გიორგი ცუცქირიძე: დღევანდელი ქართული ოპოზიციის ერთგვარი საფირმო ნიშანი პოლიტიკური ინტელექტის და კრეატივის ღრმა დეფიციტია
დღევანდელი ქართული ოპოზიციის ერთგვარი საფირმო ნიშანი არის პოლიტიკური ინტელექტის და კრეატივის ღრმა დეფიციტი, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ოპოზიციამ წარსულის გაცოცხლების გარდა ვერაფერი მოიფიქრა და ისევ კარვების პროტესტს მიმართავს.
„დღევანდელი ქართული ოპოზიციის ერთგვარი საფირმო ნიშანი არის პოლიტიკური ინტელექტის და კრეატივის ღრმა დეფიციტი. აშკარად მინავლებული საპროტესტო მუხტის გასაცოცხლებლად, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს გარდა წარსულის გაცოცხლებისა, ისიც კარვების სახით. როდესაც „ნაციონალების“ მმართველობისას ქართულმა ოპოზიციამ ე.წ. კარვების ქალაქის კონცეფცია დადო, რომლის თანამონაწილეც თავადაც გახლდით, მაშინ სიახლესაც წარმოადგენდა და საპროტესტო მუხტიც შედარებით დიდი იყო. სხვაგვარად რომ ყოფილიყო 6 თვეს უბრალოდ ვერ გაძლებდა.
როდესაც სხვას ვერაფერ ახალს ვერ სთავაზობ საზოგადოებას და საკუთარ ელექტორატს, გარდა პროტესტის ასეთი ფორმისა, ცოტა ხომ მაინც უნდა დაფიქრდე, რომ მოახლოებული ზამთრის და ახალი წლების წინ, პროტესტის მუხტი დროებით რომ ასწიო მაინც ვერ შეინარჩუნებ და დროშიც დაიწვები.
ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება ამ ფორმაციის ქართული ოპოზიციის მიმართ ისედაც ცნობილია, მაგრამ რასაც ჩვენ ვუყურებთ ამათი შესრულებით, არარევოლუციური ფეისებით, უკვე სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს!
თუ სააკაშვილის დროს მართლა უპრეცედენტოდ ხანგრძლივმა პროტესტმა შედეგი ვერ გამოიღო, და არც ეკონომიკა ჩამოშლილა, რისი იმედიც მაშინ ოპოზიციას ჰქონდა, რატომ ჰგონიათ, რომ 15 წლის შემდეგაც რაიმე ხელჩასაკიდ შედეგამდე მივლენ.
პირდაპირ გასაკვირია ამათი მიამიტობის და სიბეცის დონე, რომ პროტესტის ახალ ტალღაზე გადაყვანა, გააძლიერებს გარედან მხარდაჭერას და გაზრდის პრესინგს ხელისუფლებაზე. ძალზე საეჭვოა, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს და ახალ არჩევნებს დანიშნავს, თუნდაც დასავლეთის შიშით.
შეიძლება ითქვას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საგარეო პრესინგზე თავისებური იმუნიტეტიც კი გამოიმუშავა, და რამდენიც არ უნდა იძახონ არჩევნების „ტოტალურ გაყალბებაზე“, ყოველგვარი დოკუმენტალურად დასაბუთებული არგუმენტების გარეშე, არაფერი გამოვა, მით უმეტეს ბარიერგადალახულ არცერთ ოპოკოალიციას იმაზე მეტი პროცენტი არ აუღია, რაც მათივე დაკვეთილ კვლევებში ვნახეთ.
რომელ არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზეა საუბარი, როცა არჩევნები 2012 წელს სააკაშვილმა ვერ გააყალბა, თავისი რეპრესიული აპარატით, გაცილებით სუსტი ადმინისტრირების და საერთაშორისო კონტროლის პირობებში!
ოპოზიცია რეალობას არის აცდენილი და ცოტა ხანში საკუთარ ელექტორატს მორიგი დიდი იმედგაცრუების წინაშე დააყენებს, რადგან არ ითვალისწინებს მათთვისვე იმ მწარე რეალობას, რომ ხელისუფლებას ზურგს მოსახლეობის დიდი ნაწილი უმაგრებს“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.