეთში) იმისათვის, რომ იქცეს ჯანდაცვის გლობალურ ცენტრად ლხინშიც და ჭირშიც. თუმცა, ეს მხოლოდ სწორი კონცეფტუალური იდეებით, აქცენტირებული სტრატეგიითა და შესაბამისი რესურსებით შეიძლება მოხდეს.
შიდა პოლიტიკური სტაბილურობა და ინტელექტუალური, საორგანიზაციო, ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და დიპლომატიური რესურსების სრული მობილიზაცია აუცილებელი წინაპირობაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წარმატებით დაგეგმვისთვის მომავალ რამდენიმე ძალიან რთულ წელზე გათვლით” – ნათქვამია სტატიაში.
ფილოსოფიის დოქტორი მამუკა წერეთელი არის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის საზღვრისპირა ევროპის ინიციატივის არარეზიდენტი მკვლევარი. ამ ნაშრომში გაჟღერებული აზრები ეკუთვნის ავტორს.