ბოლნისის გამგებელი კომპანია ,,არემჯის” ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით შერაზადიშვილი კომპანია ,,არემჯის” ახალი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. კომპანია ,,არემჯიმ” ახალი პროექტის პრეზენტაცია სასტუმრო Holiday Inn-ში გამართა. პროექტის განხორციელება თეთრიწყაროშია დაგეგმილი. ბოლნისისა და დმანისის შემდეგ თეთრიწყარო იქნება მესამე მუნიციპალიტეტი, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტის ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელი კომპანია 500-ზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს. 2018-2022 წლებში, ამ პროექტის ფარგლებში, იგეგმება 30 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება. პრეზენტაციაზე ,,არემჯი” ჯგუფში შემავალი კომპანია ,,კავკასიის სამთო ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ 2013 წლიდან დღემდე გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისა და ჩატარებული კვლევების შესახებ წარადგინა ინფორმაცია. კომპანია ,,არემჯის” აღნიშნული პროექტის პრიორიტეტად, სხვა საკითხებთან ერთად, შემუშავებული აქვს პროექტის ფარგლებში საჭირო გარემოსდაცვითი ღონისძიებები. ასევე პროექტის განხორციელების პერიოდში იგეგმება გარშემო მდებარე ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსისა და ხულუტის ციხის შესაბამისი კვლევითი სამუშაოების ჩატარება და მონიტორინგის წარმოება.