“გერმანიაში, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის საფრთხეში აღმოჩენისას, სამართალდამცავები უფლებამოსილები არიან, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა აუცილებელი საშუალება”
კომპანია “მაგთიკომის” ყოფილი პრეზიდენტი დევიდ ლი ფეისბუქის პირად გვერდზე 20-21 ივნისის მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმიანება.
დევიდ ლი აღნიშნულთან დაკავშირებით ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
“ჩემი აზრით. საქართველოში არსებულ ვითარებაზე სამკვირიანი დაკვირვების შედეგ, გადავწყვიტე, 20-21 ივნისს, თბილისში მომხდარი მოვლენების შესახებ ჩემი აზრი დამეწერა.
ეს უკვე ჩემი მეორე გამოხმაურებაა ამ თემაზე.
უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების რთული ისტორიის ფონზე, უკმაყოფილება, რომელიც დემონსტრანტებმა გამოხატეს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლის დაკავებასთან დაკავშირებით, სრულიად გასაგები იყო. თუმცა, საღამოს 10 სთ-ის შემდეგ, მშვიდობიანი დემონსტრაცია, პოლიციის ოფიცრების და სახელმწიფო ინსტიტუტის – პარლამენტის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში გადაიზარდა. დღეს მთავარ კითხვას წარმოადგენს, ის თუ რამდენად ლეგიტიმური და მართლზომიერი იყო სამართალდამცავების მხრიდან ძალის გამოყენება. ჩემი აზრით, 20 ივნისს, პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეების დაშლა ლეგიტიმური იყო, რადგან ისინი პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. თუმცა, ჩემი რჩევაა, რომ პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების თითოეული, ცალკეული ფაქტის დეტალური გამოძიება უნდა მოხდეს.
ახლა მსურს განვიხილო, თუ რა მოხდებოდა დასავლეთ ევროპის ქვეყნაში 20 ივნისის მსგავსი მოვლენა რომ მომხდარიყო?
1) უპირველეს ყოვლისა, რთული წარმოსადგენია, რომ აქციაზე შეკრებილებს გაებედათ და პარლამენტზე ან სხვა რომელიმე სახელმწიფო უწყებაზე იერიში მიეტანათ. მაგრამ, თუკი მსგავსი რამ მაინც მოხდებოდა, დემონსტრანტები გაცილებით უფრო მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდებოდნენ, ვიდრე ეს 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირზე მოხდა.
მაგალითისათვის, მოვიყვან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას, სადაც გამოსვლებისა თუ დემონსტრაციების ჩატარების ადგილი მკაცრად განსაზღვრულია. დაუშვებელია დემონსტრაციების ან საჯარო შეკრებების ჩატარება საკანონმდებლო ორგანოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს სიახლოვეს, შინაგან საქმეთა მინისტრის წერილობითი ნებართვის გარეშე.
2) გერმანიაში, ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის საფრთხეში აღმოჩენის შემთხვევაში, სამართალდამცავები უფლებამოსილები არიან, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა აუცილებელი საშუალება. უკანასკნელი, თავის მხრივ, საპროტესტო გამოსვლების დროს, წარმოდგენილია საპოლიციო ძალების სხვადასხვა აღჭურვილობით, მათ შორის, პისტოლეტით.
3) სასჯელს თითოეული სამართალდამრღვევი დაექვემდებარებოდა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი იქნებოდა დაკავებულთა რაოდენობა. მაგალითად, 2011 წლის აგვისტოში, როცა გაერთიანებული სამეფოს რამდენიმე ქალაქში, მშვიდობიანი დემონსტრაციები აგრესიულ ქმედებებში გადაიზარდა, პოლიციის მიერ, მთლიანობაში, 3100-ზე მეტი სამართალდამრღვევი იქნა დაკავებული.
პირადი რჩევის სახით მსურს ავღნიშნო, რომ ნებისმიერ გარემოებაში, დაუშვებელია, სამართალდამცავების დელეგიტიმაცია, ვინაიდან, დემოკრატიის პირობებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის უპირველესი პრიორიტეტია, ხოლო თითოეული პოლიციელი კი იმ „თხელ ლურჯ ზღვარს“ წარმოადგენს, რომელიც მთლიანად საზოგადოების უსაფრთხოების გარანტიაა” – წერს დევიდ ლი.