„ამოსავალი წერტილი ალბათ ჩემი ხასიათია და ეს ფერებიც ძალიან ჩემია“ – მარინა ჯაფარიძის დასამახსოვრებელი ქართული მოტივები

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქსოვილების დიზაინის განხრით დაასრულა. მუშაობ ძირითადად გობელენზე.
ტრადიციული ხელობა მამისგან შეისწავლა, შემდეგ  კი სამხატვრო აკადემიაში განავითარა. ოსტატი თავის ნამუშვრებში ქართულ ორნამენტების საფუძველზე ქმნის  კომპოზიციებს.
ეწევ პედაგოგიურ მუშაობას კერძო სკოლაში და სამხატვრო სკოლაში. აქტიურად  მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენში. – მარინა ჯაფარიძის პერსონა.
 –  მხატვრის ოჯახში დაიბადეთ და ბავშვობიდან დაინტერესდით ხატვით და ხელოვნებით…
– მამაჩემი თენგიზ ჯაფარიძე პროფესორი, აკადემიკოსი იყო. ასწავლიდა სამხატვრო აკადემიაში. ამიტომ ბავშვობიდან მქონდა შეხება მხატვრობასთან.
– სამხატვრო აკადემია ქსოვილების დიზაინის განხრით დაამთავრეთ…
– ქსოვილების დიზაინი – მამაჩემის რჩევით  მიღებული გადაწყვეტილება იყო. სტუდენტობის წლები,  როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში,  საუკეთესო იყო. გვასწავლიდნენ  ცნობილი პედაგოგები. გობელენს გოგი ყანდარელი, ბატიკას  – ქალბატონი მედეა ჩიხლაძე.
– ქართული (ალბათ უფრო მეტად – ხევსურული?) ორნამენტის საფუძველზე ქმნით კომპოზიციებს – როგორც ქალის ფიგურებს, ისე თბილისის ხედებს, ნატურმორტებს… თქვენეული ხელწერაა…  წინასწარ იცით, რა ფერებში უნდა მოქსოვოთ თუ მუშაობის პროცესში იკვეთება, რა მოიქსოვება?
– ყველა ნამუშევარში ვცდილობ ქართული ორნამენტის გამოყენებას. ეს იმდენად ჩემეულია, თავისთავად მოდის მუშაობის პროცესში. ჯერ, რა თქმა უნდა, იქმნება კომპოზიცია და ამის შემდეგ უკვე ვხვდები, რა ფერებში უნდა წავიყვანო.
– შთაგონება…
– შეიძლება ქუჩაში დავინახო ადამიანი და მისი ერთი დეტალისგან, რომელმაც ყურადღება მიიქცია,  წამოვიდეს შთაგონება.
–   ერთი ნამუშევრის საინტერესო ამბავი…
– გამორჩეულად საინტერესო ამბავი არ ვიცი. ხშირად მიწევს თურქეთში ვორკშოპებზე სიარული. და იქ შექმნილ ნამუშევრებს გამოვყოფდი .საინტერესო იყო იქ მუშაობა.
– გემოვნებით შერჩეული ფერები სიცოცხლეს და სიხალისეს მატებს თქვენს ნამუშევრებს… ამოსავალი წერტილი ფერია?
– ამოსავალი წერტილი ალბათ ჩემი ხასიათია და ეს ფერებიც ძალიან ჩემეულია, ჩემშია.
– გაიმარჯვეთ არაერთ გამოფენაში…
–  ძალიან ბევრი ჯილდო მაქვს.
– გაქვთ ხანგრძლივი პედაგოგირი გამოცდილება…
– ვასწავლი ხატვას და ხელოვნებას კერძო სკოლაში და ასევე ხატვის სკოლა „გამოხატე”-ში ვარ ხატვის პედაგოგი. ძალიან მინდა გობელენი ვასწავლო, მაგრამ, სამწუხაროდ, დაინტერესება არ არის.
– როგორც ხელოვანი, რა პრობლემაზე გაამახვილებდით ყურადღებას?
– ხშირად უნდა ტარდებოდეს გამოფენები, რომ მხატვარმა მაყურებლამდე მიიტანოს თავისი სათქმელი. ასევე მოახდინოს  ნამუშევრის რეალიზება.
– ოჯახი…
მყავს ოჯახი.სამი შვილი და ორი შვილიშვილი.
– ჰობი
– ჩემი ჰობი არის ცურვა. სისტემატურად ვვარჯიშობ და ჩემს ცხოვრებაში  უმნიშვნელოვანესი ადგილს იკავებს.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ახლახან დავამთავრე გობელენი – „ძველი თბილისი” და დრო მჭირდება ნამუშევრიდან ნამუშევრამდე მოსაფიქრებლად. ყოველთვის მჭირდება შუალედი, დასვენება. მერე იწყება ისევ მონატრება და ვიწყებ ჩემს საყვარელ საქმიანობას – გობელენის ქსოვას.
– სამომავლო გეგმები…
– მინდა გამოფენის გაკეთება, მაგრამ ჯერ ვფიქრობ.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები